გუშინ Jack Daniel’s-ის მფლობელი კომპანია — Brown-Forman S&P 500 ინდექსში ყველაზე ცუდი შედეგით გამოირჩეოდა. სავაჭრო დღის განმავლობაში მისი აქციების ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა. ვარდნა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც Brown-Forman-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა — გაყიდვებმა დაიკლო და, ამავდროულად, კომპანიის მენეჯმენტმა მომავლის პროგნოზები შეამცირა. აღმასრულებელმა დირექტორმა — ლოუსონ უაიტინგმა კი განაცხადა, რომ გასული წელი ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი გაურკვევლობებითა და სირთულეებით იყო აღსავსე.
ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში Brown-Forman-ის შემოსავალი წლიურად 1%-ით — $1.07 მილიარდამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.13 მილიარდი). მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $0.6 შეადგინა (პროგნოზი — $0.5643).
კომპანიის ფისკალური წლის პირველ ცხრა თვეში შემოსავალი 1%-ით — $3.21 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო EPS-მა $1.58 შეადგინა. ასეთი შედეგი განპირობებული იყო გაყიდვების 79%-იანი ნახტომით კომპანიის “Rest of Portfolio” მიმართულებაში ახლახან შეძენილი Gin Mare-სა და Diplomatico-ს ბრენდების წყალობით. გარდა ამისა, Jack Daniel’s Tennessee Apple-ის გაყიდვები წლიურად 44%-ით გაიზარდა. თუმცა Brown-Forman-ის ყველაზე პოპულარული სასმლის — Jack Daniel’s Tennessee ვისკის წმინდა გაყიდვები 6%-ით შემცირდა.
კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ საოპერაციო გარემო კვლავ გამოწვევებით არის აღსავსე და დასძინა, რომ ამცირებს პროგნოზებს ზედიზედ მეორე კვარტალში. ამის მიზეზად კი ის დასახელდა, რომ Brown-Forman-ს გლობალური მაკროეკონომიკური პირობების განვითარებასთან და ინდუსტრიის ტენდენციების ნორმალიზებასთან უწევს გამკლავება.
Brown-Forman-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი მიმდინარე წლის ორგანული გაყიდვები წლიურად უცვლელი იქნება. მანამდე კომპანია 3%-5%-იან ზრდას პროგნოზირებდა. Brown-Forman-ში ასევე მოელიან, რომ ორგანული საოპერაციო შემოსავალი 0%-2%-ით გაუმჯობესდება (ძველი პროგნოზი — 4%-6%-იანი მატება). მენეჯმენტი ასევე გეგმავს კაპიტალური ხარჯების შემცირებას $230-$240 მილიონით (წინა პროგნოზი — $250-$270 მილიონიანი კლება).
ანალიტიკოსების შეფასებები
Brown-Forman-ის B კლასის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $56.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $61.10-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $57.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Brown-Forman-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 10 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Brown-Forman-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.