გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Lowe’s Companies-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 0.5%-ით არის დაკლებული.
Lowe’s არის ამერიკული საცალო ვაჭრობის კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია სახლის გაუმჯობესების პროდუქტებში. ფირმა ჩამორჩა გასული კვარტლის შემოსავლის მოლოდინს და მენეჯმენტმა შეამცირა მომავლის პერსპექტივა, რადგან მზარდი მოთხოვნა სახლის განახლებაზე, რომელიც პანდემიის პერიოდში არსებობდა, გაქრა.
ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში Lowe’s-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 12.8%-ით — $20.47 მილიარდამდე შემცირდა (უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზი — $20.88 მილიარდი), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $3.06 შეადგინა. ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.02-ს — ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა. ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 კი 7.4%-ით შემცირდა.
Lowe’s-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მარვინ ელისონმა არასასიამოვნო შედეგები და პროგნოზები მიაწერა დისკრეციული ხარჯების შემცირებას DIY (გააკეთე საკუთარი ხელით) პროექტებისთვის. მან აღნიშნა, რომ Lowe’s-ის შემოსავლის დიდი ნაწილი DIY მომხმარებლების მიერ წარმოიქმნება და ამ მიმართულებით მოსალოდნელზე მეტმა კლებამ მესამე კვარტლის შედეგებზე ნეგატიურად იმოქმედა. თუმცა მარვინმა განმარტა, რომ Lowe’s-მა პროფესიონალი კონტრაქტორების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნით ისარგებლა.

რაც შეეხება მომავალს, Lowe’s-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი $86 მილიარდს მიაღწევს, ხოლო EPS — $13-ს. ეს მაჩვენებლები ჩამორჩება წინა პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $87-$89 მილიარდს და $13.20-$13.60-ს შეადგენდა.
გარდა ამისა, Lowe’s-ში მოელიან, რომ ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები 5%-ით შემცირდება. ადრე მენეჯმენტი პროგნოზირებდა, რომ ეს მაჩვენებელი 2%-4%-ით დაიკლებდა.
Lowe’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $198.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $230.05-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $265.00-ს, ხოლო მინიმალური — $194.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Lowe’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.