გუშინ ნავთობის ფასი მიმდინარე წლის უმაღლეს ნიშნულამდე გაიზარდა. Bank of America-ს ფასიანი ქაღალდების ანალიტიკოსების აზრით კი ეს მაჩვენებელი ზაფხულში კიდევ უფრო მოიმატებს.
გუშინ დილით, Brent-ის ნედლი ნავთობის ფიუჩერსული კონტრაქტების ფასი ბარელზე $90-ს მხოლოდ რამდენიმე ცენტით ჩამოუვარდებოდა. Brent-ის ამერიკული კოლეგის — West Texas Intermediate-ის შემთხვევაში კი ფასმა, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, პირველად გადააჭარბა $86-ს.
წელს ფასები გაიზარდა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციისა (OPEC) და მისი არაწევრი მოკავშირეების მიერ წარმოების შემცირების გამო, რამაც დღეში 2.2 მილიონი ბარელი შეადგინა. OPEC+-ის წარმომადგენლებმა კი გუშინ გადაწყვიტეს, ეს პირობა შეენარჩუნებინათ.
გარდა ამისა, გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ შეზღუდა მიწოდებაც და გაზარდა მოთხოვნა. წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებმა შეაფერხა მიწოდების ჯაჭვი და, გლობალური სავაჭრო გზების დაგრძელების გამო ნავთობზე მოთხოვნა დღეში დაახლოებით 150,000 ბარელით გაზარდა.
ამავდროულად, აშშ-ის ძლიერი ეკონომიკური მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ, შესაძლოა, ზაფხულის განმავლობაში მოთხოვნა მოსალოდნელზე მაღალი იყოს.
ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) ეკონომიკური მაჩვენებლების მონიტორინგს განაგრძობს, რათა გადაწყვიტოს, შეამციროს თუ არა საპროცენტო განაკვეთები მიმდინარე წლის ბოლოს. BofA-ს ანალიტიკოსები კი პროგნოზირებენ, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთები და გამარტივებული ფინანსური პირობები ხელს შეუწყობს ზაფხულის განმავლობაში ფართო მოხმარების საგნებზე ფასების ზრდას.
Bank of America-ს ანალიტიკოსების ვარაუდით, ყველა ამ ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის დეფიციტი დღეში 450,000 ბარელამდე. ბანკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ზაფხულში ნავთობის პიკური ფასი ბარელზე დაახლოებით $95 იქნება.
BofA-ს გაფრთხილება ეხმიანება ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც წელს ნავთობის გლობალური მიწოდება მოთხოვნაზე 300,000 ბარელით ნაკლები იქნება.