• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

ოქტომბერი 5, 2023
in სიახლეები
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
გაზიარება

გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Tesla, Rivian, B&G Foods და Helen of Troy.

Tesla & Rivian

გუშინ, ელექტრომობილების (EV) ინდუსტრიის ლიდერის — Tesla-ს აქციების ფასი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 141%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.

საინტერესო ის არის, რომ გუშინ Tesla-სთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ გავრცელებულა. ორშაბათს კი მენეჯმენტმა წარადგინა მესამე კვარტლის მიწოდების შედეგები, რომლებიც მეორე კვარტლის მაჩვენებლებზე დაბალი იყო. ეს კლება კომპანიის წარმომადგენლებმა ქარხნის განახლებას მიაწერეს.

თუმცა გუშინ აშშ-ში ავტომობილების გაყიდვების სექტემბრის მონაცემები გახდა ცნობილი და, ამასთან, საკვანძო EV კონკურენტმა მიწოდების ძლიერი შედეგები წარადგინა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა ინვესტორების დასარწმუნებლად იმაში, რომ Tesla-ს მიწოდების სუსტი მაჩვენებლები მართლაც ქარხნის განახლებით იყო განპირობებული და არა მოთხოვნის შემცირებით.

გარდა ამისა, იმ ფაქტმა, რომ აშშ-ის გრძელვადიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პირველად შეწყვიტა მატება, ტექნოლოგიური მზარდი პოტენციალის აქციებს გარკვეული „შვება“ მოჰგვარა.

ორშაბათს Tesla-მ განაცხადა, რომ მესამე კვარტალში ბაზარს 435,000-ზე მეტი მანქანა მიაწოდა — ეს მაჩვენებელი 20,000-ზე მეტით ჩამორჩებოდა უოლ სტრიტის პროგნოზს და დაახლოებით 6%-ით დაბალი იყო მეორე კვარტალში დაფიქსირებულ შედეგთან შედარებით. ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის მენეჯმენტმა პროგნოზი სრული წლისთვის — 1.8 მილიონი მანქანის მიწოდება — უცვლელი დატოვა.

თუმცა Tesla-ს აქციები რეალურად შედარებით მდუმარე იყო ორშაბათს და სამშაბათს. რა მოხდა გუშინ? სავარაუდოდ, გუშინდელი ზრდის სამი მიზეზი არსებობს.

გუშინ Tesla-ს კონკურენტის — Rivian-ის აქციების ფასი კიდევ უფრო მეტად — 9.22%-ით გაიზარდა, რადგან ინვესტორები დადებითად რეაგირებენ კომპანიის წარმოების მაჩვენებლებზე, რომლებმაც რეალურად მოლოდინებს გადააჭარბა. გარდა ამისა, სამშაბათს ინდუსტრიის კვლევითმა და ანალიტიკურმა ფირმამ — J.D. Power-მა აშშ-ში ავტომობილების გაყიდვების მესამე კვარტლის მონაცემები გამოაცხადა და აღნიშნა, რომ გაყიდვებმა, გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 17%-ით მოიმატა, ხოლო 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით ზრდა დაჩქარდა. ასე რომ, საპროცენტო განაკვეთების მატებისა და აშშ-ის მომხმარებელთა ფინანსური სიძლიერის შესახებ შიშის მიუხედავად, როგორც ჩანს, ავტომობილებზე მოთხოვნა ჯერ კიდევ მაღალია. აშშ-ში ავტომწარმოებლების „დიდი სამეული“ (General Motors, Ford Motor Company და Chrysler) ახლა სამუშაო ძალის გაფიცვის პრობლემის წინაშე დგას, რამაც შეიძლება მიმდინარე კვარტალში მიწოდების შემცირება გამოიწვიოს. ხოლო თუ მთლიანი მოთხოვნა კვლავ ძლიერი იქნება, ავტომწარმოებლები, რომელთა მუშაკები გაფიცულები არ არიან, შექმნილი სიტუაციის სარგებლობას შეძლებენ. სწორედ მათ რიგს მიეკუთვნება Tesla და Rivian.

Tesla

მესამე მიზეზი აშკარად დაკავშირებულია საპროცენტო განაკვეთებთან. გასული თვის განმავლობაში, აშშ-ის გრძელვადიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავალი მატებას განაგრძობდა. ეს ფაქტი კი ნეგატიურად ზემოქმედებს მზარდი პოტენციალის აქციებზე, როგორიცაა Tesla. თუმცა გუშინ 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების სარგებელი ოდნავ შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ კლება არც თუ ისე დიდი იყო, ობლიგაციების შემოსავლიანობის აღმავალი იმპულსის დარღვევამ, როგორც ჩანს, მზარდი პოტენციალის ტექნოლოგიურ აქციებზე პოზიტიური გავლენა იქონია.

ჯერ კიდევ გასარკვევია, Tesla-ს მესამე კვარტლის მიწოდების სუსტი შედეგები ნამდვილად ქარხანაში არსებული შეფერხებით იყო გამოწვეული, თუ მოთხოვნის შემცირებით. მიწოდების მომავალი ანგარიშები დაადასტურებს ან უარყოფს ამ ფაქტს.

აღსანიშნავია ისიც, რომ Wall Street Journal-ის მიერ სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიებში მოთხოვნის შენელება და მარაგების ზრდა აღინიშნება. ჟურნალის ცნობით, შესაძლოა, ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს პრობლემები ექმნებათ ფართო მოსახლეობის დარწმუნებაში, შეიძინონ ელექტრომობილები.

Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $261.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 29 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $264.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $400.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.3%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 29 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Rivian

რაც შეეხება Rivian-ს, გუშინ Goldman Sachs-მა კომპანიის აქციებს ნეიტრალური რეიტინგი შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $24-მდე გაზარდა. ამასთან, Truist-მა ყიდვის რეკომენდაცია შეინარჩუნა და Rivian-ის აქციების სამიზნე ფასი გააორმაგა — $30-მდე.

როგორც ჩანს, ორივე ანალიტიკოსი Rivian-ის ანგარიშმა წაახალისა — კომპანიამ გასულ კვარტალში თავის ილინოისის ქარხანაში 16,304 ელექტრომობილი აწარმოა, ხოლო ბაზარს — 15,564 მიაწოდა. მენეჯმენტის თქმით, ეს Rivian-ს უნარჩუნებს კურსს, მიმდინარე წლის განმავლობაში მთლიანობაში 52,000 ელექტრომობილი აწარმოოს. უფრო მეტიც, როგორც Truist-ში აღნიშნეს, წარმოების მაჩვენებელი — 16,304 მოლოდინს აჭარბებდა.

თუმცა, სინამდვილეში, ახალი ამბები შეიძლება ამაზე უკეთესიც კი იყოს. როგორც Truist-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, Rivian-მა 2023 წელს, მესამე კვარტლის ჩათვლით, 40,000 ერთეული აწარმოა. და თუ მეოთხე კვარტალში წარმოების მაჩვენებელი გაიზრდება, შეიძლება კომპანიამ მენეჯმენტის პროგნოზს მნიშვნელოვნად გადააჭარბოს.

მაგრამ არის ეს ნამდვილად კარგი ამბავი?

რა თქმა უნდა, წარმოების მიზნების გადაჭარბება კომპანიისთვის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ მაშინაც კი, თუ Rivian დაგეგმილზე 4,000-ით მეტ ავტომობილს აწარმოებს, ეს კომპანიისთვის დამატებით $320 მილიონის ოდენობით შემოსავალს შექმნის. შესაბამისად, თუ ამ მაჩვენებელს ანალიტიკოსების პროგნოზს — $4.3 მილიარდს დავუმატებთ, გამოვა, რომ წლის განმავლობაში შემოსავალი $4.6 მილიარდს მიაღწევს.

იმის გამო, რომ საოპერაციო ხარჯები ჯერ კიდევ ყოველწლიურად $5.8 მილიარდს შეადგენს, ამ მოცულობის შემოსავალი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ Rivian-მა მოგება გამოიმუშაოს. Rivian კვლავ კარგავს ფულს მის მიერ წარმოებულ თითოეულ ელექტრომობილზე, ამიტომ გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ მეტი მანქანის წარმოება კომპანიის ზარალს გაზრდის.

Rivian Automotive-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $24.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $28.57-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $44.00-ს, ხოლო მინიმალური — $12.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Rivian Automotive-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

B&G Foods

გუშინ, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ, საკვების ამერიკული კომპანიის — B&G Foods-ის აქციების ფასი დაახლოებით 10%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 24%-ით არის დაკლებული.

აშშ-ში B&G-ის საცალო გაყიდვების კვარტალური 11.5%-იანი კლების მოტივით, Piper Sandler-ის ანალიტიკოსებმა კომპანიის აქციების ნეიტრალური რეიტინგი გაყიდვის რეკომენდაციით შეცვალეს, ხოლო სამიზნე ფასი $14-დან $8-მდე შეამცირეს, რაც ჩამოუვარდება სამშაბათის დახურვის ფასს — $9.48-ს.

ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ B&G-ის მიერ მისი Back to Nature ბრენდის გასხვისებამ ხელი შეუწყო გაყიდვების დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტით კლებას და გამოიწვია Piper-ის მენეჯმენტის მიერ მესამე კვარტლის ორგანული გაყიდვების პროგნოზის 7.5%-მდე შემცირება.

B&G Foods

როგორც წესი, B&G Foods მესამე კვარტლის ფინანსურ შედეგებს ნოემბრის დასაწყისში წარადგენს. ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ შემოსავალი წლიდან წლამდე 4.4%-ით — $509.5 მილიონამდე შემცირდება, ხოლო EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.25-ს შეადგენს (გასული წლის იმავე კვარტალში — $0.31).

B&G Foods-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $8.60-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $12.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $16.00-ს, ხოლო მინიმალური — $8.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი B&G Foods-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 46%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია და არცერთმა — ყიდვის რეკომენდაცია.

Helen of Troy

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Helen of Troy-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი სამომხმარებლო პროდუქტების კომპანიის აქციების ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით არის დაკლებული.

გასულ კვარტალში შემოსავალი წლიდან წლამდე 5.7%-ით — $491.6 მილიონამდე შემცირდა, თუმცა ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $485 მილიონს.

გაყიდვების კლების მიუხედავად, Helen of Troy-მ მიაღწია მთლიანი მარჟის სოლიდურ გაუმჯობესებას, 420 საბაზისო პუნქტით — 46.7%-მდე, რადგან კომპანიამ მარაგები 32%-ით — $435.7 მილიონამდე შეამცირა და ტვირთების გადაზიდვის დაბალი ხარჯებით ისარგებლა.

თუმცა გაყიდვების, ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები 390 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და შემოსავლის 36.5% შეადგინა.

Helen of Troy

შედეგად, კორექტირებული საოპერაციო მარჟა 13.9%-დან 12.7%-მდე დაეცა და კომპანიის კორექტირებულმა EPS-მა $1.74 შეადგინა (გასული წლის იმავე კვარტალში — $2.27), რამაც ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.64-ს გადააჭარბა.

რაც შეეხება მომავალს, Helen of Troy-ს მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მთელი წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი, გასულ წელთან შედარებით, 2.8%-5.2%-ით — $1.965-$2.015 მილიარდამდე შემცირდება (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2 მილიარდი). კომპანიაში ასევე მოელიან, რომ EPS 4.8%-10.1%-ით — $8.50-$9.00-მდე დაიკლებს (უოლ სტრიტის პროგნოზი — $8.91). მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ მოსალოდნელია მთლიანი მარჟის მცირე ვარდნა წლის მეორე ნახევარში.

Helen of Troy-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $105.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 3 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $154.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $159.00-ს, ხოლო მინიმალური — $149.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Helen of Troy-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 46.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 3 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

რას ნიშნავს ქვეყანასთან დაკავშირებული საინვესტიციო რისკი?

შემდეგი

დავითისა და გოლიათის ისტორია — GameStop-ის “Short Squeeze”

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
დავითისა და გოლიათის ისტორია — GameStop-ის “Short Squeeze”

დავითისა და გოლიათის ისტორია — GameStop-ის “Short Squeeze”

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved