გუშინ HubSpot-ის აქციების ფასმა თითქმის 5%-ით მოიმატა. ზრდა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ Google-ის მშობელი Alphabet განიხილავს შესაძლებლობას, კლიენტებთან ურთიერთობის მართვის (CRM) პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმის პროვაიდერი შეისყიდოს.
შესაძლო გარიგება
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Alphabet-ის მენეჯმენტი საინვესტიციო ბანკის — Morgan Stanley-ის მრჩევლებს დაუკავშირდა, რათა მათთან ერთად HubSpot-ის შესყიდვის შესაძლებლობა განიხილოს. Reuters-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით პროცესი ადრეულ ეტაპზეა და Alphabet-ის წარმომადგენლებმა მრჩევლებთან ისიც განიხილეს, შეიძლება თუ არა ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა გარიგება დაბლოკოს.
„სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, HubSpot ამ სიახლეების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. განვაგრძობთ დიდი ბიზნესის შენებაზე ფოკუსირებას და ჩვენს მომხმარებლებს ვემსახურებით“ — განაცხადა CRM კომპანიის წარმომადგენელმა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი არც Alphabet-ის მენეჯმენტს გაუკეთებია.
თუ Alphabet-მა შეთავაზება რეალურად გააკეთა, გარიგება იქნება ერთ-ერთი იშვიათი მაგალითი იმისა, რომ ტექნოლოგიური გიგანტი, რეგულატორების გაძლიერებული კონტროლის ფონზე, სხვა კომპანიის შესყიდვას ცდილობს.
მარეგულირებლები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ Microsoft-ისა და Activision Blizzard-ის გარიგებას — საბოლოოდ შეთანხმების წარმატებით დასრულებას თითქმის ორი წელი და მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლა დასჭირდა. გასული წლის აგვისტოში კი ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) ერთდროულად 17 შტატში უჩივლა Amazon-ს კონკურენციის ჩასახშობად და ფასების გასაზრდელად უკანონო მონოპოლისტური პრაქტიკის გამოყენებისთვის.
HubSpot-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად $30 მილიარდს აღემატება და თუ გარიგება რეალურად შედგება, ეს Alphabet-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შენაძენი იქნება.
ანალიტიკოსების შეფასებები
HubSpot-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $658.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $688.64-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $767.00-ს, ხოლო მინიმალური — $520.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი HubSpot-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 26 ანალიტიკოსიდან 22-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $150.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $165.28-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $141.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 37 ანალიტიკოსიდან 29-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.