გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის MillerKnoll, Walgreens Boots Alliance, Chemours და AMC Entertainment.
MillerKnoll
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, MillerKnoll-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ავეჯის მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი თითქმის 19%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის დაკლებული.
ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში MillerKnoll-ის შემოსავალი წლიურად 11.4%-ით — $872.3 მილიონამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $909.55 მილიონი). კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $0.45 შეადგინა (პროგნოზი — $0.44). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი $0.30-ს გაუტოლდა, რაც უოლ სტრიტის პროგნოზს $0.06-ით ჩამორჩა.
MillerKnoll-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ კომპანიის ბიზნესის დიდ ნაწილზე საერთო მოთხოვნა კვლავ შემცირებულია. ავეჯის მწარმოებლის წარმომადგენლებმა ეს მიაწერეს მაღალ საპროცენტო განაკვეთებს გლობალურ დიდ ბაზრებზე, მიმდინარე გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და შეერთებულ შტატებში საბინაო ბაზრის ჩამორჩენას.
კომპანიის Americas Contract სეგმენტის შემოსავალი, რომელიც მოიცავს Herman Miller-ის, Geiger-ის, Maharam-ის, HAY-ისა და NaughtOne-ის ბრენდებს, წლიურად 9%-ით — $441.1 მილიონამდე შემცირდა. MillerKnoll-ის მენეჯმენტმა თქვა, რომ, ეკონომიკური ლანდშაფტის მინიმალური გაუმჯობესების გამო, მოთხოვნა უფრო სუსტია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დარწმუნებულნი არიან მომავალ გაუმჯობესებაში, ინფლაციური წნეხისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების მდგრადობა კვლავ მოქმედებს როგორც ბიზნესზე, ისე მომხმარებელთა განწყობაზე. საერთაშორისო კონტრაქტისა და სპეციალობის განყოფილებაში გაყიდვები 10.4%-ით — $217.3 მილიონამდე შემცირდა, ხოლო გლობალურ საცალო განყოფილებაში ეს მაჩვენებელი 17%-ით — $213.9 მილიონამდე დაეცა.
MillerKnoll-ის მენეჯმენტი მოელის, რომ, მესამე კვარტალში მოთხოვნის შაბლონების გათვალისწინებით და ზოგადად უღიმღამო მაკროეკონომიკურ ფონზე, მიმდინარე მეოთხედში კომპანიის გაყიდვები $880-$920 მილიონს შეადგენს. MillerKnoll-ში ასევე პროგნოზირებენ, რომ კვარტალური კორექტირებული EPS $0.49-$0.57-ს მიაღწევს, ხოლო წლიური — $1.90-$1.98-ს.
Walgreens Boots Alliance
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Walgreens Boots Alliance-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სააფთიაქო ქსელის ოპერატორის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 19%-ით არის შემცირებული.
ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში Walgreens-ის შემოსავალი წლიურად 6%-ით — $37.1 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $35.9 მილიარდი). კორექტირებულმა მოგებამ $1.04 მილიარდი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS $1.2 იყო (პროგნოზი — $0.82). GAAP-ის მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი კომპანიამ თითო აქციაზე $6.85-ის ოდენობით ზარალი დააფიქსირა.
Walgreens-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მიზანი არის ფოკუსირება ხარჯების დაზოგვასა და მომგებიანობის გაზრდაზე. კომპანია მიზნად ისახავს, წელს $1 მილიარდი დაზოგოს და მენეჯმენტმა პირობა დადო, რომ განაგრძობს Walgreens-ის აქტივების პორტფელის „სტრატეგიულ გადახედვას“. ის უკვე მოძრაობს ამ მიზნისკენ, რადგან ჯანდაცვის კლინიკების ოპერატორ VillageMD-ში ინვესტიციისთვის $5.8 მილიარდის მოცულობის აქტივების გაუფასურების ხარჯები დაარეზერვა. Walgreens გეგმავს, VillageMD-ის 160-ზე მეტი განყოფილების დახურვას.
რაც შეეხება მომავალს, Walgreens-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ ფისკალურ 2024 წელს კომპანიის კორექტირებული EPS $3.20-$3.35-ს შეადგენს (ძველი პროგნოზი — $3.20-$3.50). Walgreens-ის წარმომადგენლების განმარტებით, ეს შემცირება, სხვა ფაქტორებთან ერთად, პრობლემური საცალო გარემოთი არის გამოწვეული.
Walgreens Boots Alliance-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $22.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $24.78-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $37.00-ს, ხოლო მინიმალური — $20.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Walgreens Boots Alliance-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Chemours
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Chemours-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა, როგორც ჩანს, ინვესტორები უფრო მეტად კულისებში მიმდინარე დრამაზე არიან ორიენტირებულნი — გუშინ ქიმიკატების კომპანიის აქციების ფასი 9%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 17%-ით არის დაკლებული.
Chemours-მა, ტეფლონისა და სხვა ქიმიკატების მწარმოებელმა, გასულ კვარტალში $1.36 მილიარდის ოდენობით შემოსავალი გამოიმუშავა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.32 მილიარდი). EPS-მა კი $0.31 შეადგინა (პროგნოზი — $0.25).
აღმასრულებელმა დირექტორმა — დენიზ დიგნამმა განაცხადა, რომ გასული წელი გამოწვევებით იყო აღსავსე მარაგების შემცირებისა და ეკონომიკური წინააღმდეგობების გამო. თუმცა ინვესტორები უფრო მეტად ორიენტირებული იყვნენ Chemours-ის კორპორატიული აღრიცხვის პრაქტიკასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე.
თებერვალში, Chemours-მა წამოიწყო შიდა აუდიტი. კომპანიამ გადადო მეოთხე კვარტლის შედეგების გამოქვეყნება და საქმიანობას დროებით ჩამოაცილა ძირითადი აღმასრულებლები, სანამ გამოძიება დასრულდებოდა. საბოლოოდ დაადგინა, რომ აღმასრულებლები აჭიანურებდნენ გადახდებს და აჩქარებდნენ მოვალეებისგან ფულის ამოღებას, რათა, ბონუსების მისაღებად, ფულადი ნაკადების სამიზნე ნიშნულისთვის მიეღწიათ.
Chemours-ის მენეჯმენტის თქმით, აუდიტმა დაადგინა, რომ მსგავსი ქმედებები 2022 წლის მეოთხე კვარტალშიც განხორციელდა.
ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას Chemours-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია თანამშრომლობს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიასთან (SEC) და ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის იურისტებთან. Chemours მათ აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა აღმოაჩინა გამოძიების პროცესში.
კომპანიას ამის გარეშეც ბევრ გამოწვევასთან უწევს გამკლავება. Chemours-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი, გასულ მეოთხედთან შედარებით, ოდნავ შემცირდება მოთხოვნასთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე.
Chemours-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $26.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $30.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $19.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chemours-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 6 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
AMC Entertainment
გუშინ AMC Entertainment-ის აქციების ფასი 14%-ზე მეტით შემცირდა, რადგან, ფულადი სახსრების მისაღებად, თეატრების ქსელის ოპერატორმა აქციების მორიგი გაყიდვა დააანონსა. წლის დასაწყისიდან AMC-ის აქციების ფასი დაახლოებით 39%-ით არის დაკლებული.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ AMC-მ გააფორმა კაპიტალის განაწილების ხელშეკრულება ოთხ ფინანსურ ინსტიტუტთან. ამ გარიგების მიზანია A კლასის ჩვეულებრივი აქციების ეტაპობრივად გაყიდვა ბაზარზე შეთავაზების გზით. კომპანიის მენეჯმენტს ჯამში ამ ნაბიჯით $250 მილიონის მოზიდვა სურს.
AMC-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფული ნაწილობრივ საჭიროა იქიდან გამომდინარე, რომ გასულ წელს ჰოლივუდის მწერლებისა და მსახიობების გაფიცვებმა პირველი კვარტლის შემოსავალზე ნეგატიურად იმოქმედა.
მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ თანხები გამოყენებული იქნება „ლიკვიდურობის გასაძლიერებლად, კომპანიის მიმდინარე დავალიანების დაფარვისთვის, რეფინანსირებისთვის ან გამოსყიდვისთვის და ზოგადი კორპორატიული მიზნებისთვის“.
გასული წლის ნოემბერში AMC-ის აქციების ფასი შემცირდა მას შემდეგ, რაც კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გაყიდვაში ჩაუშვებდა $350 მილიონის ღირებულების A კლასის აქციებს. ეს მოხდა მხოლოდ ორი თვის შემდეგ, რაც AMC-მ გაყიდა 40 მილიონი აქცია და ამისთვის $325 მილიონი მიიღო. მანამდე ერთი თვით ადრე, AMC-მ, კაპიტალის მოსაზიდად, აქციების 1/10-თან პროპორციით რევერსული დაყოფა წამოიწყო.
AMC-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $4.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $5.22-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $8.00-ს, ხოლო მინიმალური — $4.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AMC-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 40.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.