გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Amazon, Tesla, Sea Limited და Macy’s.
Amazon
გუშინ Amazon-ის პარტნიორმა — Anthropic-მა ორშაბათს წარადგინა თავისი ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელის — Claude 3-ის უახლესი თაობა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით ის შემეცნებითი ამოცანების ფართო სპექტრში ინდუსტრიის ახალ საორიენტაციო ნიშნულებს აყალიბებს.
Anthropic-მა წარმოადგინა ხელოვნური ინტელექტის სამი უახლესი მოდელი შესაძლებლობების აღმავალი თანმიმდევრობით: Claude 3 Haiku, Claude 3 Sonnet და Claude 3 Opus. თითოეული შემდეგი მოდელი მომხმარებლებს სთავაზობს უფრო მძლავრ წარმადობას, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი კონკრეტული აპლიკაციისთვის ინტელექტის, სიჩქარისა და ღირებულების ოპტიმალური ბალანსი შეარჩიონ.
Anthropic-ის მტკიცებით, Claude 3 Opus-მა მათემატიკაში, ცოდნასა და კოდში აჯობა Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილ OpenAI-ის GPT-4-ს და Alphabet-ის Google Gemini Ultra-ს.
Opus და Sonnet მოდელები ხელმისაწვდომია Claude-ის მომხმარებლებისთვის და კომპანიის მენეჯმენტის თქმით, Haiku-ც მალე გახდება ხელმისაწვდომი.
Amazon Web Services-მა (AWS) დააანონსა, რომ Claude-ის ახალი მოდელები ინტეგრირებული იქნება Amazon Bedrock-ში კომპანიის მომხმარებელი საწარმოებისთვის.
Anthropic-ის Claude მოდელის უახლესი თაობა გამოვიდა მაშინ, როდესაც Amazon, Google და Microsoft, ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, ამ სფეროში თავიანთი პოზიციების გამყარებაზე მუშაობენ.
მათმა AI-სთან დაკავშირებულმა ინვესტიციებმა ასევე მიიპყრო ანტიმონოპოლიური მარეგულირებლების ყურადღება — იანვარში ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) წამოიწყო გამოძიება Google-ის, Amazon-ის, Anthropic-ის, Microsoft-ისა და OpenAI-ის გენერაციული AI ინვესტიციებისა და პარტნიორობების შესახებ.
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $178.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 41 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $208.23-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $230.00-ს, ხოლო მინიმალური — $175.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17.3%-იან ზრდას გულისხმობს.
Tesla
გუშინ Tesla-ს აქციების ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც გაყიდვების ახალმა მონაცემებმა აჩვენა, რომ კომპანიის შანხაის ქარხნიდან მიწოდება ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ასეთი შედეგი კი გამოწვეული იყო ჩინური ახალი წლით (10 თებერვალი) და შიდა კონკურენციით.
გუშინ, ჩინეთის სამგზავრო ავტომობილების ასოციაციის (CPCA) წინასწარი მონაცემების მიხედვით, Tesla-მ ჩინეთის ქარხნიდან ბაზარს თებერვალში 60,365 მანქანა მიაწოდა. ეს გასული წლის იმავე თვის შედეგს 19%-ით ჩამოუვარდებოდა და 2022 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო.
ჩინეთში ავტომობილების გაყიდვები, როგორც წესი, წლის დასაწყისში ნელდება ჩინური ახალი წლის გამო, მაგრამ უახლესი დაბალი მაჩვენებლები ასევე გამოწვეული იყო ელექტრომობილების (EV) გაყიდვების შენელებით და ქვეყანაში გაზრდილი კონკურენციით.
Tesla-მ ამ თვის დასაწყისში საფასო სტრატეგიის კორექტირება განაგრძო — ჩინელ მომხმარებლებს შესთავაზა სადაზღვევო სუბსიდიები Model Y-სა და Model 3 ელექტრომობილებზე. ეს იყო საპასუხო ნაბიჯი CPCA-ს სხვა მონაცემებზე, რომლებმაც აჩვენა, რომ იანვარში (დეკემბერთან შედარებით) ჩინეთში მოთხოვნა ალტერნატიული ენერგიის ავტომობილებზე 30%-ით დაეცა.
Tesla-ს ასევე ემუქრება ძლიერი კონკურენცია ადგილობრივი EV კომპანიებისგან, როგორებიც არიან BYD და Xpeng. პირველი მათგანის მენეჯმენტმა გუშინ განაცხადა, რომ კომპანია თავისი განახლებული ჯიპის — Yuan Plus-ის ფასს, მიმდინარე ვერსიასთან შედარებით, 11.8%-ით ამცირებს. Xpeng-მა კი მარტის ბოლომდე გაახანგრძლივა დაახლოებით $2,780-იანი ფასდაკლება თავის ყველაზე გაყიდვად ჯიპზე — G6-ზე.
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $188.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $211.58-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $345.00-ს, ხოლო მინიმალური — $23.53-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 19-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 5-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Sea Limited
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Sea Limited-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 22%-ით შემცირდა.
Sea Limited ვიდეო თამაშების ბიზნესს, ელექტრონული კომერციის პლატფორმას და ფინანსური ტექნოლოგიების (ფინტექ) სერვისებს ოპერირებს. 2023 წელს, ამ სეგმენტებმა კომპანიას ერთობლივად მოუტანეს წმინდა მოგება. Sea Limited-ისთვის ეს იყო პირველი მომგებიანი წელი მას შემდეგ, რაც მისი აქციები საფონდო ბირჟაზე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა 2017 წელს.
ტექნოლოგიური კომპანიის კვარტალურმა შემოსავალმა $3.6 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.57 მილიარდი), ხოლო ზარალმა თითო აქციაზე — $0.19 (პროგნოზი — -$0.07).
Sea Limited-ისთვის წლიურმა წმინდა მოგებამ კი $163 მილიონს მიაღწია. შედარებისთვის 2022 წელს კომპანიამ $1.7 მილიარდის მოცულობის ზარალი დააფიქსირა.
2022 წლის ბოლოს, მომგებიანობისკენ სწრაფვის მიზნით, Sea-ს მენეჯმენტმა მკვეთრად შეამცირა გაყიდვებისა და მარკეტინგული ხარჯები. თუმცა მან კომპანიის ელექტრონული კომერციის პლატფორმის — Shopee-ს საშუალებით ბაზრის წილის მოპოვების შესაძლებლობები დაინახა. კარგი ამბავი ის არის, რომ მენეჯმენტის თქმით, 2023 წელს Sea Limited-ს ბაზრის წილი მნიშვნელოვნად გაზარდა. თუმცა ამ შედეგის მისაღწევად კომპანიას კიდევ ერთხელ მოუწია გაყიდვებისა და მარკეტინგული ხარჯების გაზრდა, შესაბამისად, მეოთხე კვარტალში Sea-ს წმინდა ზარალმა $112 მილიონი შეადგინა.
Sea Limited-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $54.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $52.83-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $82.00-ს, ხოლო მინიმალური — $40.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Sea Limited-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Macy’s
სამი თვის წინ უნივერსალური მაღაზიების ქსელის აქციების — Macy’s-ის აქციების ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ შესყიდვის შეთავაზება მიიღო კერძო საინვესტიციო ფირმებისგან — Arkhouse Management და Brigade Capital Management. ეს წინადადება გულისხმობდა Macy’s-ის თითო აქციისთვის $21-ის (მთლიანობაში — $5.8 მილიარდი) გადახდას. შაბათ-კვირის განმავლობაში, ამ სავარაუდო მყიდველებმა შეთავაზება თითო აქციაზე $24-მდე (მთლიანობაში — $6.6 მილიარდი) გაზარდეს.
Macy’s-ის მენეჯმენტმა ინვესტორებს ახალი და გაუმჯობესებული წინადადების შესახებ კვირა საღამოს აცნობა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები ხშირად ენთუზიაზმით არ არიან განწყობილნი „მტრული“ შესყიდვის მიმართ, მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Macy’s-ის დირექტორთა საბჭო ამ საკითხის მიმართ ღიაა, გულდასმით განიხილავს და შეაფასებს უახლეს წინადადებას, სანამ გადაწყვეტს, დაუჭიროს თუ არა მას მხარი.
მაგრამ სულ ეს არის. კომპანიის წარმომადგენლებს მეტი არ კომენტარი არ გაუკეთებიათ და ისინი არც აპირებენ რამის თქმას მანამ, სანამ საბჭო ამ საკითხის განხილვას არ დაასრულებს.
Macy’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $20.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $18.59-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $22.49-ს, ხოლო მინიმალური — $10.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Macy’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.