უორენ ბაფეტი, რომელსაც ხშირად ომაჰას ორაკულს უწოდებენ, ლეგენდარული ინვესტორია, ამ სფეროში ხანგრძლივი მოღვაწეობის გამოცდილებით. მის მიერ განვლილი ცხოვრების გზა, შესაძლოა, მრავალი დამწყები ინვესტორისთვის დიდ ინსპირაციად იქცეს. დღეს კი მოგიმზადეთ სტატია, რომელშიც უორენ ბაფეტის შესახებ საინტერესო ფაქტებს გაეცნობით.
1. პირველი აქცია მან 11 წლის ასაკში შეიძინა
სანამ 11 წლის ბიჭების უმეტესობა ბეისბოლს თამაშობდა და კომიქსებს კითხულობდა, ბაფეტმა აქციები შეიძინა. 1942 წლის გაზაფხულზე, 11 წლის ასაკში, ახალგაზრდა ინვესტორმა Cities Service-ის (ახლა ცნობილია როგორც CITGO) ექვსი პრივილეგირებული აქცია იყიდა — თითო $38-ად.
2. 16 წლის ასაკში $53,000 გამოიმუშავა
ბაფეტი ჯერ კიდევ პატარაობიდანვე თავდაჭერილი და ძალიან შრომისმოყვარე იყო.
როდესაც მისი მამა კონგრესმენი გახდა, ოჯახი საცხოვრებლად ომაჰადან, ვაშინგტონში გადავიდა. ბაფეტი ყოველ დილით The Washington Post-ს არიგებდა და თვეში დაახლოებით $175-ს გამოიმუშავებდა — ეს მეტია, ვიდრე მასწავლებლების უმეტესობის ხელფასი იმ პერიოდში.
გარდა ამისა, ის რამდენიმე დამატებითი საქმიანობითაც იყო დაკავებული, როგორიც არის მეორადი გოლფის ბურთების და კოლექციონერების მარკების გაყიდვა, მანქანების გაპრიალება. როდესაც ბაფეტი 16 წლის გახდა, მას უკვე $53,000 ჰქონდა გამომუშავებული.
3. ის ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში არ მიიღეს
ნებრასკას უნივერსიტეტის დამთავრებიდან სამ წელიწადში ბაფეტმა ჰარვარდის ბიზნეს სკოლას მიმართა. მაგრამ გასაუბრების დროს, მას უთხრეს, რომ ჰარვარდში ვერ ისწავლიდა.
ამ დიდი იმედგაცრუების შემდეგ, ბაფეტმა აღმოაჩინა, რომ მისი კერპები — ბენჟამინ გრეჰემი („ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების მამა“) და დევიდ დოდი კოლუმბიის ბიზნეს სკოლაში ასწავლიდნენ.
ბაფეტი ამბობს „აგვისტოს შუა რიცხვებში მე მათ ასეთი წერილი მივწერე: ‘ძვირფასო პროფესორო დოდ, თქვენ და ბენჟამინ გრეჰემი გარდაცვლილები მეგონეთ, მაგრამ ახლა, როდესაც გავიგე, რომ ცოცხლები ხართ და კოლუმბიის ბიზნეს სკოლაში ასწავლით, ძალიან მინდა თქვენთან სწავლა.’ და მათ მიმიღეს“
4. 1958 წლის შემდეგ უორენ ბაფეტს საცხოვრებელი არ შეუცვლია
როდესაც მილიარდერზე ფიქრობთ, როგორც წესი, სასახლეებს, დასასვენებელ სახლებს და ძვირადღირებულ ავტომობილებს წარმოიდგენთ. ბაფეტის შემთხვევაში ასე არასდროს ყოფილა. (ალბათ ამიტომაც ვართ ყველანი ასე მოხიბლული მისით.)
ინვესტორი 1958 წლიდან ცხოვრობს ომაჰაში, ხუთი საძინებლის მქონე სახლში, რომელიც თავდაპირველად $31,500-ად შეიძინა.

5. ადამიანები მასთან ლანჩისთვის მილიონებს იხდიან
ვის არ სურს ლანჩი ომაჰას ორაკულთან? ეჭვგარეშეა, რომ მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ზოგს ისე სურს ბაფეტთან სადილობა, რომ ამისთვის $4.57 მილიონის გადასახდელადაც მზად არის.
2000 წლიდან ბაფეტს ყოველწლიურად eBay-ს აუქციონზე გამოაქვს საქველმოქმედო ლანჩი. 2019 წელს ანონიმურმა პრეტენდენტმა $4.57 მილიონის გადახდის სურვილი გამოთქვა. შემოსული თანხა სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ სიღარიბესთან ბრძოლის საქველმოქმედო ორგანიზაცია-ში — GLIDE-ში გადაირიცხა, ხოლო გამარჯვებულს საშუალება მიეცა უორენ ბაფეტთან ერთად ლანჩზე შვიდი მეგობარი მოეწვია.
აუქციონზე ჯამში $25 მილიონზე მეტი შეგროვდა.
6. 2013 წელს უორენ ბაფეტი დღეში $37 მილიონს გამოიმუშავებდა
2013 წლის დასაწყისში ლეგენდარული ინვესტორის ქონება $46 მილიარდს შეადგენდა, ხოლო წლის ბოლოსთვის — $59 მილიარდს. გამოდის, რომ 2013 წელს ბაფეტი დღეში საშუალოდ $37 მილიონს გამოიმუშავებდა, რაც აქციების ფასების ზრდამ განაპირობა.
7. სიმდიდრის თითქმის 99% მან 50 წლის ასაკის შემდეგ გამოიმუშავა
წარმატება ნებისმიერ ასაკში მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტი 50 წლამდეც ძალიან წარმატებული იყო, მან სიმდიდრის 99% მას შემდეგ დააგროვა, რაც 50 წლის გახდა. ამჟამად ომაჰას ორაკული 92 წლისაა და მისი ქონება $110 მილიარდს აჭარბებს.
8. დღის 80%-ს ბაფეტი კითხვაში ატარებს
ლეგენდარული ინვესტორი დღეს გაზეთის კითხვით იწყებს, იგი დღის დაახლოებით 80%-ს კითხვაში ატარებს.
როდესაც ბაფეტს წარმატების გასაღების შესახებ ჰკითხეს, მან წიგნებზე მიუთითა და თქვა: „ყოველდღე 500 გვერდი წაიკითხეთ. ასე მუშაობს ცოდნა. ის გროვდება, როგორც რთული პროცენტი.“
9. საკალათბურთო გამოწვევა
2014 წელს უორენ ბაფეტმა გამოაცხადა, რომ გადაუხდიდა $1 მილიარდს ყველას, ვინც კალათბურთის სრულყოფილ სატურნირო ბადეს შეადგენდა. ეს თითქმის შეუძლებელი გამოწვევაა.

2016 წელს წესები შეიცვალა და ომაჰას ორაკულმა პირობა დადო, რომ Berkshire Hathaway-ის თანამშრომლებიდან ყველა, ვინც ამ შედეგს მიაღწევდა, მისგან მთელი ცხოვრების განმავლობაში წელიწადში $1 მილიონს მიიღებდა, ხოლო ვინც შედეგს ყველაზე მეტად მიუახლოვდებოდა $100,000-ს მოიგებდა. 2016 წელს ორმა თანამშრომელმა დააფიქსირა ასეთი შედეგი, თუმცა წლიური $1 მილიონიანი ხელფასი არავის მოუგია.
10. ბაფეტმა პირობა დადო, რომ Berkshire Hathaway-ს აქციების 85%-ს საქველმოქმედო ფონდებს გადასცემს
გარდა იმისა, რომ ომაჰას ორაკული წარმატებული ინვესტორია, იგი ქველმოქმედიც არის. 2006 წელს მან განაცხადა, რომ Berkshire Hathaway-ს თავისი აქციების 85%-ის ხუთი ფონდისთვის გადაცემას აპირებდა — მას შემდეგ ბაფეტი ამ დაპირებას ასრულებს.
2019 წლის ივლისში უორენმა $3.6 მილიარდზე მეტის ღირებულების Berkshire Hathaway-ის აქცია გადასცა ხუთ ფონდს, რომელთაგან ერთ-ერთია ბილ გეითსისა და მისი მეუღლის ფონდი — The Bill and Melinda Gates Foundation.
11. ბარაკ ობამამ უორენ ბაფეტი „თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით“ დააჯილდოვა
2011 წლის 16 თებერვალს ბაფეტს ყოფილმა პრეზიდენტმა — ბარაკ ობამამ უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო, „თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი“ მიანიჭა, რაც ლეგენდარული ინვესტორის საქველმოქმედო მოღვაწეობამ განაპირობა.

12. საინვესტიციო სამყაროს ლეგენდებს შორის, ბაფეტს ბაზრის დამარცხების საუკეთესო გამოცდილება აქვს
დაწყებული ჩარლზ მენგერით, დამთავრებული პიტერ ლინჩით, მსოფლიოს ყველა უმსხვილეს ინვესტორს შორის, ომაჰას ორაკულის მსგავსად ბაზრის წარმადობის დაჯაბნა ვერავინ შეძლო.
13. ბაზრის ვარდნისას, ის ერთ ლექსს კითხულობს
2017 წელს აქციონერებისადმი მიწერილ წერილში ბაფეტმა გაამჟღავნა, რომ ბაზრის ვარდნისას ის რადიარდ კიპლინგის მიერ 1895 წელს დაწერილი ლექსის — „თუ“ სტრიქონებს იხსენებს.
„ვერავინ გეტყვით, თუ როდის მოხდება ეს“, დაწერა ბაფეტმა. „შუქი ნებისმიერ დროს შეიძლება გადავიდეს მწვანიდან წითელზე, ყვითელზე შეჩერების გარეშე. თუმცა, მნიშვნელოვანი ვარდნა არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ, ვინც ვალით შეზღუდული არ არის. ეს შესანიშნავი დროა, რათა კიპლინგის ლექსის —„თუ“-ს სტრიქონებზე ფოკუსირდეთ:
„თუ შეგიძლია შეინარჩუნო სიმშვიდე მაშინ, როდესაც ყველა თავს კარგავს…
თუ შეგიძლია იცადო და ლოდინით არ დაიღალო…
თუ შეგიძლია იფიქრო და აზრები შენს მიზნად არ აქციო…
თუ შეგიძლია მიენდო საკუთარ თავს, როდესაც შენში ყველას ეჭვი ეპარება…
შენია დედამიწა და ყველაფერი, რაც მასშია.”