გუშინ Dell Technologies-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვარტალურმა შედეგებმა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. სავაჭრო საათების შემდეგ კი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი 19%-ზე მეტით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 90%-ით გაუმჯობესდა.
ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში Dell Technologies-ის შემოსავალი წლიურად 11%-ით — $22.32 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა მაინც აჯობა ანალიტიკოსების პროგნოზს — $22.16 მილიარდს. Dell’s Infrastructure Solutions Group-ის შემოსავალი კვარტალურად 10%-ით გაუმჯობესდა, რადგან ხელოვნური ინტელექტის (AI) საფუძველზე ოპტიმიზებული სერვერის შეკვეთები თითქმის 40%-ით გაიზარდა.
გასულ კვარტალში Dell-ის წმინდა მოგებამ 89%-ით მოიმატა და $1.16 მილიარდს მიაღწია. კორექტირებული მოგება თითო აქციაზე (EPS) $2.2 იყო (პროგნოზი — $1.73). თუმცა ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა $1.59 შეადგინა და ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების პროგნოზს $0.68-ით გადააჭარბა.
სრული ფისკალური 2024 წლის განმავლობაში Dell-ის შემოსავალმა $88.4 მილიარდს მიაღწია, ხოლო წმინდა მოგებამ — $7.7 მილიარდს და უოლ სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინს ამ ორივე მაჩვენებელმა აჯობა.
„ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე ოპტიმიზებული ჩვენი სერვერის ძლიერი იმპულსი გრძელდება, შეკვეთები თანმიმდევრულად იზრდება. პოტენციური AI შესაძლებლობების გამოყენება ახლა დავიწყეთ და გვჯერა, რომ Dell, თავისი ფართო პორტფელით, შესანიშნავად არის ბაზარზე პოზიციონირებული, რათა მომხმარებლებს დაეხმაროს, შექმნან GenAI გადაწყვეტილებები, რომლებიც აკმაყოფილებს წარმადობის, ღირებულებისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს“ — განაცხადა Dell-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯეფ კლარკმა.
გარდა ამისა, Dell-ის მენეჯმენტმა კვარტალური დივიდენდის 20%-ით — $1.78-მდე გაზრდა დააანონსა. ფინანსურმა დირექტორმა — ივონ მაკგილმა კი ამ ნაბიჯს ბიზნესის პოტენციალის მიმართ ნდობის დადასტურება უწოდა.
Dell-ს შეუძლია, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარებით, მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოს AI ლიდერებთან, მათ შორის Nvidia-სა და AMD-სთან პარტნიორობით. ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ Dell-ს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს დაჩქარებული განახლების ციკლით, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპიუტერები განაპირობებს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Dell Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $95.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $90.77-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $125.00-ს, ხოლო მინიმალური — $53.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Dell Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Dell Technologies-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.