ინფორმაციული ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ასპექტი ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული ადამიანების მოსაზრებების უპრეცედენტო ხელმისაწვდომობაა. ასი წლის წინ, ასეთი ადამიანისგან რჩევის მისაღებად თქვენ მისი პირადად გაცნობა დაგჭირდებოდათ, რაც არც ისე მარტივი იყო და, ამავდროულად, არ გქონდათ იმის გარანტია, რომ თქვენთვის სასურველ ინფორმაციას მიიღებდით.
თუმცა დღეს შეგიძლიათ მოუსმინოთ მათ პოდკასტებს, წაიკითხოთ მათი პოსტები და ა. შ. — არსებითად თქვენს ხელთაა მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანების მოსაზრებები და გამოცდილება. დღევანდელ სტატიაში კი შემოგთავაზებთ პერსონალურ ფინანსებთან დაკავშირებულ რჩევებს ცნობილი მილიარდერებისგან.
რეი დალიო ამბობს, რომ საკმარისად დიდი „უსაფრთხოების ბადე“ უნდა გქონდეთ
ცნობილი ინვესტორი და Bridgewater Associates-ის დამფუძნებელი, რეი დალიო, ყოველთვის ხაზს უსვამდა „უსაფრთხოების ბადის“ (მოულოდნელი, ერთჯერადი ხარჯებისთვის გადადებული თანხა) საჭიროებას. ერთხელ CNBC-სთან ინტერვიუში მან განაცხადა: „ჰკითხეთ საკუთარ თავს: ‘რამდენი ხანი შევძლებ ჩემი დანაზოგების ხარჯზე ცხოვრებას ყოველგვარი შემოსავლის გარეშე? რამდენთვიანი ან რამდენწლიანი თავისუფლება და უსაფრთხოება მჭირდება?’ და დარწმუნდით, რომ ამაზე მეტი გაქვთ“.
რამდენად დიდი უნდა იყოს თქვენი უსაფრთხოების ბადე? ექსპერტების უმეტესობა ფიქრობს, რომ მინიმუმ რამდენიმე თვის ხარჯების დასაფარად საკმარისი თანხის არსებობა საშუალებას მოგცემთ, თავისუფლად მიიღოთ ისეთი საკვანძო გადაწყვეტილებები, როგორიც არის, მაგალითად, შემდეგი სამსახურის შერჩევა.
რეი ამბობს, რომ აქტივთა დივერსიფიკაციას უნდა მიმართოთ
რეი დალიომ ერთხელ LinkedIn-ის საშუალებით განაცხადა, რომ კარგი დივერსიფიკაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კარგად ინვესტირებისთვის არის საჭირო. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ისედაც აშკარაა, თუმცა ბევრ დამწყებ ინვესტორს ეს ერთ-ერთი უმთავრესი საინვესტიციო პრინციპი ხშირად ავიწყდება, ამიტომ, მისი ხშირად ხაზგასმა აუცილებელია. რეის ქონება ამჟამად $19.1 მილიარდს შეადგენს და ასეთი წარმატებული ინვესტორის რჩევების მოსმენა ნამდვილად ღირს.
მაიკლ ბლუმბერგი ამბობს, რომ მოთმინება უნდა შევინარჩუნოთ
მილიარდერმა, საპრეზიდენტო კანდიდატმა, Bloomberg-ის დამფუძნებელმა და ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა — მაიკლ ბლუმბერგმა ჰარვარდის ბიზნესის სკოლის ერთ-ერთი დამამთავრებელი კლასის ღონისძიებაზე თქვა: „თქვენი კარიერისთვის მთავარი არა საწყისი ხელფასი, არამედ განვითარება და ბედნიერებაა. ფული მოგვიანებით მოვა“.
შეიძლება მაცდური იყოს მაღალანაზღაურებად სამსახურზე დათანხმება, მაგრამ თქვენი კარიერისა და გრძელვადიანი ფინანსური წარმატებისთვის ინვესტიცია საკუთარ თავში უნდა ჩადოთ. ფოკუსირდით იმ უნარების დახვეწაზე, რომლებიც თქვენი საყვარელი საქმიანობისთვის არის აუცილებელი.
უორენ ბაფეტი მოკრძალებულობას ინარჩუნებს
ლეგენდარული ინვესტორი და Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორი — უორენ ბაფეტი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 6-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება $117.9 მილიარდს შეადგენს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინვესტორი ჯერ კიდევ იმ სახლში ცხოვრობს, რომელიც მან 1958 წელს $31,500-ად იყიდა (დაახლოებით $318,000 დღევანდელი ღირებულებით). 2011 წელს BBC-სთან ინტერვიუში მან განაცხადა: „აქ ბედნიერი ვარ. გადავიდოდი, თუ ვიფიქრებდი, რომ სხვაგან უფრო ბედნიერი ვიქნებოდი“.
ხარჯვის თავისუფლების ქონა არ ნიშნავს, რომ ეს გჭირდებათ ან აუცილებლად უნდა დახარჯოთ.
კონსუმერიზმი მაცდუნებელია, განსაკუთრებით ციფრულ ეპოქაში, როდესაც თქვენთვის სასურველი ნივთის შესაძენამდე ღილაკზე თითის რამდენიმე დაჭერა გაშორებთ. ამის ნაცვლად, ფულის ინვესტირება გრძელვადიანი ფინანსური მიზნების მიღწევაში და სიმდიდრის დაგროვებაში დაგეხმარებათ.
ბაფეტი ქველმოქმედებით არის დაკავებული
2018 წლის ივლისში ბაფეტმა განაცხადა, რომ Berkshire Hathaway-ის $3.6 მილიარდის ღირებულების აქციებს გადასცემდა ხუთ საქველმოქმედო ორგანიზაციას, მათ შორის ბილ და მელინდა გეითსების ფონდს.
ბაფეტმა თქვა: „Berkshire Hathaway-ის საფონდო სერტიფიკატების 1 პროცენტზე მეტის ჩვენთვის გამოყენებით, არც ჩვენი ბედნიერება გაუმჯობესდება და არც — კეთილდღეობა. ამის საპირისპიროდ, დარჩენილ 99 პროცენტს შეიძლება ჰქონდეს უზარმაზარი ეფექტი სხვების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე“.
სიმდიდრის დაგროვება სასიამოვნოა, მაგრამ მისი სხვებისთვის გაზიარება არის თვისება, რომელიც ძლიერ ადამიანებს ახასიათებს.