უორენ ბაფეტი თანამედროვე ისტორიაში უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ინვესტორია. Berkshire Hathaway, ჰოლდინგური კომპანია, რომლის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორიც სწორედ ომაჰას ორაკულია (ასე უწოდებენ ხშირად ბაფეტს) ხშირად ექცევა მედიის ყურადღების ცენტრში მიუხედავად იმისა, რომ ყველა საინვესტიციო გადაწყვეტილებას ბაფეტი აღარ იღებს.
მიუხედავად მისი შეუდარებელი წარმატებისა, ბაფეტის საინვესტიციო მოდელი დიდი ხანია გამჭვირვალე, პირდაპირი და თანმიმდევრულია. ის ინვესტიციებს დებს დიდ, ლურჯი ჩიპის კომპანიებში, რომლებსაც ძლიერი ბალანსი და მიმზიდველი ღირებულება ახასიათებს. უორენ ბაფეტი ინვესტირებისას გრძელვადიან მიდგომას იყენებს, მაგრამ ის არ უფრთხის მნიშვნელოვანი ახალი ინვესტიციების ჩადებას ან დიდი ხნის წინ გახსნილი პოზიციების დახურვას.
დღევანდელ სტატიაში კი განვიხილავთ Berkshire Hathaway-ის საინვესტიციო პორტფელის ტოპ ხუთეულს, კომპანიის 2023 წლის მეორე კვარტლის ანგარიშის (5 აგვისტო) მიხედვით.
- Apple
2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით iPhone-ების მწარმოებელს — Apple-ს Berkshire Hathaway-ის საინვესტიციო პორტფელში ყველაზე დიდი წილი — 50% უკავია $177.6 მილიარდის ღირებულების აქციებით, რაც Apple-ის მიმოქცევაში არსებული აქციების 5.8%-ს შეადგენს.
Berkshire Hathaway-მ Apple-ის წილის დიდი ნაწილი 2016-2019 წლებში შეიძინა $35 მილიარდად.
2023 წლის Berkshire Hathaway-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე, უორენ ბაფეტმა თქვა: „ჩვენი კრიტერიუმები Apple-ისთვის განსხვავებულია. ის უბრალოდ უკეთესი კომპანიაა, ვიდრე ჩვენს მფლობელობაში არსებული ნებისმიერი სხვა ბიზნესი“.
- Bank of America
Berkshire Hathaway-ის სიდიდით მეორე მფლობელობა არის Bank of America, რომლის წილი 2023 წლის შუა პერიოდისთვის $29.6 მილიარდად არის შეფასებული — ეს პორტფელის 8%-ს შეადგენს. 1 მარტის მდგომარეობით, Berkshire Hathaway ბანკის მოქმედი აქციების 12.9%-ს ფლობდა.
Berkshire Hathaway ახლა BofA-ს 1 მილიარდ აქციას ფლობს, აქედან 700 მილიონი აქცია ბაფეტმა შეიძინა 2022 წელს, მას შემდეგ, რაც Berkshire-მა 2011 წელს ბანკის პრივილეგირებულ აქციებში $5 მილიარდის ინვესტირების შემდეგ ვარანტი (კონკრეტულ ფასად და კონკრეტულ თარიღში კომპანიის აქციების შეძენის უფლება) მიიღო.
- American Express
Berkshire Hathaway-ის $26.4 მილიარდის ღირებულების წილი ფინანსური სერვისების პროვაიდერში — American Express-ში, 2023 წლის შუა პერიოდისთვის ბაფეტის კომპანიის პორტფელის 7.5%-ს, ხოლო American Express-ის აქციების 20.4%-ს შეადგენს.
AmEx-ის აქციები ბაფეტმა პირველად 1994 წელს შეიძინა და მას შემდეგ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში Berkshire Hathaway-მ ამ კომპანიაში წილი მნიშვნელოვნად გაზარდა.
- Coca-Cola
Coca-Cola-ს $24.1 მილიარდის ღირებულების აქციები Berkshire Hathaway-ის საინვესტიციო პორტფელის 6.8%-იან წილს წარმოადგენს. უორენ ბაფეტის კომპანია კი Coca-Cola-ს 9.25%-ს ფლობს.
ბაფეტმა კომპანიის აქციები პირველად 1988 წელს შეიძინა და განაცხადა, რომ ამ პოზიციის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნებას აპირებდა. მას შემდეგ 35 წელი გავიდა და Berkshire Hathaway დღესაც ფლობს Coca-Cola-ში მნიშვნელოვან წილს.
- Chevron
2023 წლის პირველ ნახევარში უორენ ბაფეტმა შეამცირა Berkshire Hathaway-ის წილი ნავთობის გიგანტ Chevron-ში, რომელიც ოდესღაც კომპანიის სიდიდით მესამე მფლობელობა იყო. მიმდინარე წლის 30 ივნისის მონაცემებით Berkshire ნავთობკომპანიის $19.4 მილიარდის ღირებულების აქციებს ფლობს, რაც კომპანიის საინვესტიციო პორტფელის 5.5%-ს, ხოლო Chevron-ის ყველა აქციის 7%-ს წარმოადგენს.