პარასკევს მწერლებმა — აბდი ნაზემიანმა, სტიუარტ ონანმა და ბრაიან კინმა Nvidia-ს წინააღმდეგ, საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ, სარჩელი შეიტანეს. მათ განაცხადეს, რომ კომპანიის სასაუბრო ხელოვნური ინტელექტის (AI) ხელსაწყოების ნაკრებმა — NeMo-მ საავტორო უფლებებით დაცული მათი კონტენტი გამოიყენა.
საჩივარში ნათქვამია, რომ ეს მწერლები ფლობენ საავტორო უფლებებს გარკვეულ წიგნებზე, რომლებიც სასწავლო მონაცემთა ბაზაში შედიოდა. Nvidia-მ კი დაუშვა მათი კოპირება კომპანიის NeMo Megatron მოდელების გასაწვრთნელად.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ Nvidida-მ ეს საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრები არაერთხელ დააკოპირა, რათა თავისი NeMo Megatron ენობრივი მოდელები გაეწვრთნა. მკვლევრები NeMo-ს მიმართავენ კოდისა და წინასწარ მომზადებული მოდელების ხელახლა გამოსაყენებლად და ხელოვნური ინტელექტის ახალი სასაუბრო მოდელების შესაქმნელად.
გუშინ, ამ საკითხთან დაკავშირებით, Nvidia-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს: „ჩვენ პატივს ვცემთ კონტენტის ყველა შემქმნელის უფლებებს და გვჯერა, რომ NeMo საავტორო უფლებების კანონის სრული დაცვით შევქმენით“.
გუშინ Nvidia-ს აქციების ფასი 2%-ით შემცირდა, წლის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 78%-ით არის გაუმჯობესებული.
აღსანიშნავია, რომ ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI-ც მსგავსი პრობლემის წინაშე დგას. გასული წლის დეკემბერში ნიუ-იორკ თაიმსმა (NYT) უჩივლა OpenAI-სა და Microsoft-ს. კომპანია ამტკიცებს, რომ ეს ორი, თავიანთი ChatGPT-ის გასაწვრთნელად, ნებართვის გარეშე იყენებდა NYT-ის სტატიებს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $852.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 40 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $886.52-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,200.00-ს, ხოლო მინიმალური — $608.40-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 40 ანალიტიკოსიდან 38-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.