არავის უყვარს აქციების მასიური გაყიდვების ხილვა, მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რაც ელექტრონული კომერციის ბევრი აქციის შემთხვევაში მოხდა. როდესაც პანდემიით გამოწვეული ჩაკეტვა დასრულდა და მომხმარებლებმა ფიზიკურ მაღაზიებში უფრო მეტად სიარული დაიწყეს, ელექტრონული კომერციის კომპანიების გაყიდვების მოცულობები და მათი აქციების ფასები ამ ტენდენციას სულ უფრო მეტად ასახავდა.
თუმცა, ამან ასევე ხელი შეუწყო მრავალი ინვესტორებისთვის აქციების უფრო ხელმისაწვდომობას. ახლა $100-ადაც კი შესაძლებელია ბევრი ისეთი კომპანიის აქციების შეძენა, რომელიც აქამდე მიუწვდომელი იყო. შესაბამისად, მეტ ინვესტორს შეუძლია მიიღოს სარგებელი ისეთი მზარდი კომპანიებისგან, როგორიც არის Shopify და Chewy.
Shopify
Shopify თავისი ისტორიის უმეტეს ნაწილში ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი იყო. აქციების ფასების მასიურმა ზრდამ განაპირობა ის, რომ აქციების დაყოფამდე 2021 წელს კომპანიის თითო აქციის ფასი $1,700-ს შეადგენდა.
მიუხედავად ამისა, სასტიკმა bear market-მა და აქციების 1/10 შეფარდებით დაყოფამ აქციები მცირე ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. შედეგად ამჟამად Shopify-ის აქციის ფასი $35-ს ოდნავ აჭარბებს.
ინვესტორებს შეუძლიათ ინვესტიცია ჩადონ კომპანიაში, რომელიც, როგორც ჩანს, თავის კონკურენტუნარიანობას მუდმივად აფართოებს. მომხმარებლებს Shopify-ის საშუალებით შეუძლიათ არა მხოლოდ შექმნან და მართონ ელექტრონული კომერციის სივრცე, არამედ მიიღონ კაპიტალი, მართონ მარაგები და გადახდები.
Shopify კი გასცდა პროგრამული უზრუნველყოფის საზღვრებს, რათა შექმნას თავისი Shopify Fulfillment Network (SFN). ეს სერვისი, რომელიც მარაგების შენახვის, შეფუთვისა და გაგზავნის საშუალებას იძლევა, არის სარგებელი, რომელსაც ძირითადი კონკურენტები (გარდა Amazon-ისა) მომხმარებლებს დამოუკიდებლად ვერ შესთავაზებენ.
მიუხედავად ამისა, Shopify-ის ეკოსისტემამ კომპანია ამ შენელებისადმი იმუნური ვერ გახადა. $2.5 მილიარდი, რომელიც მან 2022 წლის პირველ ნახევარში გამოიმუშავა, წლიურ 19%-იან ზრდას წარმოადგენდა. 2021 წელს შემოსავლების 57%-იანი ზრდის შემდეგ ეს მნიშვნელოვანი შემცირებაა.
ასევე, კომპანიამ დაახლოებით $13 მილიონის ოდენობით კორექტირებული წმინდა ზარალი დააფიქსირა, რაც წინა წლის იმავე პერიოდში $539 მილიონის მოცულობის კორექტირებული მოგების შემდეგ ძალიან დიდი კლებაა. საბოლოო ჯამში დაფიქსირდა საოპერაციო ხარჯების 72%-იანი ზრდა, რადგან Shopify თავის შესრულების ქსელს ქმნის.
მაგრამ, შესაძლოა, პრობლემები მალე დასრულდეს, რადგან Shopify თავისი სავაჭრო გადაწყვეტების სეგმენტისთვის უფრო მაღალ შემოსავალს მოელის. მენეჯმენტს ასევე სჯერა, რომ ახალი მოვაჭრეები კომპანიასთან უფრო სწრაფი ტემპით ითანამშრომლებენ.
Shopify-ის აქციების ფასი ალბათ არ ასახავს ამ გაუმჯობესებებს, რადგან ის 52-კვირიან დაბალ ნიშნულზე ოდნავ მაღლაა. მისი P/S (ფასი/გაყიდვები) კოეფიციენტი, რომელიც 8-ს შეადგენს, შესაძლოა, შედარებით ძვირი ჩანდეს.
მიუხედავად ამისა, P/S თანაფარდობა გასული წლის ბოლო 50-ს აჭარბებდა და ამჟამინდელი შეფასება ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალია. იქიდან გამომდინარე, რომ Shopify საკუთარ ეკოსისტემას აყალიბებს და მეტ სავაჭრო ობიექტს იზიდავს, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში აქციების ფასიც გაიზრდება.
Chewy
Chewy არის კიდევ ერთი მზარდი პოტენციალი აქცია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ხელმისაწვდომი გახდა. მას შემდეგ, რაც ფასმა გასული წლის დასაწყისში პიკს – $120-ს მიაღწია, ის სტაბილურად ეცემა. დღეს ფასი $36-ს ოდნავ აჭარბებს, რაც მისი ყველა დროის უმაღლესი დონიდან 70%-იანი ფასდაკლებაა.
ერთი შეხედვით, შეიძლება გვაინტერესებდეს, თუ როგორ კონკურენციას უწევს ეს კომპანია Amazon-ს. მისი $15 მილიარდის ტოლი საბაზრო კაპიტალი Amazon-ის ზომის 2%-ზე ნაკლებია. Chewy-ის მოგება კი, რომელიც $607 მილიონს შეადგენს, Amazon-ის $96 მილიარდიან ლიკვიდურობასთან შედარებით ძალიან დაბალია.
თუმცა, Chewy, ამაზონთან შედარებით, ერთ სფეროში გამოირჩევა – პერსონალიზებული სერვისი. მომხმარებელთა მომსახურება 24/7 არის ხელმისაწვდომი და Chewy 100%-ით გარანტირებულ უპირობო კმაყოფილებას გთავაზობთ. კომპანია ასევე ითვალისწინებს პირად ჟესტებს, როგორიც არის საჩუქრისა და ბარათის გაგზავნა შინაური ცხოველის გარდაცვალებისას.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული კომერციის ზრდა შენელდა, 2022 წლის პირველ ნახევარში Chewy-მ მაინც $4.9 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-იანი ზრდაა. ამ პერიოდის განმავლობაში მოგება 85%-ით გაიზარდა და $41 მილიონი შეადგინა. Chewy-ის საპროცენტო შემოსავლის ზრდამ მოგების მატებას შეუწყო ხელი.
კომპანია 2022 წლისთვის მოგების 11%-12%-ით ზრდას პროგნოზირებს. 2021 წლის 24%-იანი ზრდის შემდეგ ეს უმნიშვნელო შენელებაა, მაგრამ, ელექტრონული კომერციის ზოგადი შენელების გათვალისწინებით, შთამბეჭდავი შედეგია.
ასევე, აქციების ფასის კლების წყალობით, მისი P/S კოეფიციენტი 1.6-მდე დაეცა. Amazon-ის იგივე მაჩვენებელი 2.7-ს შეადგენს. საბოლოო ჯამში, სავარაუდოა, რომ მომხმარებლები თავიანთი შინაური ცხოველებისთვის ხარჯვას გააგრძელებენ. დაბალი ფასებისა და შესანიშნავი მომსახურების გამო, დიდი ალბათობით, Chewy-ს მომხმარებელთა მზარდი რაოდენობა მიმართავს, რაც კომპანიის აქციების ფასის ზრდას ხელს შეუწყობს.