ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Monster Beverage-მა ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. მას შემდეგ ენერგეტიკული სასმელების კომპანიის აქციების ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11%-ით არის გაუმჯობესებული.
მესამე კვარტალში Monster Beverage-ის გაყიდვები წლიდან წლამდე 14%-ით — რეკორდულ $1.86 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.87 მილიარდი) მიუხედავად იმისა, რომ უცხოური ვალუტის გაცვლითმა კურსებმა კომპანია $29 მილიონით დააზარალა.
კომპანიას შედეგების გაძლიერებაში დაეხმარა Monster-ისა და სტრატეგიული ბრენდების სეგმენტების სოლიდური წარმადობა. მათი გაყიდვები წლიდან წლამდე, შესაბამისად, 14%-ით და 11%-ით გაზარდა. ალკოჰოლის ბრენდების სეგმენტის გაყიდვები გამორჩეული იყო, ეს მაჩვენებელი 58%-ით გაიზარდა.
წმინდა მოგება 43%-ით — $453 მილიონამდე გაიზარდა, ანუ EPS $0.43 იყო (უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.40).
კომპანიამ ისარგებლა როგორც ტვირთების, ასევე ალუმინის ქილების ფასის შემცირებით, რამაც ხელი შეუწყო მოგების ზრდას. გარდა ამისა, მიუხედავად ფასების მატებისა, წმინდა გაყიდვები საოცრად კარგად შენარჩუნდა. შედეგად კომპანიის მთლიანი მოგების მარჟა 53%-დან 53.4%-მდე გაიზარდა.
მოხსენების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო ახალი ამბები იმის შესახებ, რომ Monster-მა დაასრულა Bang Energy-ის შეძენა, რაც მოიცავს არა მხოლოდ ენერგეტიკულ სასმელებს, არამედ საწარმოო ქარხანას ფენიქსში, არიზონაში.
Monster Energy განაგრძობს ლიდერობას ენერგეტიკული სასმელების კატეგორიაში, მიუხედავად მზარდი ინფლაციისა. ეს კი ხელს უწყობს კომპანიის საფასო ძალაუფლების ილუსტრირებას.
Monster Beverage-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $56.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $61.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $72.00-ს, ხოლო მინიმალური — $56.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Monster Beverage-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.