გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის 3M, Intel, Toyota Motors, Dollar Tree და Zim Integrated Shipping Services.
3M
გუშინ, მენეჯმენტის განახლებული პროგნოზების გავრცელების შემდეგ, 3M-ის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით არის შემცირებული.
3M-ის აქციონერებმა რთული პერიოდი გამოიარეს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის აქციებმა ღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგა სასამართლო დავების, სუსტი ბაზრების და თანამშრომლების რაოდენობის ზედმეტად ზრდის შესახებ გავრცელებული ამბების გამო.
თუმცა 3M-ის მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ 2024 წელს განახლებული ენერგიით დაიწყებს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ დაასახელა ახალი აღმასრულებელი დირექტორი და ჯანდაცვის განყოფილების სპინოფიც დააანონსა.
პარასკევს, ჯერ კიდევ მოქმედმა აღმასრულებელმა დირექტორმა — მაიკლ რომანმა უოლ სტრიტის ინვესტორთა კონფერენციაზე განაცხადა, რომ მიმდინარე კვარტლის შემოსავალი მოლოდინებს გაამართლებს და $7.6 მილიარდს მიაღწევს, ხოლო მოგება, სავარაუდოდ, პროგნოზს ოდნავ გადააჭარბებს. მაიკლმა თქვა, რომ კვარტალური მოგება თითო აქციაზე (EPS) $2.05-$2.20-ს შეადგენს (ძველი პროგნოზი — $2-$2.15).
3M-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $104.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $109.78-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $140.00-ს, ხოლო მინიმალური — $84.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი 3M-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Intel
გუშინ Intel-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც პენტაგონმა კომპანიაზე $2.5 მილიარდის ოდენობით გრანტის გაცემის გეგმა გააუქმა.
Bloomberg-ის თანახმად, პენტაგონის გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეამციროს ფედერალური დაფინანსება, რომელზეც Intel-ს ექნება წვდომა და ჩიპების მწარმოებელს უბიძგოს, მიიღოს მეტი ფული კომერციის დეპარტამენტისგან, რომელიც Chips Act-ის გრანტებს გასცემს. ეს დეპარტამენტი ადრე მხოლოდ $1 მილიარდის მოცულობის ხარჯებზე იყო პასუხისმგებელი.
გარდა ამისა, Bloomberg-ის ინფორმაციით, Intel-ის მენეჯმენტი ისწრაფვის, მიიღოს $10 მილიარდზე მეტის ფულადი წახალისება CHIPS and Science Act-იდან. ეს აქტი შექმნილია აშშ-ის კონკურენტუნარიანობის, ინოვაციებისა და ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
ეს დაფინანსება იყო ხარჯვის პაკეტის ნაწილი, რომელსაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა. შედეგად Intel-ს უნდა მიეღო $3.5 მილიარდი სამხედრო და სადაზვერვო პროგრამებისთვის მოწინავე ნახევარგამტარების წარმოებისთვის.
სტატიაში არ იყო განმარტებული, თუ რატომ გააუქმა პენტაგონმა დაფინანსება.
Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $43.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $47.22-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $68.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 36 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 24-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Toyota Motor
გუშინ იაპონური ავტომწარმოებლის — Toyota Motor-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 28%-ით არის გაუმჯობესებული.
Wall Street Journal იტყობინება, რომ საავტომობილო გზების უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტის (IIHS) მიერ მძღოლის დახმარების ფუნქციების გამოკვლევისას 14 მოდელიდან 11-მა ცუდი შეფასება მიიღო.
აშკარა რისკის მიუხედავად, მძღოლები ყიდულობენ ავტონომიური მართვის შესაძლებლობის მქონე ავტომობილებს, რათა ისინი ნაკლებად კონცენტრირებულნი იყვნენ გზაზე. სწორედ ამიტომ მომხმარებლები ამ ფუნქციებისთვის ზედმეტს იხდიან.
და მაინც, IIHS-ისთვის ეს არა ფუნქცია, არამედ დეფექტია. საავტომობილო გზების უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტის წარმომადგენლებს აწუხებთ ის ფაქტი, რომ ასეთ სისტემებს არ გააჩნია შესაბამისი გარანტიები, რომ მძღოლები გზას თვალს ადევნებენ (მაგალითად ზარის ხმა, რომელიც გაისმება მაშინ, როდესაც კამერა დააფიქსირებს, რომ მძღოლი გზას არ უყურებს).
IIHS-ის ანგარიშში General Motors-ისა და Nissan-ის ცალკეული მანქანები გამოირჩეოდა „ზღვრული“ ქულებით, ხოლო Tesla-მ, Ford-მა, Volvo-მ და სხვებმა ცუდი შეფასებები დაიმსახურეს. Toyota-მ კი, ყველა გამოკითხულ ბრენდთან შედარებით, ყველაზე მაღალი ქულები დააგროვა.
საინტერესოა, რატომ შემცირდა იაპონური ავტომწარმოებლის აქციების ფასი ამ სიახლის ფონზე. შესაძლოა, ბაზარზე მთლიანად ამ კვლევის შედეგებმა იმოქმედა და ინვესტორებმა დაასკვნეს, რომ ზოგადად ავტონომიური მართვის სისტემა არ არის იმდენად დახვეწილი, რომ ამ ფუნქციაში მეტი ფულის გადახდა ღირდეს.
Toyota Motor-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $233.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 3 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო, მაქსიმალური და მინიმალური სამიზნე ფასები ერთმანეთს ემთხვევა და $228.96-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი Toyota Motor-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.7%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 3 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Dollar Tree
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Dollar Tree-მ მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ფასდაკლების საცალო ქსელის აქციების ფასი 14%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით არის დაკლებული.
2023 წლის მეოთხე კვარტალში, Dollar Tree-ის შემოსავალი წლიურად 12%-ით — $8.64 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $8.66 მილიარდი). თუმცა კომპანიამ განიცადა დიდი ზარალი, რადგან, როგორც მენეჯმენტი ამბობს, რომ Dollar Tree-ს ძალიან ბევრი არაეფექტიანი ლოკაცია აქვს.
კომპანიის წარმომადგენლებმა ადრე განაცხადეს, რომ განიხილავენ მაღაზიების პორტფელს. მეოთხე კვარტალში კი მენეჯმენტმა თქვა, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში Family Dollar-ის 600 ლოკაციას დახურავს. ამის შემდეგ ფუნქციონირებას შეწყვეტს დამატებით 370 ლოკაცია, რადგან მათი იჯარის ვადა ამოიწურება. პერსპექტივისთვის, Dollar Tree, 3 თებერვლის მდგომარეობით, Family Dollar-ის თითქმის 8,400 ლოკაციას ფლობდა.
გუდვილისა (ბიზნესის დამკვიდრებული რეპუტაცია, რომელიც განიხილება რაოდენობრივად ფასდაუდებელ აქტივად და კომპანიის გაყიდვისას მისი ღირებულების ნაწილად მიიჩნევა) და არამატერიალური აქტივების გაუფასურების ხარჯების გამო კომპანიამ $2 მილიარდის მოცულობის ზარალი განიცადა. თავად ლოკაციების პორტფელის მიმოხილვის პროცესი თითქმის $600 მილიონი დაჯდა.
საბოლოოდ, ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა ზარალმა თითო აქციაზე $7.85 შეადგინა და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს $10.50-ით ჩამორჩა. კორექტირების შემდეგ კი კომპანიამ თითო აქციაზე $2.55-ის ოდენობით მოგება დააფიქსირა (პროგნოზი — $2.66).
მიუხედავად ყველაფრისა, Dollar Tree-ის აქციონერებისთვის პოზიტიური სიახლეებიც არის. უპირველეს ყოვლისა, წამგებიანი ლოკაციების დახურვა, შეიძლება კარგი იყოს. გარდა ამისა, დარტყმის უმეტესი ნაწილი, რომელიც კომპანიამ გასულ კვარტალში მიიღო, იყო უნაღდო ზარალის დაფიქსირება. ფულადი სახსრების ნაკადების თვალსაზრისით, ფისკალურ 2023 წელს Dollar Tree-მ საოპერაციო საქმიანობიდან $2.7 მილიარდი გამოიმუშავა, რაც 66%-ით აღემატებოდა 2022 წლის შედეგს.
რაც შეეხება მომავალს, Dollar Tree-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალურ 2024 წელს კომპანიის შემოსავალი $31-$32 მილიარდს მიაღწევს. ეს მაჩვენებელი ოდნავ აღემატება ფისკალური 2023 წლის შედეგს მიუხედავად ლოკაციების დაგეგმილი დახურვისა. გარდა ამისა, კომპანიაში მოელიან, რომ მოგება თითო განზავებულ აქციაზე $6.70-$7.30-ს მიაღწევს.
Dollar Tree-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $128.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $152.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $109.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Dollar Tree-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 13 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Zim Integrated Shipping Services
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Zim Integrated Shipping Services-მა კვარტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი თითქმის 14%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით არის დაკლებული.
Zim Integrated ფლობს და მართავს სატვირთო გემების ფლოტს. ეს არის ციკლური ბიზნესი და 2023 წელი კომპანიისთვის რთული იყო. გლობალური ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ არსებულმა შიშებმა და გაზრდილმა საპროცენტო განაკვეთებმა კომპანიის მსხვილი მომხმარებლები აიძულა, შეემცირებინათ ტვირთების მოცულობა, რამაც გადაზიდვის მომსახურების ფასების კლება გამოიწვია.
ინვესტორები წუხდნენ, რომ Zim განსაკუთრებით დაუცველია ვარდნის მიმართ კომპანიის შედარებით მაღალი ვალის ტვირთვის გამო.
2023 წლის მეოთხე კვარტალში Zim Integrated-ის შემოსავალი წლიურად 45%-ით — $1.21 მილიარდამდე შემცირდა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს შეესაბამებოდა. მთელი წლის განმავლობაში კი ამ მაჩვენებელმა 59%-იანი კლება განიცადა. ეს შედეგები კი სუსტ მოთხოვნას ასახავს.
გარდა ამისა, გასულ მეოთხედში კომპანიამ თითო აქციაზე $1.23-ის მოცულობის ზარალი განიცადა (ანალიტიკოსების პროგნოზი — -$1.44).
Zim Integrated-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ელი გლიკმენმა განაცხადა: „2023 წელს შესუსტებული საბაზრო პირობების, ინდუსტრიის შეფერხებებისა და ოპერაციული გამოწვევების ფონზე, ZIM-ის განსაკუთრებულ პროფესიონალთა გუნდი დარჩა მტკიცე და ორიენტირებული საოპერაციო სრულყოფილების მიღწევაზე, ამასთან ჩვენი ძვირფასი მომხმარებლებისთვის მომსახურების უმაღლესი დონის მიწოდებაზე“.
Zim Integrated-ის მენეჯმენტი არ წინასწარმეტყველებს სწრაფ გაუმჯობესებას. კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ 2024 წელს კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $850 მილიონს-$1.45 მილიარდს მიაღწევს (უოლ სტრიტის მოლოდინი — $1.207 მილიარდი). შედარებისთვის 2023 წელს ამ მაჩვენებელმა $1.049 მილიარდი შეადგინა.
ელი გლიკმენმა განაცხადა, რომ კომპანიის ფლოტის განახლების პროგრამა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მისი მიზანია, ძველი, საწვავის წვის თვალსაზრისით არაეფექტიანი გემების ახლით ჩანაცვლება. ეს ეფექტიანობის გაუმჯობესებისთვის შესანიშნავია, თუმცა ვალის მნიშვნელოვნად გაზრდის საშიშროებას ქმნის.
Zim Integrated-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $10.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის მხოლოდ 3 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $13.43-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $20.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.30-ს. საშუალო სამიზნე ფასი Zim Integrated-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 33.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 3 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.