რაც უფრო მეტი ინფლაციის მონაცემი ქვეყნდება აშშ-ში, მით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) ზაფხულამდე საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს.
გუშინ შრომის სტატისტიკის ბიურომ განაცხადა, რომ მწარმოებელთა ფასების ინდექსი (PPI), საბითუმო ფასების საზომი, თებერვალში, იანვართან შედარებით, 0.6%-ით გაიზარდა. Dow Jones Newswires-ისა და The Wall Street Journal-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტები კი მოელოდნენ, რომ თვიური მატება მხოლოდ 0.3%-ს შეადგენდა.
გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, 12 მარტს, შრომის სტატისტიკის ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსით (CPI) გაზომილი ცხოვრების ღირებულება თებერვალში წლიურად 3.2%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, ამ მაჩვენებელმა იანვარში 3.1% წლიური მატება დააფიქსირა. თებერვლის შედეგი განპირობებული იყო თვის განმავლობაში ბუნებრივი აირისა და საცხოვრებლების ფასების ზრდით. ამ მაჩვენებლებმა გააბათილა საბაზრო სპეკულაციები იმის შესახებ, რომ Fed საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთის შემცირებას მაისში დაიწყებს.
Fed-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ, საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად, ეკონომიკურმა მონაცემებმა უნდა აჩვენოს, რომ ინფლაციის დონე სამიზნე მაჩვენებლისკენ — 2%-სკენ მტკიცედ მიემართება. ეკონომისტების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბოლო დროს გავრცელებულმა მონაცემებმა Fed-ს საორიენტაციო განაკვეთების შემცირებისკენ უბიძგოს.
PPI ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ეკონომიკური კვლევების საკონსულტაციო ფირმის — Pantheon Macroeconomics-ის ექსპერტებმა საპროცენტო განაკვეთების შემცირების სავარაუდო თარიღი გადაწიეს. „მონაცემები იმედგამაცრუებელი იყო, რაც საპროცენტო განაკვეთების მაისში კლების შანსს ამცირებს. ამიტომ ახლა მივიჩნევთ, რომ Fed ამ ნაბიჯს ივნისში გადადგამს“ — ამბობს Pantheon-ის მთავარი ეკონომისტი — იან შეფერდსონი.
თებერვალში, სამომხმარებლო ფასების ბოლო მოულოდნელად მაღალი მატების მსგავსად, მწარმოებლის ფასების ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო სურსათისა და ენერგიის ხარჯებით, რომლებიც, როგორც წესი, ცვალებადია, თვიდან თვემდე მერყეობს და ინფლაციის ფართო ტენდენციებთან ნაკლებად არის დაკავშირებული. ამ მაჩვენებლების გამოკლებით, „ძირითადი“ PPI თვიურად 0.3%-ით გაიზარდა.
„ინფლაციური ზეწოლა კვლავ გამოწვევად რჩება, მაგრამ პანდემიის შემდეგ მიწოდებისა და მოთხოვნის ნორმალიზებასთან ერთად, ინფლაცია განაგრძობს თანდათან შენელებას” — წერს კომენტარში ფინანსური სერვისების კომპანიის, PNC PNC Financial Services-ის მთავარი ეკონომისტი — გას ფაუჩერი. „2024 წლის დასაწყისში დაფიქსირებული ინფლაციის ოდნავ მაღალი მაჩვენებლები უნდა შემცირდეს და ფედერალური ღია ბაზრის კომიტეტი დაიწყებს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას დაახლოებით წლის მეორე კვარტლისთვის“.