გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Home Depot, Afya, Sally Beauty Holdings, Paysafe და Sea Limited.
Home Depot
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Home Depot-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სახლის კეთილმოწყობის საცალო მოვაჭრის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით არის შემცირებული.
გარდა ამისა, აქციამ, როგორც ჩანს, ისარგებლა მოსალოდნელზე უკეთესი ინფლაციის ანგარიშით. ეს შედეგი ნაკლებად სავარაუდოს ხდის იმას, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა კვლავ გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს, რაც Home Depot-ისთვის სასარგებლოა.
სახლის კეთილმოწყობის საცალო გიგანტი აგრძელებს საბინაო ბაზრის შენელების პირობებში ოპერირებას. ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 3.1%-ით შემცირდა, ხოლო შემოსავალმა წლიდან წლამდე 3%-ით — $37.71 მილიარდამდე დაიკლო, რაც ოდნავ აღემატებოდა ანალიტიკოსების პროგნოზს — $37.63 მილიარდს.
მოგება თითო აქციაზე (EPS) $4.24-დან $3.81-მდე შემცირდა, თუმცა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.76-ს ეს მაჩვენებელიც აღემატებოდა.
აღმასრულებელმა დირექტორმა — ტედ დეკერმა განაცხადა, რომ კვარტალური შედეგები შეესაბამება კომპანიის მოლოდინებს და გარკვეულ მსხვილ დისკრეციულ კატეგორიებზე ზეწოლა გრძელდება, რაც იმის ნიშანია, რომ სახლის მფლობელები, საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე, ხარჯვისას უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენენ.
რაც შეეხება მომავალს, Home Depot-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში comps 3%-4%-ით შემცირდება (წინა პროგნოზი — 2%-5%-იანი კლება). კომპანიაში ასევე ვარაუდობენ, რომ EPS 9%-11%-ით დაიკლებს (ძველი პროგნოზი — 7%-13%-იანი კლება).
Home Depot-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $304.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 23 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $337.95-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $380.00-ს, ხოლო მინიმალური — $302.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Home Depot-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 23 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Afya
ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Afya-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა. გუშინ კი ბრაზილიაში დაფუძნებული სამედიცინო განათლების კომპანიის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით არის გაუმჯობესებული.
Afya-ს კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 25%-ით — $147 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $146 მილიონი). წმინდა მოგებამ კი 22%-ით მოიმატა და $20 მილიონი შეადგინა, ანუ EPS $0.21 იყო (პროგნოზი — $0.26).
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ დაფიქსირებული მოგება პროგნოზს ჩამორჩა, კვარტალური მაჩვენებლები მაინც გამამხნევებელი იყო. Afya-სთვის ერთ-ერთი დადებითი მოვლენა იყო ის, რომ მისმა სამივე სეგმენტმა — უწყვეტი განათლება, ციფრული ჯანდაცვის სერვისები და ბაკალავრიატი — კვარტალში მყარი ზრდა დააფიქსირა. სამეულში უწყვეტი განათლება ლიდერობდა 35%-იანი ზრდით, ხოლო ყველაზე დიდი მიმართულება — ბაკალავრიატი 25%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება მომავალს, Afya-ს მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მთელი წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი $559-$579 მილიონს შეადგენს, კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) კი $224-$244 მილიონს მიაღწევს. Afya-ს მენეჯმენტს მოგების პროგნოზები არ წარმოუდგენია.
Afya-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $18.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 3 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $22.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $24.00-ს, ხოლო მინიმალური — $20.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი Afya-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას გულისხმობს.
Sally Beauty Holdings
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Sally Beauty Holdings-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სილამაზის პროდუქტების საცალო მოვაჭრის აქციების ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 31%-ით არის შემცირებული.
ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტალში, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა, Sally Beauty-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 4.3%-ით — $921 მილიონამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $930.44 მილიონი), ხოლო comps 1.6%-ით დაეცა. კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი $45.7 მილიონი შეადგინა, ანუ EPS $0.42 იყო (პროგნოზი — $0.46). გარდა ამისა, Sally beauty-მ კვარტალში $116.5 მილიონის ოდენობით საოპერაციო ფულადი ნაკადები გამოიმუშავა.
მიუხედავად ამისა, Sally Beauty-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — დენის პაულონისმა აღნიშნა, რომ კომპანიის სრული ფისკალური წლის შედეგები წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზებს შეესაბამება.
ახალი ფისკალური წლის მოლოდინში, Sally Beauty-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ შემოსავალი და comps, ფისკალურ 2023 წელთან შედარებით, დაახლოებით უცვლელი იქნება. შედარებისთვის, უოლ სტრიტი ამ მიმართულებით 1.4%-იან ზრდას მოელის.
Sally Beauty-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $9.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 3 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $11.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $12.00-ს, ხოლო მინიმალური — $10.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Sally Beauty-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 25%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 3 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Paysafe
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Paysafe-მა ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი გადახდების პლატფორმის კომპანიის აქციების ფასი 27%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის შემცირებული.
2023 წლის მესამე კვარტალში Paysafe-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 8%-ით — $396.4 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $398.3 მილიონი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი $35.3 მილიონი შეადგინა, ანუ EPS $0.57 იყო (პროგნოზი — $0.05).
Paysafe-ის სავაჭრო გადაწყვეტების სეგმენტიდან შემოსავალი 6%-ით — $216.8 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო ციფრული საფულეების მიმართულებიდან შემოსავალმა 12%-ით მოიმატა და $182.9 მილიონი შეადგინა. გადახდის მთლიანი მოცულობა 8%-ით — $35.1 მილიარდამდე გაიზარდა.
კორექტირებული EBITDA წლიდან წლამდე 22%-ით გაუმჯობესდა და $116.1 მილიონს მიაღწია.
გარდა ამისა, Paysafe-ის მენეჯმენტმა $50 მილიონის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა დააანონსა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხაა, თუ კომპანიის ამჟამინდელ საბაზრო კაპიტალიზაციას — დაახლოებით $800 მილიონს გავითვალისწინებთ.
რაც შეეხება მომავალს, Paysafe-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი $1.595-$1.608 მილიარდს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული EBITDA — $454-$462 მილიონს.
Paysafe-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $13.60-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $25.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $64.00-ს, ხოლო მინიმალური — $10.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Paysafe-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 84%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Sea Limited
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Sea Limited-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სინგაპურში დაფუძნებული ელექტრონული კომერციისა და თამაშების განვითარების კომპანიის აქციების ფასი 22%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 32%-ით არის დაკლებული.
მესამე კვარტალში Sea Limited-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 4.9%-ით — $3.31 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $3.17 მილიარდი). წმინდა ზარალმა კი $144 მილიონი შეადგინა, ანუ ზარალი თითო აქციაზე $0.26 იყო (პროგნოზი — $0.12).
ელექტრონული კომერციიდან და სერვისების სხვა მიმართულებებიდან შემოსავალი წლიდან წლამდე 22.3%-ით — $2.417 მილიარდამდე გაიზარდა, მათ შორის ძირითადი ბაზრის შემოსავალმა 31.7%-ით — $1.3 მილიარდამდე მოიმატა. ციფრული გასართობი სეგმენტის შემოსავალი მესამედზე მეტით შემცირდა და $592.2 მილიონი შეადგინა.
Sea Limited-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა — ფორესტ ლიმ თქვა, რომ გრძელვადიანი მომგებიანობის გაზრდის მიზნით, კომპანია უპირატესობას ანიჭებს ინვესტიციებს, როგორც ბაზრის წილის გაზრდის, ასევე არსებული ბაზრის პოზიციის გასაძლიერებლად.
მენეჯმენტს კონკრეტული ფინანსური მითითებები არ წარმოუდგენია, მაგრამ გაიმეორა თავისი ვალდებულება, შეინარჩუნოს ფულადი სახსრების ძლიერი პოზიცია გარე დაფინანსებაზე დაყრდნობის გარეშე.
Sea Limited-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $36.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $61.42-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $95.00-ს, ხოლო მინიმალური — $32.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Sea Limited-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 71%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.