ჯეფ ბეზოსის ქონება ამჟამად დაახლოებით $210 მილიარდს შეადგენს და ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანია.
ბეზოსი არის გლობალური ელექტრონული კომერციის კომპანიის — Amazon-ის დამფუძნებელი, მისი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და ამჟამად აღმასრულებელი თავმჯდომარე. 2023 წელს შეერთებული შტატების მასშტაბით ამაზონი ონლაინ საცალო ვაჭრობის ბაზრის 37.6%-იან წილს იკავებდა.
თინეიჯერი დედისა და კუბელი ემიგრანტი მამინაცვლის მიერ აღზრდილმა ბეზოსმა ერთხელ სკოლის მასწავლებლებს უთხრა: „კაცობრიობის მომავალი ამ პლანეტაზე არ არის“. შეიძლება ითქვას, რომ ამ სიტყვებმა გარკვეულწილად განაპირობა კიდევ ბეზოსის მომავალი.
Amazon — წიგნებს მიღმა
ჯეფ ბეზოსმა დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი კომპიუტერული მეცნიერების და ელექტრო ინჟინერიის სპეციალობით. სწავლის დასრულების შემდეგ იგი არ დათანხმდა Intel-ისა და Bell Labs-ის შეთავაზებებს. ამის ნაცვლად, ბეზოსი შეუერთდა ფინტექ ტელეკომუნიკაციების სტარტაპს სახელწოდებით Fitel. მან ხელი შეუწყო ახალი ამბების ფაქსებზე დაფუძნებული სერვისის კომპანიის შექმნას ჰელსი მინორთან, CNET-ის დამფუძნებელთან ერთად. თუმცა წამოწყება წარუმატებელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ჯეფი გახდა ყველაზე ახალგაზრდა უფროსი ვიცე პრეზიდენტი ჰეჯ-ფონდში — D. E. Shaw.
ბეზოსი აღფრთოვანებული იყო იმით, რომ ინტერნეტი ყოველწლიურად საოცრად იზრდებოდა და 1994 წელს გაუჩნდა იდეა, შეექმნა ამაზონი. Amazon.com, წიგნების ონლაინ გაყიდვის პლატფორმა, დაარსდა ჯეფ ბეზოსის ავტოფარეხში, $10,000-იანი საწყისი კაპიტალით. 1995 წლის ივლისში ამოქმედების შემდეგ, Amazon-მა გაყიდა წიგნები აშშ-ის ყველა შტატში და 45 ქვეყანაში.
მოლოდინების გადაჭარბება
ბეზოსი ცდილობდა კაპიტალის მოზიდვას და მოელოდა, რომ 2000 წლისთვის კომპანიის გაყიდვები $74 მილიონს მიაღწევდა. რეალურად კი 1999 წელს ამ მაჩვენებელმა $1.64 მილიარდს მიაღწია. მისი ოჯახის ინვესტიციებისა და Angel1ინვესტორებისგან მიღებული თანხებით $1 მილიონი მოგროვდა. აღსანიშნავია, რომ პირველი 20-მდე ინვესტორის $50,000-იანი წილი დაახლოებით 20 წელიწადში $3.5 მილიარდამდე გაიზარდა.
1996 წლის ივნისში Amazon-მა კიდევ $8 მილიონი მოიზიდა ვენჩურული კაპიტალის ფირმა Kleiner Perkins-ისგან. Amazon-მა საფონდო ბირჟაზე აქციების გამოუშვა 1997 წელს და ის იყო იმ მცირერიცხოვან სტარტაპთაგან ერთ-ერთი, რომელიც dot-com-ის ბუშტს2 გადაურჩა. Amazon-ის წლიური გაყიდვები 1995 წელს $511,000-ს შეადგენდა, ხოლო 2001 წლისთვის ეს ამ მაჩვენებელმა $3 მილიარდს გადააჭარბა.
Amazon-ის აქციების ფასი ასახავს კომპანიის ფენომენალურ ზრდას. 2016 წლის იანვრიდან დღემდე ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი დაახლოებით 493%-ით გაუმჯობესდა.
ამჟამად ჯეფ ბეზოსი Amazon-ის 937,774,000 აქციას ფლობს, რაც კომპანიის 9.02%-ს შეადგენს.
უძრავი ქონება
ჯეფ ბეზოსი ფლობს ტრადიციულ ინვესტიციებსაც, როგორიცაა უძრავი ქონება. მისი 165,000 ჰექტარის სიდიდის Corn Ranch ტეხასში შეძენილ იქნა, როგორც მისი ავიაკოსმოსური კომპანიის — Blue Origin-ის საოპერაციო ბაზა.
იგი ასევე ფლობს მრავალმილიონიან უძრავ ქონებას აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებზე ბევერლი ჰილზსა და მანჰეტენში. ცნობილია, რომ ბეზოსის ნიუ-იორკში ცხოვრების ფაქტმა Century Tower-ის უძრავი ქონების ღირებულება გაზარდა — ამ შენობაში 1 კვადრატული მეტრის ფასი $2,000-დან $3,000-მდე მერყეობს. გარდა ამისა, ჯეფ ბეზოსი ფლობს სახლს ვაშინგტონის შტატში, ტბის პირას. მან $28 მილიონი დახარჯა იმისთვის, რომ საცხოვრებელი ფართი თითქმის 30,000 კვადრატულ ფუტამდე გაეზარდა.
2012 წელს ამაზონმა სათავო ოფისისთვის შენობა სიეტლში $1.5 მილიარდად შეიძინა, რაც კომპანიას კომერციული ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს მფლობელად აქცევს. Amazon ფლობს თითქმის ათეულ შენობას, 2 მილიონამდე კვადრატულ ფუტ საოფისე ფართს და დაახლოებით 100,000 კვადრატულ ფუტ ტერიტორიას საცალო ვაჭრობისთვის. 2017 წლის აგვისტოში The Seattle Times-მა დაწერა, რომ Amazon-ს ჰქონდა იმდენი საოფისე ფართი, რამდენიც რეგიონის 40 უმსხვილეს დამსაქმებელს ერთად — 8.1 მილიონი კვადრატული ფუტი.
ქველმოქმედება
ჯეფ ბეზოსმა დიდი თანხები გაიღო ქველმოქმედებისთვის. Bezos Family Foundation-ის გარდა, რომელიც რამდენიმე საგანმანათლებლო პროექტს აფინანსებს, ჯეფმა მრავალმილიონიანი საქველმოქმედო წვლილი შეიტანა სიეტლის ისტორიისა და ინდუსტრიის მუზეუმში, ასევე თავის ალმა მატერში — პრინსტონის უნივერსიტეტში.
2018 წლის იანვარში ბეზოსმა და მისმა ახლა უკვე ყოფილმა მეუღლემ, მაკენზიმ, პირობა დადეს, რომ მთლიანობაში $33 მილიონს გადასცემდნენ TheDream.US-ს. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შეერთებულ შტატებში ჩამოყვანილი უსაბუთო ემიგრანტი ბავშვების კოლეჯის განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე მუშაობს.
მედია, ჰაი-ტექი, მინა და მოგზაურობა
ჯეფ ბეზოსი დაინტერესებულია ტექნოლოგიური სექტორით, ასევე მედია და საკომუნიკაციო სერვისებით, რომლებიც ადამიანებს აკავშირებს. ადრე მან ინვესტიცია ჩადო Twitter Inc.-ში (ამჟამად X Corp.) და პოპულარულ ბიზნეს საინფორმაციო ვებგვერდში — Business Insider. 1998 წელს ბეზოსი გახდა Google-ის ადრეული ინვესტორი. Zocdoc Inc. და Nextdoor არის პლატფორმები ადამიანების დასაკავშირებლად, რომლებშიც ჯეფმა ასევე ჩადო ინვესტიცია.
გარდა ამისა, Amazon-ის დამფუძნებელმა $30 მილიონზე მეტი დააბანდა სატრანსპორტო კომპანია Uber-ში. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო წარმატება არის Workday Inc. ეს უკანასკნელი არის საწარმოთა ქლაუდ აპლიკაციების წამყვანი პროვაიდერი ფინანსური და ადამიანური რესურსებისთვის.
2009 წელს ბეზოსმა ასევე ინვესტიცია ჩადო Glassybaby-ში, კომპანიაში, რომელიც ამზადებს შუშის სამაგრებს სანთლებისთვის.
2013 წლის აგვისტოში ბეზოსმა The Washington Post 250 მილიონად შეისყიდა. ამის შემდეგ მისი აუდიტორია და ტრაფიკი ძალიან გაიზარდა და გაზეთმა 2015 წლის ოქტომბერში პირველად აჯობა The New York Times-ს აშშ-ში უნიკალური ვებ ვიზიტორების რაოდენობით.
იდეები
2013 წელს ბეზოსმა განაცხადა, რომ Amazon-ის Prime გამოწერის სერვისის მომხმარებლებისთვის ამანათების მიწოდების მიზნით, დრონების გამოყენებას აპირებდა. 2022 წელს, Amazon Prime Air-ის პირველმა დრონებმა დაიწყო შეზღუდული ტერიტორიების მომსახურება მომავალი გაფართოების გეგმებით.
ბეზოსმა ინვესტიცია ჩადო 10,000-წლიანი საათის პროექტში, რომლის მიზანიც არის ტეხასის შტატში, სიერა დიაბლოს ქედის მხარეს ისეთი საათის შექმნა, რომელიც 10,000 წლის განმავლობაში იმუშავებს. საათს ექნება ზარის გენერატორი, რომელიც ყოველდღე სხვადასხვა ხმას წარმოქმნის. ბეზოსმა საათის საჭიროება ახსნა იმით, რომ დღევანდელი გლობალური პრობლემები „გრძელვადიან აზროვნებას“ მოითხოვს.
ყოველწლიურად ბეზოსი $1 მილიარდს აბანდებს თავის კოსმოსის კვლევის კომპანიაში, Blue Origin-ში. ის 2016 წელს გახდა ერთ-ერთი პირველი კომერციული ფირმა, რომელმაც ხელახლა გამოყენებადი რაკეტა — New Shephard გაუშვა.
2021 წლის 20 ივლისს ბეზოსი, მისი ძმა — მარკი, ავიაციის პიონერი — უოლი ფანკი და ჰოლანდიელი სტუდენტი — ოლივერ დემენი ჩასხდნენ New Shepard-ში, შეასრულეს Blue Origin-ის პირველი წარმატებული ფრენა ეკიპაჟით, მიაღწიეს 62 მილის სიმაღლეს და მიწაზე უსაფრთხოდ დაეშვნენ.
[1] მდიდარი ინვესტორი, რომელიც ფულს ახალგაზრდა, განვითარებად კომპანიაში აბანდებს.
[2] ეკონომიკური ბუშტი — ეკონომიკური ციკლი, რომელიც ხასიათდება საბაზრო ღირებულების სწრაფი ზრდით, განსაკუთრებით აქტივების ფასებში. ამას მოჰყვება ღირებულების სწრაფი კლება, რომელსაც ხანდახან „კრახს“ ან „ბუშტის გახეთქვას“ უწოდებენ.