Nvidia-ს შესანიშნავი ზრდა გასულ თვეშიც გაგრძელდა, რადგან კიდევ უფრო მეტი ნიშანი გამოვლინდა იმისა, რომ მოთხოვნა AI (ხელოვნური ინტელექტი) ინფრასტრუქტურაზე კვლავ იზრდება. გარდა ამისა, ჩიპების მწარმოებელმა კომპანიამ გამოაქვეყნა ძლიერი კვარტალური შედეგები, რის შემდეგაც, 22 თებერვალს Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $277 მილიარდით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანიების ისტორიაში ეს ყველაზე დიდი დღიური მატებაა.
S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების მიხედვით, თებერვლის განმავლობაში Nvidia-ს აქციების ფასი 28.6%-ით გაიზარდა. როგორც ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ხედავთ, Nvidia-ს აქციების ფასი თებერვლის პირველ ნახევარში AI ჩიპების ბუმის ფონზე იზრდებოდა, შემდეგ ნიშნულმა ხანმოკლე დაღმასვლა განიცადა. საბოლოოდ, 21 თებერვლის კვარტალური ანგარიშის შემდეგ, ფასი კვლავ საგრძნობლად გაუმჯობესდა.
შესანიშნავი თვე
Nvidia-ს აქციები თვის პირველ ნახევარში გაიზარდა, რადგან ძლიერი კვარტალური ანგარიშები AI-ზე ორიენტირებული კომპანიებისგან, (მაგალითად, Meta Platforms და Arm Holdings) მიანიშნებდა, რომ AI-ზე მოთხოვნა კვლავ ძლიერი და მზარდი იყო. ამავდროულად, ინვესტორების მიერ AI აქციებისადმი გამოვლენილი ინტერესი სექტორში მათი ფასების ზრდას უწყობდა ხელს.
ასევე გავრცელდა რამდენიმე საყურადღებო მოხსენება, მათ შორის ის, რომ Nvidia ქმნის ახალ ბიზნესს, რომელიც მიზნად ისახავს მორგებული AI ჩიპების შექმნას ქლაუდ კომპიუტერული და სხვა სახის ფირმებისთვის. ამან შეიძლება Nvidia-ს კონკურენტული უპირატესობის გაძლიერებას შეუწყოს ხელი.
Nvidia-მ ასევე ისარგებლა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მიერ სამიზნე ფასების გაუმჯობესებით.
რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ შედეგებს, საკვანძო კვარტალური მაჩვენებლები ასე გამოიყურებოდა:
უოლ სტრიტზე ასევე გავლენა იქონია Nvidia-ს პროგნოზმა. კომპანიაში მოელიან, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $24 მილიარდს მიაღწევს და ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს — $21.9 მილიარდს.
გარდა ამისა, თებერვალში Nvidia-მ გამოუშვა თავისი AI ჩეთბოტი — Chat With RTX, რომელიც სწრაფი და ინდივიდუალურად მორგებული AI ინტერაქციის საშუალებას იძლევა. ასე ვთქვათ, მრავალმხრივი კომპანიონია, რომელიც არა მხოლოდ პასუხობს შეკითხვებს, არამედ YouTube ვიდეოებს და დოკუმენტებსაც აჯამებს; ითვალისწინებს პერსონალურ მახასიათებლებს.
უბრალოდ, აღნიშნული სისტემის გამოსაყენებლად ვინდოუს ლეპტოპს უნდა ჰქონდეს როგორც RTX 30 ან 40-სერიის GPU, ისე მინიმუმ 8-გიგაბიტიანი VRAM. ამჟამად ბეტა ვერსიითაა წარმოდგენილი და ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ უკვე დიდ პოტენციალს ავლენს. მაგალითად, ვინდოუსზე მსგავსი AI სისტემის ჩაინტეგრირება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომხმარებელთა გამოცდილებას — უფრო სწრაფად შეძლებენ გენერაციული შესაძლებლობების გამოყენებას, დოკუმენტებისა და სხვა კონტენტის დამუშავებას. გარდა ამისა, შესაძლებელია ისეთი კითხვების დასმაც, როგორიცაა საუკეთესო რესტორნის რეკომენდაცია.
რას უნდა მოველოდეთ მომავალში?
Nvidia-ს აქციებმა მარტიც ზრდით დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტორის კომპანიებმა ძლიერი კვარტალური ანგარიშები გამოაქვეყნეს. ამჯერად Dell Technologies-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის AI სერვერებზე მოთხოვნა იზრდება.
ჯერჯერობით, მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტის პოპულარობა კვლავ მატულობს, ხოლო Nvidia მომგებიან პოზიციაში რჩება.
ანალიტიკოსების შეფასებები
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $852.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 40 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $886.52-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,200.00-ს, ხოლო მინიმალური — $608.40-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 40 ანალიტიკოსიდან 38-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.