ევროკავშირი ცნობილ ტექნოლოგიურ გიგანტებთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს. მიზანი არის იმის დადგენა, განახორციელეს, თუ არა მათ ციფრული ბაზრის აქტთან (DMA) შესაბამისი ცვლილებები და შეიძლება თუ არა მათმა პოლიტიკამ ზიანი მიაყენოს ევროკავშირის ტერიტორიაზე მცხოვრებ მომხმარებლებს.
ევროკომისიის (ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Apple, Meta Platforms და Google-ის მშობელი კომპანია — Alphabet ექვემდებარებიან გამოძიებას რამდენიმე საკითხზე, რომელიც მომხმარებელთა არჩევანთან და მონაცემებთან არის დაკავშირებული. ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ DMA-სთან შესაბამისობისთვის ცვლილებებს მიმდინარე თვის დასაწყისში განახორციელებდნენ. თუმცა, ევროკომისიაში ეჭვობენ, რომ კომპანიებს საკმარისი ცვლილებები არ დაუნერგავთ.
Apple-სა და Google-სთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ რამდენად ეძლევათ დეველოპერებს უფლება, მომხმარებლებს აპლიკაციების გადმოწერის ვარიანტები App Store-ისა და Google Play-ის გვერდის ავლითაც შესთავაზონ. Apple-თან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების მიზანი არის იმის დადგენაც, თუ რამდენად მარტივად შეუძლიათ მომხმარებლებს iPhone-ში სტანდარტული, ნაგულისხმევი პარამეტრების შეცვლა.
Google-ის შემთხვევაში გამოძიების საგანს წარმოადგენს ის, რომ კომპანია, საძიებო სისტემაში, პოტენციურად, პრიორიტეტულად წარმოაჩენს საკუთარ სერვისებს, როგორებიც არის Google Shopping და Google Flights.
Meta-ს მიერ თავის პლატფორმებზე მომხმარებელთა მონაცემებისა და რეკლამების დამუშავების პრაქტიკა ასევე დაკვირვების ქვეშაა.
გუშინ ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გამოძიების დასრულებას ერთი წლის ვადაში გეგმავენ და, შესაძლოა, კომპანიებს დაეკისროთ მნიშვნელოვანი ჯარიმები, თუ აღმოჩნდება, რომ ისინი DMA-ს არღვევენ. მიმდინარე თვის დასაწყისში ევროკავშირმა Apple უკვე დააჯარიმა დაახლოებით $2 მილიარდით.
ევროკომისიაში ასევე განაცხადეს, რომ გამოძიება სხვა მიმართულებებითაც მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით დეტალები ცნობილი არ არის. მხოლოდ ის ვიცით, რომ საქმე ეხება Apple-ის მიერ აპლიკაციების ალტერნატიული მაღაზიებისთვის საკომისიო გადასახადების სტრუქტურის დაწესებას და იმის გარკვევას, არღვევს თუ არა Amazon კანონს Amazon-ით ბრენდირებული პროდუქტებისთვის პრიორიტეტის მინიჭებით.
გასულ წელს Meta, Apple, Alphabet, Amazon, Microsoft და TikTok-ის მშობელი — ByteDance გამოვლინდნენ, როგორც კომპანიები, რომლებიც კანონით უნდა დარეგულირებულიყვნენ. მათ მიეცათ ექვსთვიანი ვადა, რათა შეეცვალათ ბიზნესის ის ასპექტები, რომლებიც ევროკავშირის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
ევროკავშირის ციფრული ბაზრების აქტი (DMA), რომელიც ძალაში 7 მარტს შევიდა, ტექნოლოგიურ გიგანტებს ავალდებულებს, ხელი შეუწყონ კონკურენციას, მომხმარებელთა არჩევანს და ინოვაციას.
ანალიტიკოსების შეფასებები
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $171.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $203.87-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $158.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 27 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მa — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $503.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $530.58-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $609.00-ს, ხოლო მინიმალური — $430.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 40-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $150.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $165.37-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $144.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 37 ანალიტიკოსიდან 29-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.