ინვესტორები ბევრ საკითხზე ვერ თანხმდებიან, მაგრამ ისინი ერთხმად მიიჩნევენ, რომ საფონდო ბირჟაზე ფულის გამომუშავება ხდება მტკიცე სტრატეგიით, რომელიც გარკვეულ წესებს ეფუძნება.
თუ ჯერ არ გაგაჩნიათ საკუთარი, საგულდაგულოდ შემუშავებული საინვესტიციო წესების კომპლექტი, მის შესაქმნელად შესაფერისი დრო სწორედ ახლაა. მაგალითისთვის კი გამოგადგებათ საინვესტიციო სამყაროში ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ამ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწიეს.
1. დენის გარტმანი — „გამარჯვებულებს“ აღმასვლის საშუალება მიეცით
დენის გარტმანი 1987-2019 წლებში აქვეყნებდა ყოველდღიურ საინვესტიციო ბიულეტენს სახელწოდებით „გარტმენის წერილი“. დენისი საზოგადოებას სთავაზობდა კომენტარებს კაპიტალის გლობალური ბაზრების შესახებ და მის საინვესტიციო ბიულეტენს ყოველ დილით თვალს ადევნებდნენ ჰეჯ-ფონდები, საბროკერო ფირმები, ერთობლივი საინვესტიციო ფონდები და სავაჭრო ფირმები მთელი მსოფლიოდან. დენის გარტმანი წარმატებული ტრეიდერიც არის და იგი პენსიაზე გასვლის შემდეგაც კი აგრძელებს ფინანსური ბაზრების შესახებ კომენტარების გაკეთებას.
„იყავით მომთმენი მომგებიანი გარიგებების მიმართ; იყავით ძალიან მოუთმენელი წამგებიანი გარიგებების მიმართ. გახსოვდეთ, რომ სავსებით შესაძლებელია ტრიდინგისას/ინვესტირებისას დიდი თანხების გამომუშავება, თუ „მართალი“ ვართ შემთხვევების მხოლოდ 30%-ში, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ზარალი მცირეა, ხოლო მოგება — დიდი“.
ზემოთ მოყვანილი ციტატა ახალგაზრდა ინვესტორების მიერ დაშვებულ შეცდომებს უსვამს ხაზს. 1. არ გაყიდოთ „გამარჯვებული“ აქცია პირველივე დიდი wაღმასვლისას — მას თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მიეცით; 2. დროულად გაყიდეთ „დამარცხებული აქციები“. ადამიანებისთვის, რომლებიც საფონდო ბირჟაზე ინვესტირებით არიან დაკავებულნი, როგორც წესი, მცირეოდენი ზარალი პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მათ დიდი მოცულობის ფულის დაკარგვის ფუფუნება არ გააჩნიათ.
როგორც დენის გარტმანი აღნიშნავს, აუცილებელი არ არის, რომ უმეტეს შემთხვევაში „მართალი“ აღმოჩნდეთ. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მომგებიან პოზიციებს აღმასვლის საშუალება მისცეთ, ხოლო წამგებიანი აქციები დროულად გაყიდოთ. თუ ამ წესს დაიცავთ, ხელსაყრელი გარიგებებით გამომუშავებული ფული ბევრად გადააჭარბებს ზარალს.
2. უორენ ბაფეტი — ჩაატარეთ კვლევა
უორენ ბაფეტი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინვესტორად ითვლება. როდესაც ბაფეტი საუბრობს, მსოფლიო ბაზრები მის სიტყვებზე დაყრდნობით მოძრაობს.
ლეგენდარული ინვესტორი ცნობილია Berkshire Hathaway-ის აქციონერებისთვის განკუთვნილი ყოველწლიური წერილებით, რომლებიც კოლეჯში, ასევე ყველაზე დიდ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ფინანსური განხრით სასწავლო მასალებად გამოიყენება.
„დაივიწყეთ ის, რაც ხელსაყრელი ბიზნესის შესანიშნავ ფასად ყიდვის შესახებ იცით; ამის ნაცვლად, შეიძინეთ შესანიშნავი ბიზნესი ხელსაყრელ ფასად.“
უორენ ბაფეტი კომპანიის შეფასებისას ორ ძირითად რჩევას გვაძლევს: ჯერ დააკვირდით კომპანიის ხარისხს, შემდეგ — ფასს. კომპანიის ხარისხის დადგენისთვის საჭიროა, რომ წაიკითხოთ ფინანსური ანგარიშგება, მოუსმინოთ საკონფერენციო ზარებს და გამოიკვლიოთ მმართველი გუნდი. ღირებულება მხოლოდ მას შემდეგ უნდა შეაფასოთ, რაც დაადგენთ, რომ თქვენ მიერ შერჩეული კომპანია ხარისხიანია.
3. ბენჟამინ გრეჰემი ჩადეთ ინვესტიცია „უსაფრთხოების მარჟის“ გათვალისწინებით
ბენჟამინ გრეჰემი იყო გავლენიანი ინვესტორი, რომლის მიერ ფასიანი ქაღალდების კვლევამ საფუძველი ჩაუყარა სიღრმისეულ ფუნდამენტურ შეფასებას, რომელიც დღეს, აქციების ანალიზისას, ბაზრის მონაწილეების მიერ გამოიყენება. მისმა ცნობილმა წიგნმა The Intelligent Investor მოიპოვა აღიარება, როგორც ფუნდამენტურმა ნაშრომმა ღირებულებაზე ორიენტირებულ ინვესტირებაში.
გრეჰემის კონცეფცია — „უსაფრთხოების მარჟა“ წარმოადგენს საინვესტიციო პრინციპს, რომელიც გულისხმობს ფასიანი ქაღალდების შეძენას მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მათ შინაგან ღირებულებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასი მნიშვნელოვნად დაბალია მისი შინაგანი ღირებულების თქვენეულ შეფასებაზე, ამ ორ სიდიდეს შორის განსხვავებას „უსაფრთხოების მარჟა“ ეწოდება. ეს სტრატეგია არა მხოლოდ ხელსაყრელი შესაძლებლობების აღმოჩენისა და გამოყენებისთვის, არამედ ინვესტიციის გაუფასურების რისკის შესამცირებლად გამოიყენება. ძალიან მარტივად რომ განვმარტოთ, გრეჰემის მიზანი იყო 1 დოლარის ღირებულების აქტივების ყიდვა 50 ცენტად. მას ეს გამოსდიოდა კიდეც, თან ძალიან კარგად.
გრეჰემისთვის ბიზნეს აქტივები შესაძლოა ღირებული ყოფილიყო მათი სტაბილური შემოსავლის უნარის ან უბრალოდ ლიკვიდური ფულადი ფასეულობის გამო. მაგალითად, გრეჰემისთვის უცხო არ იყო ინვესტირება კომპანიაში, რომლის ბალანსზე არსებული ლიკვიდური აქტივების ღირებულება (ყველა დავალიანების გარეშე) უფრო მაღალი იყო, ვიდრე მისი მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია (გრეჰემის მიმდევრებისთვის ეს შემთხვევა ასევე ცნობილია ტერმინით „net nets”). მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარულ ინვესტორს სხვა მრავალი მეთოდი ჰქონდა, ეს მისთვის ტიპურ საინვესტიციო სტრატეგიას წარმოადგენდა.
ამ კონცეფციის გათვალისწინება ინვესტორებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების სტრატეგიას შეუძლია მნიშვნელოვანი მოგება უზრუნველყოს მას შემდეგ, რაც ბაზარი დაუფასებელ აქციებს გადააფასებს და მის ფასს სამართლიან ღირებულებამდე გაზრდის. ის ასევე შეძლებს, დაგიცვათ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ისე არ წავა, როგორც დაგეგმილი იყო და თქვენ მიერ შერჩეული კომპანიის აქციების ფასი შემცირდება. გრეჰემის წარმატების ბირთვს ბიზნესის იმაზე იაფად შეძენა წარმოადგენდა, ვიდრე ის სინამდვილეში ღირდა. ლეგენდარულმა ინვესტორმა აღმოაჩინა, რომ ამ დაბალფასიანი აქციების შემდგომი კლება იშვიათად ხდებოდა.
გრეჰემი ეფექტიანი ბაზრების კონცეფციის მომხრე იყო. თუ ბაზარი ეფექტიანი არ არის, მაშინ ღირებულებაზე ორიენტირებულ ინვესტირებას აზრი ეკარგება, რადგან ამ მიდგომის ფუნდამენტური პრინციპი მდგომარეობს ბაზრის უნარში, საბოლოოდ აქციის ფასი მისი შინაგანი ღირებულების შესაბამისად დააკორექტიროს.
ბენჟამინ გრეჰემის აზრით, ინვესტორების ირაციონალურობის და სხვა ფაქტორების, მაგალითად, მომავლის პროგნოზირების შეუძლებლობისა და საფონდო ბირჟის რყევების გამო, ბაზარზე დაუფასებელი აქციების შეძენა ინვესტორს მოგების მიღების საშუალებას მისცემს. გრეჰემი, როგორც წესი, ყიდულობდა აქციებს, რომელთა საბაზრო ფასიც მათი შინაგანი ღირებულების ორ მესამედს შეადგენდა.
ბენჟამინ გრეჰემის თავდაპირველი ფორმულა, აქციის შინაგანი ღირებულების დასადგენად, ასე გამოიყურებოდა:
V = EPS × (8.5 + 2g)
ამ ფორმულაში:
V = შინაგანი ღირებულება;
EPS = კომპანიის მოგება თითო აქციაზე ბოლო 12 თვის განმავლობაში;
8.5 = ნულოვანი ზრდის მქონე აქციის P/E კოეფიციენტი;
g = კომპანიის გრძელვადიანი ზრდის ტემპი.
1974 წელს ეს ფორმულა გადაიხედა და მას დაემატა „4.4%“, რაც 1962 წელს კორპორატიული ობლიგაციების საშუალო შემოსავალს შეადგენდა და ასევე “Y”, რომელიც მიმდინარე წლისთვის კორპორატიული ობლიგაციების შემოსავალს აღნიშნავდა:
მიუხედავად იმისა, რომ გრეჰემის ბევრმა მოსწავლემ მიაღწია წარმატებას საკუთარი სტრატეგიების გამოყენებით, ყველა მათგანი იზიარებდა „უსაფრთხოების მარჟის“ მთავარ იდეას.
4. პიტერ ლინჩი — ჩადეთ ინვესტიცია ცოდნაზე დაყრდნობით
პიტერ ლინჩი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინვესტორია. იგი ფართოდ განიხილება, როგორც ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ყველაზე წარმატებული მენეჯერი. Fidelity Investments-ში კარიერის განმავლობაში, ლინჩი Magellan Fund-ის მენეჯერი იყო 1977-1990 წლებში და მისი მმართველობის 13 წლის განმავლობაში ფონდის საშუალო წლიურმა ანაზღაურებამ 29.2% შეადგინა.
გარდა ამისა, პიტერ ლინჩი რამდენიმე ყველაზე გაყიდვადი საინვესტიციო წიგნების ავტორია. მათ შორის არის 1989 წელს გამოცემული One Up on Wall Street, რომელმაც ინვესტორს დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა.
„საზოგადოება ფრთხილობს, როდესაც ყიდულობს სახლს, მაცივარს, მანქანას. ისინი საათობით მუშაობენ, რათა ორმხრივი ავიაბილეთისთვის $100 დაზოგონ და $5,000-ს ან $10,000-ს დააბანდებენ რაღაც სულელურ იდეაში, რომელიც ავტობუსში მოისმინეს. ეს ავანტიურაა და არა ინვესტირება. ეს არ არის კვლევა, არამედ — სრული სპეკულაცია“.
ადამიანები, რომლებიც აქციების შერჩევაში კარგი შედეგებით არ გამოირჩევიან სწორედ ისინი არიან, რომლებიც ამბობენ, რომ ბაზარზე თამაშობენ. ასეთი მიდგომით მოქმედებისას ადამიანს სურს მყისიერი სარგებლის მიღება, რაიმე სამუშაოს შესრულების გარეშე. სწორედ ასეთი ადამიანების შესახებ არის ზემოთ მოყვანილი ციტატა. ნაცვლად ამისა, პიტერ ლინჩი გვირჩევს: „ჩადეთ ინვესტიცია იმაში, რაშიც ერკვევით“.
5. ჩარლი მანგერი — შესანიშნავი შესაძლებლობები იშვიათად ჩნდება
ჩარლი მანგერი, ინვესტორი და ბიზნესმენი, ცნობილია უორენ ბაფეტთან წარმატებული თანამშრომლობით და საინვესტიციო სამყაროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით. როგორც Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარემ, ჩარლიმ კომპანიის საინვესტიციო ფილოსოფიისა და სტრატეგიის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ჩარლი მანგერი გასული წლის ნოემბერში, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. უორენ ბაფეტმა კი თავის ბიზნეს პარტნიორს პატივი შემდეგი სიტყვებით მიაგო: „Berkshire Hathaway ვერ მოვიდოდა დღევანდელ მდგომარეობამდე ჩარლის შთაგონების, სიბრძნისა და წვლილის გარეშე“.
რაც შეეხება ჩარლის საინვესტიციო მიდგომას, იგი გადაწყვეტილებების მიღებისას, ითვალისწინებდა შემდეგ ფაქტს:
„ცხოვრება შეუზღუდავი შესაძლებლობებით არ გვავსებს“.
შესაბამისად, მისი მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი საშუალო ან ცუდი საინვესტიციო იდეის აღმოფხვრა და ფოკუსირება მხოლოდ მათზე, რომლებიც მკაცრ შემოწმებას გაივლიდა.
ინვესტირებისას ჩარლი მანგერის მიდგომის ათვისება გულისხმობს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას იმ იშვიათ მომენტებში, როდესაც შესანიშნავი შესაძლებლობა ჩნდება.
ჩარლის ამ იდეას შესანიშნავად წარმოაჩენს უორენ ბაფეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამონათქვამი: „შესაძლებლობები იშვიათად მოდის. როდესაც ოქრო წვიმს, მოიმარჯვეთ სათლი და არა — სათითე“.
6. პრინცი ალვალიდ ბინ ტალალი — მოთმინება საკვანძოა
ალვალიდ ბინ ტალალი არის Kingdom Holding Company-ის დამფუძნებელი — ეს არის საუდის არაბეთის კონგლომერატი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტიციებს ახორციელებს სასტუმროებში, უძრავ ქონებასა და საჯარო კომპანიებში.
ალვალიდ ბინ ტალალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ინვესტორია, მისი ქონება ამჟამად $18.7 მილიარდს შეადგენს.
მისი მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოიცავს წილებს Four Seasons Hotel Ltd.-ში, Euro Disney-ში, Lyft-ში, Hotel George V-ში პარიზში და Savoy Hotel-ში ლონდონში. ის იყო X პლატფორმის (ყოფილი Twitter) და News Corporation-ის (Wall Street Journal-ისა და HarperCollins-ის მშობელი კომპანია) ერთ-ერთი პირველი ინვესტორი. ამასთან, 2018 წლის აგვისტოში მან $250 მილიონის მოცულობის ინვესტიცია ჩადო სოციალური ქსელის კომპანია Snap Inc.-ში.
ალვალიდ ბინ ტალალის მოთმინება გამოიცადა დიდი რეცესიის დროს, როდესაც მისმა ბევრმა ინვესტიციამ ძლიერი დარტყმა მიიღო.
„მე გრძელვადიან პერსპექტივაზე ვარ ორიენტირებული; გაყიდვებით არ ვარ დაკავებული“.
როდესაც სხვები აქციებს ყიდდნენ, ალვალიდ ბინ ტალალმა გააკეთა ის, რასაც ბევრი საუკეთესო ინვესტორი აკეთებს სიმდიდრის დასაგროვებლად — მან ინვესტიციები შეინარჩუნა. ინვესტორები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ სიღრმისეული კვლევა და მათ მიერ შერჩეული კომპანიების მომავლის მიმართ რწმენა გააჩნიათ, დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან თავიანთი გადაწყვეტილებების ერთგულნი. ასეთი ინვესტორები ბაზრის მრავალი კრიზისის გადალახვას ახერხებენ.
7. კარლოს სლიმი — შეინარჩუნეთ გრძელვადიანი ხედვა
კარლოს სლიმი არის ძალიან მდიდარი მექსიკელი ინვესტორი, რომელიც ცნობილია იაფად ყიდვისა და ძვირად გაყიდვის ხელოვნების დაუფლებით, ასევე მრავალფეროვანი საინვესტიციო პორტფელით. მან ეკონომიკური კრიზისების პერიოდში დიდი ფულის გამომუშავება მოახერხა.
მაგალითად, ცნობილი ინვესტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობა იყო პესოს კრიზისი 1980-იანი წლების დასაწყისში, ნავთობის ფასების მკვეთრ ვარდნასთან ერთად. ქვეყნიდან კაპიტალი გაედინებოდა და ამ პერიოდში რამდენიმე კომპანია შეიძინა ძალიან შემცირებულ ფასებად — ზოგიერთი მაგალითია Cigatam (ქვეყანაში სიგარეტის სიდიდით მეორე მწარმოებელი), Reynolds Aluminium, General Tire და Sanborns-ის მაღაზიათა ქსელი.
წარმატებული ინვესტორები არ არიან აწმყოზე მიჯაჭვულნი. ნაცვლად ამისა, ისინი კომპანიების ან მთელი ეკონომიკის შესწავლის შემდეგ, ინვესტიციას დებენ მომავალში. ისინი მუდამ წინდახედულები არიან.