Tesla შვედეთში პროფკავშირისგან მზარდი ზეწოლის პრობლემის წინაშე დგას, რადგან პარასკევს პორტის მუშაკებმა განაცხადეს, რომ ისინი, გაფიცული მექანიკოსებისადმი სოლიდარობის ნიშნად, უარს იტყვიან შვედეთის პორტებში Tesla-ს ავტომობილების გადმოტვირთვაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების (EV) ინდუსტრიის ლიდერს შვედეთში საწარმოო ობიექტი არ აქვს, Tesla-ს ავტომობილებს ემსახურება 120-ზე მეტი მექანიკოსი, რომელიც შვედურ პროფკავშირთან — IF Metall-თან არის დაკავშირებული. მათ გაფიცვა 27 ოქტომბერს დაიწყეს, უარი თქვეს Tesla-ს პროდუქტებზე მუშაობაზე და პროტესტის ტალღას სადილერო კომპანიების თანამშრომლებთან ერთად სხვებიც შეუერთდნენ.
Tesla-ს მიმწოდებელი Hydro Extrusions-ის (ნორვეგიული ალუმინის და ენერგეტიკული კომპანიის — Hydro-ს შვილობილი კომპანია) დაახლოებით 50-მა თანამშრომელმა, რომელიც პროფკავშირშია გაწევრიანებული, განაცხადა, რომ ისინი Tesla-ს პროდუქტებზე მუშაობაზე უარს მომდევნო პარასკევიდანაც იტყვიან, თუ კომპანიის წარმომადგენლები კოლექტიურ ხელშეკრულებას არ შეუერთდებიან.
შვედეთში თანამშრომლების უმეტესობა კოლექტიური ხელშეკრულებებით სარგებლობს. მათ პირობებზე მოლაპარაკება, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს ანაზღაურებას, პენსიას, სამუშაო საათებს, შეღავათებს და გაფრთხილების პერიოდებს, როგორც წესი, სექტორების მიხედვით მიმდინარეობს. თუმცა, პროფკავშირის ცნობით, Tesla-ს წარმომადგენლები არ დათანხმდნენ კოლექტიურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, რომლის შედეგადაც შეიძლებოდა შრომის ხარჯები გაზრდილიყო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში გერმანიაში პროფკავშირებმა Tesla-ს მენეჯმენტი აიძულეს, დაახლოებით 11,000 მუშაკისთვის ხელფასი 4%-ით გაეზარდა. თუმცა გერმანული პროფკავშირის — IG Metall-ის წარმომადეგენლები ირწმუნებიან, რომ ხელფასები დაახლოებით 20%-ით დაბალია იმაზე, ვიდრე კოლექტიური ხელშეკრულებებით იყო გათვალისწინებული.
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $234.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $248.54-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $380.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 33 ანალიტიკოსიდან 14-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 6-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.