იმისათვის, რომ უკეთ გავიაზროთ ის საინტერესო ისტორია, რომელსაც დღეს მოგიყვებით, მოდით, პირველ რიგში განვიხილოთ, თუ რას ნიშნავს „მოკლე გაყიდვა“ (short selling). ეს არის საინვესტიციო აქტივობა, რომლის დროსაც ინვესტორი სესხულობს და ყიდის ფასიან ქაღალდებს იმ იმედით, რომ შემდგომში მათ უფრო იაფად შეიძენს. ამ პროცესის უფრო მარტივად გასააზრებლად, კონკრეტული პრაქტიკული მაგალითი განვიხილოთ. დავუშვათ, X კომპანიის თითო აქცია $5 ღირს. თქვენ ფიქრობთ, რომ მისი ფასი შემცირდება, ამიტომ ბროკერისგან სესხად იღებთ ამ კომპანიის 1,000 აქციას. შემდეგ ამ აქციებს ბაზარზე ყიდით $5,000-ად, რადგან თითო აქციის საბაზრო ფასი $5-ს შეადგენს. ელოდებით ამ აქციების ფასის დაკლებას, დავუშვათ, რომ ის $2-მდე შემცირდა. შემცირებულ ფასად ყიდულობთ იმავე რაოდენობის აქციებს (ანუ 1,000 აქციას), ასეთ შემთხვევაში, 1,000 აქციის შესაძენად $2,000-ს გადაიხდით. ამ 1,000 აქციას დაუბრუნებთ ბროკერს, სხვაობა ($5,000-$2,000=$3,000) კი მოგების სახით დაგრჩებათ. თუმცა, თუ თქვენი პროგნოზი არ გამართლდება და აქციების ფასი გაიზრდება, შეიძლება მნიშვნელოვანი ზარალი განიცადოთ.
კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ არის “short squeeze”. ეს არის უჩვეულო მდგომარეობა, რომელიც აქციის ან სხვა სავაჭრო ფასიანი ქაღალდის ფასის სწრაფ ზრდას იწვევს. “Short squeeze” ხდება მაშინ, როდესაც ფასიან ქაღალდს ჰყავს მნიშვნელოვანი რაოდენობის „მოკლე გამყიდველი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ინვესტორი დებს ფსონს მისი ფასის დაცემაზე, თუმცა აქციების ფასი იზრდება. „მოკლე გამყიდველები“, ზარალის შესამცირებლად, პოზიციების დახურვას იწყებენ და ამისთვის მათ აქციების შეძენა უწევთ. აქედან გამომდინარე, ფასი კიდევ უფრო იზრდება, რაც ახალ მყიდველებს იზიდავს. ახალი მყიდველებისა და პანიკაში ჩავარდნილი „მოკლე გამყიდველების“ კომბინაცია ქმნის ფასის სწრაფი ზრდის ტენდენციას, რომელიც შეიძლება განსაცვიფრებელი და უპრეცედენტო იყოს.
ახლა კი შეგვიძლია ჩვენს ისტორიაზე გადავიდეთ. “Short squeeze”-ის ერთ-ერთი უახლესი და ცნობილი მაგალითი არის GameStop-ის შემთხვევა. ეს არის ვიდეო თამაშების, სამომხმარებლო ელექტრონიკისა და სათამაშო პროდუქციის ამერიკული საცალო მოვაჭრე, რომელიც აშშ-ისა და კიდევ 17 ქვეყნის მასშტაბით მთლიანობაში 6,100-ზე მეტ ლოკაციას ფლობს.
ყველაფერი დაიწყო Covid-19-ის პანდემიის პერიოდში, როდესაც მომხმარებლები სახლებში იყვნენ გამოკეტილები, ხოლო მაღაზიები ხშირ შემთხვევაში დახურული იყო. ანალიტიკოსები და ინვესტორები ელოდნენ, რომ კომპანია, პოტენციურად, გაკოტრების წინაშე აღმოჩნდებოდა კონკურენციის ზრდისა და მომხმარებლების მიერ ფიზიკურ მაღაზიებში ვიზიტების შემცირების გამო. GameStop „მოკლე გამყიდველების“ საყვარელი სამიზნე გახდა. „მოკლე გაყიდვების“ მიზნით კომპანიის აქციების მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა.
ამან Scion Asset Management-ის დამფუძნებელს — მაიკლ ბერის უბიძგა, GameStop-ის პერსპექტივების შესახებ პოზიტიური მიდგომა ჩამოეყალიბებინა. მისი თქმით, რამდენიმე წელიწადში კომპანიას შეეძლო, გაკოტრების ნაცვლად, მოგების გამომუშავებას დაბრუნებოდა. მაიკლის ეს მოსაზრება გამოქვეყნდა და გამეორებულ იქნა Reddit-ისა და YouTube-ის კონტენტის შემქმნელების მიერ 2020 წლის შუა პერიოდში. Reddit-ის მომხმარებლებმა ჯგუფში — WallStreetBets გადაწყვიტეს, უოლ სტრიტის „დიდი ბიჭები“ დაესაჯათ და კოორდინირებული შესყიდვები წამოიწყეს. მაიკლ ბერიმ და Chewy-ის თანადამფუძნებელმა — რაიან კოენმა GameStop-ის აქციებზე ასევე „გრძელი პოზიციები“ (აქტივის შეძენა იმ მოლოდინით, რომ მომავალში მისი ღირებულება გაიზრდება) დაიკავეს.
თამაშების კომპანიის აქციებით ბევრი ინვესტორი დაინტერესდა და 2020 წლის ბოლოსთვის ფასიც შესამჩნევად გაიზარდა. აქედან დაიწყო თოვლის გუნდის ეფექტი და GameStop-ის აქციებს სულ უფრო მეტი ინვესტორი ყიდულობდა. ამან მიიპყრო სხვადასხვა მსხვილი ინვესტორისა და საზოგადო მოღვაწის ყურადღება, როგორიც არის, მაგალითად, ილონ მასკი. მან ამის შესახებ X პლატფორმაზეც (ადრე ცნობილი, როგორც Twitter) დაპოსტა და “short squeeze”-ის მოვლენას ხელი შეუწყო.
ჰეჯ-ფონდები, რომლებსაც GameStop-ის აქციებზე „მოკლე პოზიციები“ ჰქონდათ დაკავებული, ზარალის შესამცირებლად იძულებულნი გახდნენ, აქციები საკმაოდ ძვირად შეეძინათ. GameStop-ის აქციების ფასი მხოლოდ ერთ თვეში $5-ზე ნაკლებიდან $325-მდე გაიზარდა.
ამ მოვლენის შესახებ, რომელიც დავითისა და გოლიათის ისტორიას მოგვაგონებს, აშშ-ში 2023 წელს გადაიღეს ფილმი — Dumb Money, რომლის პრემიერაც საქართველოში დღეს არის.