რა მოხდა?
S&P Global Market Intelligence-ის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, გასული კვირის განმავლობაში CDW-ის აქციების ფასი თითქმის 13%-ით დაეცა. შედარებისთვის, დროის ამ მონაკვეთში, S&P 500 მცირედით — 0.1%-ით შემცირდა. ამ ვარდნამ IT (ინფორმაციული ტექნოლოგიები) სპეციალისტის აქციები 2023 წლისთვის ნეგატიურ ზონაში გადაიყვანა — წლის დასაწყისიდან ფასის ნიშნული 9%-ზე მეტით არის დაკლებული. ეს გამოწვეული იყო საკვანძო ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, გაყიდვების პირობების გაუარესების შესახებ მენეჯმენტის გაფრთხილებით.
და რა?
CDW-ს მენეჯმენტმა პირველი კვარტლის წინასწარი შედეგები სამშაბათს, 18 აპრილს გამოაცხადა. კომპანია 3 მაისს წარადგენს კვარტალურ ანგარიშს ეს მოიცავს გაყიდვების პერიოდს, რომელიც მარტის ბოლოს დასრულდა.
მენეჯმენტის თქმით, ამ პერიოდში გაყიდვების ტენდენციები გაუარესდა, რადგან ბევრმა მსხვილმა საწარმომ IT კონტრაქტის ხარჯები შეამცირა. „კვარტალი აღინიშნა ეკონომიკური გაურკვევლობის გაძლიერების პერიოდით” — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა — ქრისტინ ლეჰიმ პრესრელიზში. CDW-ის გაყიდვებმა $5.1 მილიარდი შეადგინა, რაც ჩამორჩება მენეჯმენტის მოლოდინებს როგორც კორპორატიულ, ასევე გადაწყვეტების ნიშებში. „მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგები მოსალოდნელზე სუსტი იყო, გუნდმა სწრაფად ცვალებად გარემოში კარგად იმოქმედა“ — თქვა ლეჰიმ.
ახლა რა?
ინვესტორებს აქვთ მიზეზი, რომ სულ მცირე მომდევნო რამდენიმე კვარტალში მუდმივ გამოწვევებს ელოდონ. CDW-ის უახლესი პროგნოზი გულისხმობს, რომ აშშ-ის საკვანძო ბაზარზე IT ხარჯები მაღალი ერთნიშნა მაჩვენებლით შემცირდება. ეს ვარდნა ზეწოლას იქონიებს მოგებაზე მოკლევადიან პერსპექტივაშიც, რადგან CDW-ს დასჭირდება დრო, რათა მოთხოვნის დაცემის საპასუხოდ ხარჯები შეამციროს.
აღმასრულებლები პროგნოზირებენ ოდნავ სუსტ კორექტირებულ მოგებას წელს 2022 წელთან შედარებით. ეს უფრო ფრთხილი პერსპექტივა არ ემუქრება CDW-ის ფართო ზრდის ამბიციებს, მაგრამ უოლ სტრიტი არ არის აღფრთოვანებული 2023 წელს უფრო სუსტი შემოსავლის პერსპექტივით.