გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Meta Platforms, Foot Locker, MongoDB, Victoria’s Secret, JD.com და Super Micro Computer.
Meta Platforms
გუშინ Meta Platforms-ს კარგი დღე ჰქონდა როგორც ოპერაციების, ისე აქციების წარმადობის თვალსაზრისით. სოციალური მედიის გიგანტის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მსხვილმა საინვესტიციო ბანკმა კომპანია ტოპ ინვესტიციების სიაში შეიყვანა. Meta-ს აქციების ფასის მატებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ გუშინ კომპანიის ვებგვერდები გამართულად მუშაობდა, წინა დღეს დაფიქსირებული შეფერხებებისგან განსხვავებით.
Bank of America-მ წარმოადგინა 20 კომპანია, რომელიც, ბანკის ანალიტიკოსების აზრით, მარტში სოლიდურ საინვესტიციო შესაძლებლობებს წარმოადგენს. ამ სიაში თანაბარი რაოდენობით მოხვდა როგორც მზარდი პოტენციალის, ისე ღირებულებითი აქციები.
Meta Platforms ერთადერთი სოციალური მედიის კომპანიაა სიაში, რომელიც მოიცავს სხვა სექტორების ცნობილ წარმომადგენლებს, როგორებიც არის ფარმაცევტული კომპანია — Eli Lilly, ვიდეო სტრიმინგის ლიდერი — Netflix და გართობის ინდუსტრიის კონგლომერატი — Warner Bros. Discovery.
მიუხედავად იმისა, რომ Meta ასეთ სიებში ხშირად ხვდება, Bank of America-ს ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ძლიერ პოზიციას და იმ ფაქტს, რომ მას ზრდის დიდი პოტენციალი გააჩნია.
ამავდროულად, გუშინ Meta Platforms-ის ძირითადი ვებგვერდები — Facebook და Instagram — შეუფერხებლად მუშაობდა. ეს იყო დიდი შვება როგორც მომხმარებლებისთვის, ისე კომპანიის აქციონერებისთვის. როგორც ჩანს, სამშაბათს დაფიქსირებული პრობლემა უბრალოდ გამონაკლისი შემთხვევა იყო.
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $496.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $528.80-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $575.00-ს, ხოლო მინიმალური — $430.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 40-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Foot Locker
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Foot Locker-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად — 29%-ზე მეტით შემცირდა. გასულ წელს ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 17%-ით დაიკლო.
ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტალში, რომელიც 2024 წლის 3 თებერვალს დასრულდა, Foot Locker-ის მთლიანი გაყიდვები წლიურად 2%-ით — $2.38 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.27 მილიარდი). თუმცა ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 0.7%-ით — $2,334 მილიარდამდე შემცირდა. კვარტალურმა წმინდა ზარალმა კი $389 მილიონს მიაღწია, ანუ ზარალი თითო აქციაზე $4.13 იყო. ერთჯერადი ხარჯების გათვალისწინებით კორექტირების შემთხვევაში კი Foot Locker-მა $36 მილიონის ოდენობით წმინდა მოგება გამოიმუშავა, ანუ მოგება თითო აქციაზე (EPS) $0.38 იყო, რამაც ანალიტიკოსების პროგნოზს $0.07-ით გადააჭარბა.
Foot Locker-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მერი დილონმა განაცხადა, რომ კომპანიამ, მესამე კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაჩქარებული გაყიდვების ტენდენციები დააფიქსირა, ისევე როგორც გაუმჯობესებები წარმადობის მრავალ ძირითად ინდიკატორში. გარდა ამისა, Foot Locker-მა შეამცირა ფასები, რათა წელი მარაგების მოსალოდნელზე დაბალი დონით დაესრულებინა.
რაც შეეხება მომავალს, კომპანიის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალურ 2024 წელს comps 1%-3%-ით გაუმჯობესდება, ხოლო კორექტირებული EPS $1.50-$1.70-ს მიაღწევს, რაც ჩამოუვარდება უოლ სტრიტის პროგნოზს — $1.85-ს.
Foot Locker-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $24.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $26.64-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $38.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Foot Locker-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 5-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
MongoDB
გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკული კომპანიის — MongoDB-ის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 108%-ით გაუმჯობესდა.
Citigroup-ის ანალიტიკოსმა — ტაილერ რედკემ MongoDB-ის აქციებს ყიდვის რეიტინგი შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $550-მდე გაზარდა. სამშაბათს, ბაზრის დახურვისას დაფიქსირებულ ფასთან შედარებით ეს მაჩვენებელი 36%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს.
მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსი MongoDB-ის გრძელვადიან პოტენციალში დარწმუნებულია, მას კომპანიის ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიშის მიმართ შედარებით მოკრძალებული მოლოდინები გააჩნია. გასული მეოთხედის ფინანსურ მაჩვენებლებს კომპანია დღეს, ბაზრის დახურვის შემდეგ, გამოაქვეყნებს. ტაილერ რედკემ ასევე ხაზი გაუსვა ქლაუდ სეგმენტში კომპანიის კონკურენტების — Elastic-ისა და Snowflake-ის მოსალოდნელზე სუსტ კვარტალურ შედეგებს.
MongoDB-ის მენეჯმენტი მოელის, რომ გასული კვარტლის შემოსავალი წლიურად დაახლოებით 19%-ით გაუმჯობესდება და $431 მილიონს მიაღწევს. კომპანიაში ასევე პროგნოზირებენ, რომ კორექტირებული EPS $0.45-ს შეადგენს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ეს მაჩვენებელი $0.57-ს გაუტოლდა.
უოლ სტრიტის მოლოდინები ოდნავ უფრო მაღალია. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ MongoDB-ის კვარტალური შემოსავალი $434.2 მილიონს მიაღწევს, ხოლო EPS — $0.47-ს.
MongoDB-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $409.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $473.07-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $555.00-ს, ხოლო მინიმალური — $272.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი MongoDB-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Victoria’s Secret
გუშინ Victoria’s Secret-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო საათების შემდეგ კი ტანსაცმლის კომპანიის აქციების ფასი 26%-ზე მეტით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა დაახლოებით 26%-ით დაიკლო.
ფისკალურ მეოთხე კვარტალში, რომელიც 3 თებერვალს დასრულდა, Victoria’s Secret-ის შემოსავალი წლიურად 3%-ით — $2.08 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.09 მილიარდი). ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები კი 6%-ით შემცირდა. EPS-მა $2.58 შეადგინა (პროგნოზი — $2.45).
Victoria’s Secret-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სადღესასწაულო სეზონზე გაყიდვების მატება განპირობებული იყო კომპანიის სასაჩუქრე პროდუქტების ასორტიმენტით, მომხმარებელთა გაუმჯობესებული გამოცდილებით და მარკეტინგული ინიციატივებით. მენეჯმენტმა ასევე დააანონსა $250 მილიონის ღირებულების აქციების გამოსყიდვის ახალი პროგრამა.
რაც შეეხება მომავალს, Victoria’s Secret-ის მენეჯმენტი მოელის, რომ სრული ფისკალური 2024 წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი $6 მილიარდს მიაღწევს, რაც ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს — $6.19 მილიარდს.
Victoria’s Secret-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $26.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 4 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $29.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $34.00-ს, ხოლო მინიმალური — $25.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Victoria’s Secret-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 4 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
JD.com
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, JD.com-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ელექტრონული კომერციის ჩინური კომპანიის აქციების ფასი 16%-ზე მეტით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 49%-ით შემცირდა.
ფინანსურმა შედეგებმა აჩვენა, რომ JD-ს კვლავ რთულ გარემოში უწევს ოპერირება, მაგრამ მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავლების ზრდა ზომიერად დაჩქარდა და, როგორც ჩანს, მენეჯმენტის ბოლოდროინდელი სტრატეგიული ცვლილებები შედეგის მომტანია.
გასულ კვარტალში JD.com-ის შემოსავალი წლიურად 3.6%-ით — $43.1 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $42.2 მილიარდი). ამ მაჩვენებლის გაუმჯობესება განპირობებული იყო ელექტრონიკითა და ტექნიკით, რომელთა გაყიდვებიც 6.1%-ით — $21.2 მილიარდამდე გაიზარდა. ზოგადი საქონლის გაყიდვები თითქმის უცვლელი იყო — $13.5 მილიარდი.
საცალო ვაჭრობის სეგმენტში საოპერაციო მარჟა 3%-დან 2.6%-მდე შემცირდა, მაგრამ კორექტირებული მოგება თითო აქციაზე მაინც $0.68-დან $0.75-მდე გაუმჯობესდა, რამაც ასევე გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.63-ს.
აღმასრულებელმა დირექტორმა — სენდი შუმ განაცხადა: „JD-ის გუნდის პროაქტიულმა ქმედებებმა შედეგების გამოღება დაიწყო, რადგან მომხმარებლის გამოცდილებაზე, ფასების კონკურენტუნარიანობასა და პლატფორმის ეკოსისტემაზე ჩვენი აქცენტი განაპირობებს მომხმარებლის უფრო ღრმა და ხშირ ჩართულობას, ასევე მათი რაოდენობის ჯანსაღი ზრდის იმპულსს. მოუთმენლად ველით, რომ 2024 წელს შევქმნათ მეტი ღირებულება ჩვენი მომხმარებლებისთვის, ბიზნეს პარტნიორებისთვის და აქციონერებისთვის“.
გარდა ამისა, JD.com-ის მენეჯმენტმა $3 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა დააანონსა. როგორც ჩანს, კომპანიის მიზანია, ისარგებლოს აქციების დაბალი ფასით.
JD.com-ის წარმომადგენლებს მომავლისთვის პროგნოზები არ წარმოუდგენიათ.
JD.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $25.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $38.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $80.00-ს, ხოლო მინიმალური — $24.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი JD.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 54%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Super Micro Computer
გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) ამერიკული კომპანიის — Super Micro Computer-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 294%-ით არის გაუმჯობესებული.
Argus Research-ის ანალიტიკოსმა — ჯიმ კელეჰერმა ხელოვნური ინტელექტის (AI) სერვერების მწარმოებლის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $1,350-ის ტოლი სამიზნე ფასი მიანიჭა.
ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ Super Micro გენერაციული AI-სთვის კომპიუტერული და სერვერული გადაწყვეტების წამყვანი პროვაიდერია. ჯიმმა ინვესტორებს ასევე შეახსენა, რომ კომპანია უზრუნველყოფს GPU-ზე (გრაფიკული დამუშავების ერთეული) დაფუძნებულ სისტემებს, რომლებიც აკმაყოფილებს პრობლემების გადაჭრისა და მაღალი ხარისხის გამოთვლების მკაცრ მოთხოვნებს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ შედეგად, მომდევნო წლების განმავლობაში Super Micro-ს შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მოგების მარჟა და EPS გაუმჯობესდება.
Argus Research არ არის ერთადერთი ფირმა, რომელიც Super Micro-ს პერსპექტივების მიმართ დადებითად არის განწყობილი. Bernstein-ის ანალიტიკოსი — ტონი საკონაგი ვარაუდობს, რომ მოთხოვნა ხელოვნური ინტელექტის სერვერების ბაზარზე მომდევნო სამი წლის განმავლობაში 75%-ის ტოლი ნაერთი წლიური ზრდის ტემპით (CAGR) გაიზრდება.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 18 მარტს კომპანია S&P 500 ინდექსს შეუერთდება.
Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1,125.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $824.11-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,300.00-ს, ხოლო მინიმალური — $160.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 27%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 9 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.