გუშინ CrowdStrike-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა. სავაჭრო საათების შემდეგ კი კიბერუსაფრთხოების კომპანიის აქციების ფასი 22%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 143%-ით გაუმჯობესდა.
სამთვიან პერიოდში, რომელიც 31 იანვარს დასრულდა, CrowdStrike-ის შემოსავალი წლიურად 33%-ით — $845.3 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $839.11 მილიონი). კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $0.95 მიაღწია (პროგნოზი — $0.82), ხოლო GAAP1-ის მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა — $0.22-ს. ამ უკანასკნელმაც გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.12-ს.
რაც შეეხება მომავალს, CrowdStrike-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $902-$906 მილიონს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EPS — $0.89-$0.90-ს. აღსანიშნავია, რომ ეს ორივე დიაპაზონი აღემატება ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, ასეთია: $899 მილიონი და $0.82.
კომპანიაში ასევე მოელიან, რომ სრული ფისკალური 2025 წლის განმავლობაში შემოსავალი $3.925-$3.989 მილიარდს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული მოგება თითო აქციაზე — $3.77-$3.97-ს. ამავდროულად, უოლ სტრიტის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ CrowdStrike-ის წლიური შემოსავალი $3.938 მილიარდს შეადგენს, კორექტირებული EPS კი — $3.76-ს.
გარდა ამისა, მენეჯმენტმა ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა მიზანს, 2030 წლისთვის წლიური განმეორებადი შემოსავალი (ARR) $10 მილიარდამდე გაზარდოს.
გუშინ CrowdStrike-ის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ დათანხმდნენ ქლაუდ მონაცემების დაცვის პროვაიდერი სტარტაპის — Flow Security-ის შესყიდვას. გარიგების ღირებულება $200 მილიონს აღწევს. ანგარიშსწორება ნაღდი ფულისა და აქციების საშუალებით შედგება.
ანალიტიკოსების შეფასებები
CrowdStrike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $298.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $339.57-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $400.00-ს, ხოლო მინიმალური — $270.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი CrowdStrike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 36 ანალიტიკოსიდან 34-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
CrowdStrike-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები.