ფულის ეფექტიანი მართვა არის მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ადამიანებს საკუთარი ფინანსური მომავლის კონტროლის საშუალებას აძლევს. სწორი ფინანსური ჩვევების დანერგვით და უკვე გამოცდილი სტრატეგიების გამოყენებით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მყარი ფინანსური მომავალი შეიქმნას. დღეს სწორად ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ და შემოგთავაზებთ საინტერესო რჩევებს, რომლებიც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
დაისახეთ ფინანსური მიზნები
ფინანსური მიზნების განსაზღვრა გადამწყვეტი ნაბიჯია თქვენი პერსონალური ფინანსების ეფექტიანად სამართავად. მკაფიო და კონკრეტული მიზნების დასახვა მოგცემთ მიმართულებას და მოტივაციას ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად. აი, როგორ უნდა განსაზღვროთ თქვენი ფინანსური მიზნები:
მოკლევადიანი vs გრძელვადიანი: დაიწყეთ თქვენი მოკლევადიანი (როგორც წესი, მოიცავს ერთ წლამდე პერიოდს) და გრძელვადიანი (1+ წელი) ფინანსური მიზნების განსხვავებით. ეს დიფერენციაცია პრიორიტეტების განსაზღვრაში და შესაბამისი ფინანსური გეგმის შედგენაში დაგეხმარებათ.
მიმართეთ მიზნების კატეგორიზაციას: დააჯგუფეთ თქვენი ფინანსური მიზნები კატეგორიებად, როგორებიც არის: გადაუდებელი საჭიროების ფონდი, ვალის შემცირება, დაზოგვა, ინვესტირება, პენსიაზე გასვლა, განათლება და ა. შ.
დაისახეთ კონკრეტული მიზნები: თქვენი მიზნები უნდა იყოს ნათელი, კონკრეტული და გაზომვადი. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ თქვათ „მე მინდა ფულის დაზოგვა“, დაისახეთ ასეთი მიზანი: „მსურს, მომდევნო 2 წლის განმავლობაში დავზოგო $10,000 ავტომობილის შესაძენად“.
დაადგინეთ ვადები: თითოეული მიზნისთვის რეალისტური ვადები განსაზღვრეთ, რათა თქვენი გეგმა უფრო კონკრეტული გახდეს და პროგრესის გაზომვა მარტივად შეძლოთ.
განსაზღვრეთ პრიორიტეტები: მიზნები მათი მნიშვნელობისა და აუცილებლობის მიხედვით დაალაგეთ. იფიქრეთ იმაზე, თუ რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რა იქონიებს გადამწყვეტ გავლენას თქვენს ფინანსურ კეთილდღეობაზე.
შეაფასეთ ხარჯები: გამოთვალეთ სავარაუდო ხარჯები, რომლებიც თითოეულ მიზანთან არის დაკავშირებული. ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ, თუ რამდენის დაზოგვა ან ინვესტირებაა საჭირო მათ მისაღწევად.
გაითვალისწინეთ საკუთარი ცხოვრების წესი და ღირებულებები: აუცილებელია, რომ თქვენი მიზნები თქვენს პირად ღირებულებებს და ცხოვრების წესს შეესაბამებოდეს. დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ დასახული მიზნები თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანია.
იყავით რეალისტი: დაისახეთ მიზნები, რომელთა მიღწევაც შესაძლებელია თქვენი ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის გამოწვევა აუცილებელია , არარეალური მიზნების დასახვამ შეიძლება საბოლოოდ იმედგაცრუებამდე მიგიყვანოთ.
გაითვალისწინეთ ინფლაცია: თუ გრძელვადიანი მიზნები გაქვთ, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ინფლაციამ გავლენა იქონიოს მათი მიღწევის ღირებულებაზე. ამის გათვალისწინებით დააკორექტირეთ თქვენი მიზნები და დანაზოგები.
თვალყური ადევნეთ პროგრესს: რეგულარულად აკონტროლეთ საკუთარი პროგრესი თითოეული მიზნის შემთხვევაში. საჭიროებისამებრ განაახლეთ მიზნები, რათა თქვენს გარემოებებში ან პრიორიტეტებში განხორციელებული ცვლილებები მათზეც შესაბამისად აისახოს.
შეინარჩუნეთ მოქნილობა: ცხოვრება არაპროგნოზირებადია და შეიძლება გარემოებები შეიცვალოს. მზად იყავით საჭიროების შემთხვევაში თქვენი მიზნების კორექტირებისთვის, მაგრამ ეს მკაფიო გეგმის გათვალისწინებით გააკეთეთ.
გადაიხადეთ ნაღდი ფულით და არა კრედიტით
პერსონალურ ფინანსებში მოთმინება და თვითკონტროლი ძალიან მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოადგენს. დაელოდეთ, დაზოგეთ ფული იმისთვის რაც გჭირდებათ (თუ ეს გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს) და გადაიხადეთ ნაღდი ფულით, ნაცვლად საკრედიტო ბარათის გამოყენებისა.
რაიმეს კრედიტით შეძენის შემთხვევაში ნივთის რეალურ ღირებულებაზე მეტის გადახდა გიწევთ, ეს კი თქვენი ფინანსური მდგომარეობისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. მართალია, საკრედიტო ბარათების გამოყენება, დროული გადახდების შემთხვევაში, კარგი საკრედიტო ისტორიის შექმნაში დაგეხმარებათ, მაგრამ ისინი მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისთვის გამოიყენოთ.
გარდა ამისა, რაც შეძლება მალე გადაიხადეთ მაღალპროცენტიანი ვალები. დავალიანებების შემცირებამ შეიძლება გამოგითავისუფლოთ მეტი ფული დაზოგვისა და ინვესტირებისთვის. მათ რაც შეიძლება სწრაფად გადასახდელად შეგიძლიათ „ზვავის“ მეთოდი გამოიყენოთ. ამ მეთოდის გამოსაყენებლად თქვენი ვალები საპროცენტო განაკვეთების მიხედვით (მაღლიდან დაბლა) დაახარისხეთ. თითოეული ვალისთვის (ყველაზე მაღალპროცენტიანის გამოკლებით) გადაიხადეთ მინიმუმი. ყველაზე მაღალპროცენტიანი ვალისთვის კი გადაიხადეთ იმდენი, რამდენის საშუალებაც გექნებათ. შემდეგ იგივე გააკეთეთ მომდევნო მაღალპროცენტიანი ვალისთვის და გაიმეორეთ ეს პროცესი იქამდე, სანამ ყველა ვალს არ დაფარავთ.
ფოკუსირდით ფინანსურ განათლებაზე
აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ფინანსურ მომავალზე და წაიკითხეთ წიგნები პერსონალური ფინანსების შესახებ. ფინანსური განათლება ეკონომიკური კეთილდღეობის გადამწყვეტი ასპექტია. ის ინდივიდებს უზრუნველყოფს ცოდნითა და უნარებით, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვისთვის, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, ფინანსურ უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მისაღწევად არის აუცილებელი.
თვალი ადევნეთ რეპუტაციულ ფინანსურ ვებგვერდებს და ბლოგებს; დაესწარით სემინარებს და ა. შ. როცა ცოდნით შეიარაღებული იქნებით, არავის მისცეთ საშუალება, გზიდან გადაგახვევინოთ.
ისწავლეთ ბიუჯეტირება
მას შემდეგ, რაც პერსონალური ფინანსების შესახებ რამდენიმე წიგნს წაიკითხავთ, გაიგებთ ორ მნიშვნელოვან წესს: 1) არასოდეს მისცეთ ხარჯებს უფლება, თქვენს შემოსავალს გადააჭარბოს და 2) დააკვირდით, სად მიდის თქვენი ფული. ამის გაკეთების საუკეთესო გზაა ბიუჯეტის შედგენა და პირადი ხარჯების გეგმის შექმნა, რათა შემოსული და გასული ფულის მოცულობას თვალყური ადევნოთ.
ზოგჯერ ვერც კი ვაცნობიერებთ, რა ოდენობის თანხას ვხარჯავთ ყოველთვიურად, სანამ ხარჯებს კარგად არ გავაანალიზებთ. გააანალიზეთ ყველაფერი, რაშიც ფულს იხდით. დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ესა თუ ის ნივთი და აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში რამდენად არსებობს მისი უფრო იაფად შეძენის შესაძლებლობა.
ამასთან, სანამ მნიშვნელოვან შესყიდვას განახორციელებთ, განსაკუთრებით არაარსებითს, საკუთარ თავს დასაფიქრებლად გარკვეული დრო მიეცით. ეს დაგეხმარებათ, იმპულსური შესყიდვები თავიდან აიცილოთ.
შექმენით გადაუდებელი საჭიროების ფონდი
პერსონალური ფინანსების ცნობილი მანტრა — „პირველ რიგში საკუთარ თავს გადაუხადეთ“ ნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა დაზოგოთ ფული მომავლისთვის და საგანგებო სიტუაციებისთვის. ეს მარტივი პრაქტიკა დაგიცავთ ფინანსური პრობლემებისგან და ღამით უკეთ დაძინებაში დაგეხმარებათ.
გადაუდებელი საჭიროების ფონდი მოქმედებს, როგორც ფინანსური „უსაფრთხოების ბადე“ (დაზღვევა), რომელიც მოულოდნელი ფინანსური კრიზისის დროს სიმშვიდით უზრუნველგყოფთ. ის, როგორც წესი, მინიმუმ 3-6 თვის საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად საკმარის თანხას მოიცავს და ფინანსურად რთულ პერიოდებში ვალის აღებისგან თავის შეკავების საშუალებას გაძლევთ.
გარდა ამისა, დარწმუნდით, რომ გაქვთ შესაბამისი სადაზღვევო პოლისი (მათ შორის ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ქონების დაზღვევა), რათა საკუთარი თავი და ოჯახი მოულოდნელი ფინანსური პრობლემებისგან დაიცვათ.
ფოკუსირდით პენსიისთვის დაზოგვასა და ინვესტირებაზე
თუ ფულის ინვესტირებაზე უარს იტყვით, შესაძლოა მუშაობის შეწყვეტა ვერასოდეს შეძლოთ. შეისწავლეთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირების საფუძვლები და დაიწყეთ რაც შეიძლება მალე, რათა პენსიაზე მშვიდად გასვლა შეძლოთ. პენსიისთვის დაზოგვის დაგვიანება, საბოლოოდ საკმარისი დანაზოგის დაგროვებას უფრო ართულებს. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტირების ადრე დაწყება.
ფოკუსირდით დივერსიფიკაციაზე
როდესაც ბაზრები იზრდება და ეცემა, სხვადასხვა ტიპის ინვესტიციებით დაკომპლექტებული დივერსიფიცირებული პორტფელი რისკის დაბალანსებაში დაგეხმარებათ. მხოლოდ კონკრეტულ ბაზრებზე, სექტორებში ან კომპანიებში ინვესტირება ერთ სფეროზე ზედმეტად დამოკიდებულს გაგხდით და თქვენი წარმატება პირდაპირ მის წარმადობაზე იქნება მიბმული, რაც ჭკვიანური ნაბიჯი ნამდვილად არ არის. ამის საპირისპიროდ, აქტივთა სხვადასხვა კლასებში, რეგიონებში და სექტორებში ინვესტირება პოტენციური ზარალის შემცირებისა და გრძელვადიანი შემოსავლის მაქსიმიზაციის საშუალებას მოგცემთ.
რეგულარულად გადააფასეთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა
თქვენი ფინანსური მდგომარეობის რეგულარული გადაფასება გადამწყვეტი ასპექტია შესაბამისი ფინანსური სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. ეს საშუალებას მოგცემთ, მოერგოთ ცვალებად გარემოებებს და დარწმუნდეთ, რომ თქვენი ფინანსური მიზნებისკენ მიმავალ გზაზე იმყოფებით. აი, რამდენიმე ძირითადი პუნქტი, რომელიც თქვენი ფინანსური მდგომარეობის გადაფასებისას უნდა გაითვალისწინოთ: გადახედეთ ბიუჯეტს; განაახლეთ თქვენი ფინანსური მიზნები; აკონტროლეთ ვალები; თვალი ადევნეთ საინვესტიციო პორტფელს; დარწმუნდით, რომ გადაუდებელი საჭიროების ფონდი საკმარის ფინანსურ რესურსებს მოიცავს და ა. შ.
მოიძიეთ რჩევები პროფესიონალებისგან
პერსონალურ ფინანსებში პროფესიონალური რჩევების მოძიება შეიძლება გონივრული გადაწყვეტილება იყოს, განსაკუთრებით თუ თქვენ კომპლექსური ფინანსური მიზნები, საინვესტიციო სტრატეგიები ან ფინანსური პრობლემები გაქვთ. ფინანსურ მრჩევლებს შეუძლიათ მოგაწოდონ საჭირო ინფორმაცია და პერსონალიზებული სტრატეგიები, რომლებიც ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.