პარასკევს საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Novo Nordisk, Sweetgreen, Li Auto, MasTec და Pactiv Evergreen.
Novo Nordisk
პარასკევს, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, დანიური ფარმაცევტული კომპანიის — Novo Nordisk-ის აქციების ფასი თითქმის 4%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 49%-ით გაუმჯობესდა.
პარასკევს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსმა — მარკ პარსელმა Novo Nordisk-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი 16%-ით — $116-დან $135-მდე გაზარდა.
დღესდღეობით Novo Nordisk-ის მიმართ ოპტიმისტურად განწყობა რთული არ არის. ევროპული ფარმაცევტული კომპანია ფლობს ძალიან მნიშვნელოვან პროდუქტს — Wegovy-ის. ეს არის ჭარბი წონის სამკურნალო მედიკამენტი, რომელმაც ბოლო პერიოდში პოპულარობა მოიპოვა და აშშ-ში პაციენტების საკმაოდ დიდი ბაზა ჩამოაყალიბა.
ბოლო დროს Novo Nordisk-ისთვის წონაში კლების მედიკამენტი დიდი სტიმული აღმოჩნდა. ეს აშკარად წარმოაჩინა კომპანიის სრული 2023 წლის ანგარიშმა, რომელმაც აჩვენა, რომ გაყიდვები 36%-ით გაიზარდა. Novo Nordisk-ის თერაპიების ოთხი სფეროდან ჭარბი წონის მკურნალობა ყველაზე პოპულარული მიმართულება იყო — ამ სეგმენტის შემოსავალი, 2022 წელთან შედარებით, 154%-ით გაუმჯობესდა.
ფარმაცევტული სექტორი აღსავსეა მყარი, კარგად კაპიტალიზებული კომპანიებით და ზოგიერთი მათგანი Novo Nordisk-ს ამ სფეროში უკვე კონკურენციას უწევს. მაგალითად, Eli Lilly-ს დიაბეტის მედიკამენტმა — Mounjaro-მ მოიპოვა დასტური აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) ჭარბი წონის მკურნალობისთვის და ის ბაზარზე Zepbound-ის ბრენდით გამოდის. ამავდროულად, გასულ კვირაში Viking Therapeutics-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ჭარბწონიანობის სამკურნალო ექსპერიმენტული პრეპარატის — VK2735-ის მეორე ფაზის ტესტირებამ პირველადი და მეორადი მიზნები დააკმაყოფილა.
Novo Nordisk- აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $124.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $118.80-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $140.00-ს, ხოლო მინიმალური — $67.62-ს. საშუალო სამიზნე ფასი Novo Nordisk-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4.4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 6 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია და 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Sweetgreen
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Sweetgreen-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი სარესტორნო ქსელის აქციების ფასი 28%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 32%-ით გაუმჯობესდა.
2023 წლის მეოთხე კვარტალში Sweetgreen-ის შემოსავალი წლიურად 29%-ით — $153 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $152 მილიონი). ეს ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო ახალი რესტორნების გახსნით, რადგან ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 წლიურად 6%-ით გაუმჯობესდა. გარდა ამისა, კომპანიამ კიდევ ერთი კვარტლის განმავლობაში მოახერხა, რომ გაყიდვების საშუალო მოცულობამ თითო ლოკაციაზე $2.9 მილიონს მიაღწია. ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი საუკეთესოა სწრაფი კვების ინდუსტრიაში და Sweetgreen-ის შეთავაზებებზე ძლიერი მოთხოვნის მტკიცებულებას წარმოადგენს.
რესტორნის დონის მოგების მარჟა, ამ ინდუსტრიის მთავარი მაჩვენებელი, წლიურად 11%-დან 16%-მდე გაიზარდა, ხოლო Sweetgreen-ის კორექტირებული EBITDA ზარალი (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $17.9 მილიონიდან $1.8 მილიონამდე შემცირდა.
გარდა ამისა, Sweetgreen-ის კორექტირებული ზარალი თითო აქციაზე $0.44-დან $0.24-მდე შემცირდა, რაც ოდნავ უარესი იყო, ვიდრე ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზი — -$0.22.
„2023 Sweetgreen-ისთვის ძლიერი წელი იყო — ჩვენ განვაგრძეთ მაღალი ზრდისა და მნიშვნელოვანი საოპერაციო ბერკეტის დემონსტრირება, ამასთან ბიზნესში მნიშვნელოვანი ინოვაციები განვახორციელეთ“ — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონათან ნემანმა პრესრელიზში.
როგორც ჩანს, ინვესტორები კმაყოფილები დარჩნენ Sweetgreen-ის პროგნოზებითაც. კომპანიის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $150-$154 მილიონს მიაღწევს (ანალიტიკოსების პროგნოზი — $147.3 მილიონი). რაც შეეხება სრულ წელს, მოსალოდნელია, რომ შემოსავალი 12%-15%-ით გაუმჯობესდება და $655-$670 მილიონს მიაღწევს. ეს დიაპაზონი კი უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს შეესაბამება.
ამასთან, Sweetgreen-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ახალი რესტორნების გახსნის ტემპი შენელდება და ამჟამად არსებულ 220 ლოკაციას მიმდინარე კვარტალში კიდევ 23-27 დაემატება. კომპანია ასევე განაგრძობს ინვესტირებას სალათის დაკომპლექტების რობოტულ ტექნოლოგიაში, რომელსაც ის Infinite Kitchen-ს უწოდებს.
Sweetgreen-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $16.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 7 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $15.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $19.00-ს, ხოლო მინიმალური — $11.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Sweetgreen-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.5%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 7 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Li Auto
პარასკევს, თებერვლის მიწოდების მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ, ელექტრომობილების მწარმოებელი ჩინური კომპანიის — Li Auto-ს აქციების ფასი 5%-ზე მეტით შემცირდა. ფირმამ კვარტალური ანგარიში გასული კვირის დასაწყისში, ორშაბათს წარადგინა, რის შემდეგაც მისი აქციების ფასი იმავე დღეს თითქმის 33%-ით გაუმჯობესდა და Li Auto-მ საბოლოოდ კვირა 25%-იანი ზრდის დაასრულა.
2023 წელს ელექტრომობილების მწარმოებლის წარმადობა შესანიშნავი იყო. გაყიდვები წლიურად 173.5%-ით — $17.4 მილიარდამდე გაიზარდა. მთლიანი მოგების მარჟამ 280 საბაზისო პუნქტით — 22.2%-მდე მოიმატა, რაც General Motors-ისა და Ford-ის იმავე მაჩვენებლებს ორჯერ აღემატება. თავისუფალი ფულადი ნაკადები 19-ჯერ — $6.2 მილიარდამდე გაუმჯობესდა. წმინდა მოგებამ კი $1.7 მილიარდი შეადგინა მაშინ, როდესაც 2022 წელი კომპანიამ ზარალით დაასრულა.
რაც შეეხება თებერვლის მაჩვენებლებს, Li Auto-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გასულ თვეში ავტომობილების მიწოდებამ მხოლოდ 20,251 შეადგინა. იანვართან შედარებით ეს მაჩვენებელი 35%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად მხოლოდ 22%-ით გაუმჯობესდა (1 კვირით ადრე კომპანიის მენეჯმენტი ინვესტორებს 90%-იან ზრდას დაჰპირდა).
Li Auto-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $43.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $55.31-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $63.00-ს, ხოლო მინიმალური — $48.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Li Auto-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 27%-იან ზრდას გულისხმობს.
MasTec
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, MasTec-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი სამშენებლო კომპანიის აქციების ფასი 12%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით შემცირდა.
MasTec არის სამშენებლო და საინჟინრო კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების დაპროექტებაზე. მეოთხე კვარტალში MasTec-ის შემოსავალი 9%-ით — $3.3 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.26 მილიარდი). მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $0.66 შეადგინა (პროგნოზი — $0.45). გარდა ამისა, Mastec-მა $500 მილიონის ოდენობით ფულადი სახსრების გამომუშავება შეძლო.
კომპანიამ მძიმე წელი საბოლოოდ მაღალ ნოტაზე დაასრულა. MasTec-ის აქციების ფასი შემცირდა ნოემბერში მას შემდეგ, რაც მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მსხვილი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხების შედეგად, კომპანიამ შემოსავლისა და მოგების პროგნოზების გამართლება ვერ შეძლო.
MasTec-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ხოსე მასმა განაცხადა, რომ კომპანიის სერვისებზე მოთხოვნა ძალიან ძლიერია. იგი პროგნოზირებს გაუმჯობესებას 2024 წელს, ასევე შემოსავლებისა და მოგების ზრდას ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით 2025 წელს და მის შემდეგ.
გარდა ამისა, MasTec-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს ზარალს პირველ კვარტალში, რომელიც, როგორც წესი, კომპანიისთვის წლის ყველაზე ნელი პერიოდია. თუმცა Mastec-ში მოელიან, რომ სრული 2024 წლის შემოსავალი $12.5 მილიარდს მიაღწევს. შედარებისთვის 2023 წელს ამ მაჩვენებელმა $12 მილიარდი შეადგინა.
MasTec-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $85.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $76.63-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $92.00-ს, ხოლო მინიმალური — $55.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი MasTec-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Pactiv Evergreen
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Pactiv Evergreen-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. პარასკევს კი საკვების შეფუთვების მწარმოებლის აქციების ფასი 10%-ზე მეტით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 21%-ით გაუმჯობესდა.
მეოთხე კვარტალში რესტორნების ინდუსტრიის მომმარაგებლის შემოსავალი წლიურად 14%-ით — $1.27 მილიარდამდე გაიზარდა და ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.32 მილიარდს.
კლება დიდწილად მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც Pactiv-მა დახურა ქარხანა ჩრდილოეთ კაროლინაში — ეს კომპანიის რესტრუქტურიზაციის გეგმასთან არის დაკავშირებული. მენეჯმენტმა შემცირების მიზეზებად ასევე დაასახელა გაყიდვების დაბალი მოცულობა, არახელსაყრელი ფასები და გაყიდვების არასასურველი ნაზავი.
კორექტირებული EBITDA კი წლიურად $167 მილიონიდან $207 მილიონამდე გაუმჯობესდა. კორექტირებული EPS, რომელიც რესტრუქტურიზაციის ხარჯებს გამორიცხავს, $0.17-დან $0.33-მდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.21-ს.
Pactiv Evergreen-ის მენეჯმენტმა დააანონსა რესტრუქტურიზაციის კიდევ ერთი გეგმა. მოსალოდნელია, რომ 2026 წლისთვის ეს კომპანიას $35 მილიონს დააზოგვინებს, ხოლო რესტრუქტურიზაციის ხარჯები $70-$105 მილიონს მიაღწევს.
აღმასრულებელმა დირექტორმა — მაიკლ კინგმა განაცხადა: „2023 წელს კომპანიამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თავისი ტრანსფორმაციული მოგზაურობის მრავალ ფრონტზე. ახლა კი კომპანია გეგმავს, წამოიწყოს თავისი სტრატეგიული ტრანსფორმაციის შემდეგი ეტაპი, რომელიც კომპანიის საწარმოო შესაძლებლობების ნაწილის რაციონალიზაციას მოიცავს“.
რაც შეეხება მომავალს, Pactiv Evergreen-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წელს კომპანიის კორექტირებული EBITDA $850-$870 მილიონს მიაღწევს. შედარებისთვის, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა $840 მილიონი შეადგინა.
Pactiv Evergreen-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $13.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $17.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $19.00-ს, ხოლო მინიმალური — $16.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Pactiv Evergreen-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 6 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.