გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Wix.com-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ვებგვერდების შემქნელი კომპანიის აქციების ფასი 4%-ზე მეტით გაიზარდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60%-ით გაუმჯობესდა.
კვარტალური ანგარიში
გასულ კვარტალში Wix-ის შემოსავალმა $403.8 მილიონს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $402.61 მილიონი). კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $1.29 შეადგინა (პროგნოზი — $0.96). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილი EPS კი მხოლოდ $0.05 იყო, მაგრამ ამ მაჩვენებელმა უოლ სტრიტის პროგნოზს $0.06-ით გადააჭარბა.
რაც შეეხება სრულ წელს, 2023-ში Wix-ის შემოსავალი 13%-ით გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს — $1.6 მილიარდს მიაღწია. ინვესტორებზე ასევე დიდი შთაბეჭდილება იქონია თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა (FCF), რომელმაც $182 მილიონს მიაღწია. FCF მარჟამ კი თითქმის 12% შეადგინა, რაც ბოლო რამდენიმე წელიწადში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში Wix-ის აქციები კარგი წარმადობით არ ხასიათდებოდა, კომპანია შემოსავლების თვალსაზრისით რეკორდების დამყარებას განაგრძობდა. ამასთან, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Wix-ის საოპერაციო ხარჯების უმეტესობა იზრდებოდა იმავე ტემპით, როგორც შემოსავალი, გარდა ერთი შემთხვევისა. მხოლოდ 2023 წელს გაყიდვებისა და მარკეტინგის ხარჯები წლიურად 19%-ით შემცირდა, რამაც ხელი შეუწყო ამ პერიოდში მოგების გაუმჯობესებას.
აქამდე Wix უფრო მეტად იყო პლატფორმა ფიზიკური პირებისთვის ონლაინ სივრცეში თავის წარმოსაჩენად. თუმცა ბოლო წლებში უფრო მეტმა ბიზნესმა დაიწყო მისი გამოყენება. ამასთან, კომპანია თანამშრომლობს სხვა ფირმებთან და ფრილანსერებთან, რათა პლატფორმაზე მეტი მომხმარებელი მოიზიდოს. ეს ახალი ინიციატივები ხელს უწყობს ზრდას და მოითხოვს ნაკლებ მარკეტინგულ ხარჯებს, ვიდრე მომხმარებლების თარგეთირება.
მდგომარეობა უმჯობესდება
Wix-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წლის განმავლობაში პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ წლიური შემოსავალი 11%-13%-ით გაუმჯობესდება და ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს. მენეჯმენტი ასევე პროგნოზირებს, რომ კომპანიის კორექტირებული FCF მარჟა მინიმუმ 21%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ფულადი ნაკადების პროგნოზიდან გამორიცხულია Wix-ის ახალ სათავო ოფისთან დაკავშირებული ხარჯები. თუმცა მაინც, უდავოა, რომ კომპანია ოპერაციულ გაუმჯობესებას აჩვენებს.
ანალიტიკოსების შეფასებები
Wix.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $131.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $137.62-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $150.00-ს, ხოლო მინიმალური — $117.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Wix.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 14 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Wix.com-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.