Nvidia-სთვის ცუდი სიახლეები უბრალოდ არ ჩერდება. გრაფიკული ბარათების სპეციალისტმა კიდევ ერთი დიდი დარტყმა გასულ კვირას მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ს მთავრობამ მონაცემთა ცენტრის ჩიპების ჩინეთში, ჰონგ-კონგსა და რუსეთში გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესა.
ამ ახალი ამბიდან გამომდინარე Nvidia-ს აქციების ფასი შემცირდა, რადგან კომპანიისთვის ჩინეთი დიდი ბაზარია. შეზღუდვების გამო ტექნოლოგიური გიგანტის ფისკალური მესამე კვარტლის შემოსავალი $400 მილიონით შემცირდა. მიმდინარე კვარტალში კომპანია $5.9 მილიარდის მოცულობის შემოსავალს ელოდა, რაც წინა წლის პერიოდთან შედარებით დიდ ვარდნაზე მიუთითებს (გეიმინგ სეგმენტის სისუსტის გამო).
მონაცემთა ცენტრის ბიზნესი კომპანიისთვის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო, წლიური 61%-იანი ზრდა $3.8 მილიარდამდე, მაგრამ შეზღუდვებმა შეიძლება მონაცემთა ცენტრის ბიზნესის ზრდას ხელი შეუშალოს.
ახლა Nvidia-ს ინვესტორებისთვის რთული დროა. 2022 წელს აქციების ფასი 53%-ით დაეცა და, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდეს, რადგან კომპანია მრავალ წინააღმდეგობას აწყდება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში Nvidia-ს აქციების ფასი, მიუხედავად არასტაბილურობისა, 220%-ით გაიზარდა.
სწორედ ამიტომ, საზრიანი ინვესტორებისთვის კარგი იდეაა მომავალზე ორიენტირება და იმის განსაზღვრა, თუ სად შეიძლება იყოს Nvidia ხუთი წლის შემდეგ. ეს მათ დაეხმარება გადაწყვიტონ, იყიდონ თუ არა ეს ტექნოლოგიური აქცია მანამ, სანამ მისი ფასი შემცირებულია.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მონაცემთა ცენტრის ბიზნესმა შეიძლება დიდ წარმატებას მიაღწიოს
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გეიმინგ და მონაცემთა ცენტრის ბიზნესი Nvidia-ს ზრდის საყრდენები იქნება. კომპანია ამ ნიშებში ახალ სფეროებს იკვლევს, რამაც შეიძლება მისი ზრდა გააძლიეროს.
Nvidia მონაცემთა ცენტრის გრაფიკული ბარათებით არის ცნობილი, მაგრამ ახლა მონაცემთა დამუშავების ერთეულების (DPU) და ცენტრალური დამუშავების ერთეულების (CPU) მიმართულებით პროგრესირებს. ეს არის ორი სფერო, რომელმაც შეიძლება კომპანიისთვის მასიური ზრდის შესაძლებლობა გახსნას.
წელს Nvidia სავარაუდოდ მესამე თაობის DPU-ებს გამოყენებას ხელოვნური ინტელექტისა და ანალიტიკის მიმართულებით დაიწყებს. ეს არის პროგრამირებადი ქსელური მოწყობილობები, რომლებიც, სამუშაოების დაჩქარების მიზნით, ზოგადი დანიშნულების გამოთვლების ამაჩქარებლებთან ნაზავს გვთავაზობს. უფრო მეტიც, Nvidia უკვე მუშაობს მეოთხე თაობის მონაცემთა ცენტრის DPU-ებზე, რომლებიც, დიდი ალბათობით, მომავალ წელს გამოვა.
გასაკვირი არ არის, თუ რატომ ცდილობს Nvidia DPU ბაზარზე დომინირების დამყარებას. აღმასრულებელ დირექტორს – ჯენსენ ჰუანგს მიაჩნია, რომ 2026 წლისთვის DPU-ები, სავარაუდოდ, მსოფლიოს ყველა მონაცემთა ცენტრში განთავსდება.
იმავდროულად, Nvidia სერვერების პროცესორების ბაზარზე ოპერირებისთვისაც ემზადება. პირველი სერვერები, რომლებიც Nvidia-ს Grace მონაცემთა ცენტრის CPU-ებით არის აღჭურვილი, ბაზარზე 2023 წლის პირველ ნახევარში გამოვა. Nvidia-ს აქამდე არ გამოუყენებია სერვერის პროცესორის ბაზარი, სივრცე, სადაც დომინირებს ისეთი კომპანიები, როგორიც არის AMD და Intel. ამიტომ კომპანიის ამ ბაზარზე გადასვლა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს სეგმენტი გრძელვადიან პერსპექტივაში $42 მილიარდის მოცულობის შემოსავალს გამოიმუშავებს.
მონაცემთა ცენტრის ამაჩქარებლების საერთო ბაზარი, სავარაუდოდ, 2027 წლისთვის 39%-იან წლიურ ზრდას მიაღწევს, რაც პროგნოზირებული პერიოდის ბოლოსთვის $70 მილიარდს შეადგენს. ასე რომ, Nvidia-ს შეუძლია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ეს გარემოება გამოიყენოს და უფრო ძლიერ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
განვითარებადი კატალიზატორი, რომელიც ინვესტორებმა არ უნდა გამოტოვონ
Nvidia-ს გეიმინგ ბიზნესი, გრაფიკული ბარათების ჭარბი მიწოდების გამო, ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია. თუმცა, კომპანია, ქლაუდ თამაშების დახმარებით, გეიმინგთან დაკავშირებულ აპარატურაზე დამოკიდებულების შესამცირებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.
მოსალოდნელია, რომ ქლაუდ თამაშების ბიზნესი 2030 წლისთვის $22 მილიარდის მოცულობის შემოსავალს გამოიმუშავებს. ამ პერიოდის განმავლობაში შემოსავალი წლიური 57%-იანი ტემპით გაიზრდება. ბაზრის შთამბეჭდავი ზრდა განპირობებული იქნება სწრაფი ინტერნეტის სიჩქარით და დაბალი ხარჯებით, თამაშების საკუთრების უფლებისა და ტექნიკის შეძენის ხარჯებთან შედარებით. Nvidia უკვე შესანიშნავ მდგომარეობაშია იმისთვის, რომ ქლაუდ თამაშებით ისარგებლოს, რადგან მან GeForce Now სერვისის დახმარებით მყარი სამომხმარებლო ბაზა შექმნა.
ფისკალურ 2022 წელს ჩიპების მწარმოებელმა ვიდეო თამაშების ბიზნესიდან $12.5 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა. ეს ნიშნავს, რომ ქლაუდ თამაშების ბიზნესის პოტენციური ზომა და Nvidia-ს სავარაუდო 60%-იანი შემოსავლის წილი ბაზარზე გვიჩვენებს, რომ ამ განვითარებად სეგმენტს შეუძლია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიას დიდი სარგებელი მოუტანოს.
ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ინვესტორებს შეიძლება სურდეთ კომპანიის გრძელვადიან პოტენციალზე ორიენტირდნენ და მისი აქციები შემცირებულ ფასად შეიძინონ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ანალიტიკოსები Nvidia-ს გრძელვადიანი პერსპექტივების მიმართ კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილნი და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში წლიურ 22%-იან ზრდას მოელიან.