გუშინ McDonald’s-ის აქციების ფასი თითქმის 4%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც სწრაფი კვების ქსელის ფინანსურმა დირექტორმა (CFO) ინვესტორთა კონფერენციაზე განაცხადა, რომ კომპანიის დაბალშემოსავლიანი მომხმარებლები გარეთ ნაკლებად ხშირად ჭამენ.
გუშინ გამართულ ღონისძიებაზე ფინანსურმა დირექტორმა — იან ბორდენმა თქვა, რომ ინფლაციისა და, შესაძლოა, პანდემიისას გაკეთებული დანაზოგების ამოწურვის გამო, ბევრი მომხმარებელი ხარჯავს ნაკლებს სწრაფი კვების და სხვა სახის რესტორნებში.
„ვფიქრობ, რომ სახლში და გარეთ ჭამის თანაფარდობა ისტორიულ დინამიკას უბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი მომხმარებელი უბრალოდ სახლში უფრო ხშირად ჭამაზე აკეთებს არჩევანს“ — განაცხადა იანმა.
McDonald’s-ის ფინანსურმა დირექტორმა ასევე ხაზი გაუსვა იანვარში დაფიქსირებულ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს, რამაც გავლენა იქონია გაყიდვებსა და წარმადობაზე ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა საფრანგეთი და ჩინეთი.
გარდა ამისა, გასულ თვეში McDonald’s-ის მენეჯმენტმა გაყიდვებზე ისრაელ-ჰამასის ომთან დაკავშირებული ბოიკოტებით გამოწვეული ნეგატიური ეფექტის შესახებ განაცხადა. გუშინ კი იან ბორდენმა თქვა: „ჩვენ კვლავ გვიწევს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შედეგებთან გამკლავება“.
გასულ კვარტალში კომპანიის საერთაშორისო განვითარების ლიცენზირებული (IDL) ბაზრების სეგმენტმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ფრენჩაიზებს მოიცავს, ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვების1 0.7%-იანი ზრდა დააფიქსირა. იან ბორდენმა განაცხადა, რომ ომმა კომპანიის IDL სეგმენტზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში McDonald’s-ის წინააღმდეგ ბოიკოტი გამოიწვია იმან, რომ ისრაელში კომპანიის ფრენჩაიზმა ქვეყნის ჯარისკაცებზე საკვების ფასდაკლებებით ან უფასოდ გაცემა დაიწყო საომარი მოქმედებების შემდეგ. ამან ფართო რეგიონში რამდენიმე სხვა ფრენჩაიზის წარმომადგენლებს უბიძგა, გამოექვეყნებინათ განცხადებები ამ ქმედებისგან დისტანცირების შესახებ.
იანვრის დასაწყისში, McDonald’s-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — კრის კემპჩინსკიმ, LinkedIn-ში გამოქვეყნებულ წერილში, ახლო აღმოსავლეთში კომპანიის ბიზნესის დაზარალება დეზინფორმაციას მიაწერა, ხოლო ბოიკოტს სამარცხვინო და დაუსაბუთებელი უწოდა.
აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტებისგან ყველაზე გამოხატული გავლენა ახლო აღმოსავლეთში აღინიშნება, ნეგატიური ზემოქმედება ფიქსირდება სხვა მუსლიმანურ ქვეყნებშიც, როგორებიც არის მალაიზია და ინდონეზია. მან დასძინა: „სანამ ომი გრძელდება, ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას არ მოველით“.
მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ოპერატორები მთლიანობაში მაკდონალდს არ წარმოადგენს, ზოგიერთი მომხმარებლისთვის მათ შორის განსხვავება არ არსებობს
რაც შეეხება ფინანსური დირექტორის გუშინდელ განცხადებას, მან ასევე თქვა, რომ McDonald’s-ს სურს გაყიდვების გაზრდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ქათმის მენიუ და კომპანია გეგმავს უფრო დიდი ბურგერის რამდენიმე ვარიანტის გამოცდას. იანმა ისიც თქვა, რომ მენეჯმენტს სურს, გაუმჯობესდეს როგორც ყავის გემოვნური თვისებები, ისე მისი ხარისხის თანმიმდევრულობა სხვადასხვა ლოკაციაზე.
ანალიტიკოსების შეფასებები
McDonald’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $286.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 29 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $324.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $383.00-ს, ხოლო მინიმალური — $300.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი McDonald’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 29 ანალიტიკოსიდან 20-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
McDonald’s-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.