Walt Disney-ს უახლოეს დღეებში მნიშვნელოვანი მოვლენები ელის. როგორც აქციონერები, ასევე კომპანიის გულშემატკივრები ამ კვირაში Disney-ის შესახებ მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნობიან.
ხვალ ჩანიშნულია Disney+ Day – ყოველწლიური ვირტუალური ღონისძიება, რომელსაც Walt Disney თავისი Disney+, Hulu და Star+ სტრიმინგ სერვისების პოპულარიზაციისთვის მასპინძლობს. ამის შემდეგ კი D23 Expo-ზე კომპანიის სამდღიანი პრეზენტაცია გაიმართება.
Disney+ Day
ძნელი დასაჯერებელია, რომ Disney+ სულ რაღაც სამ წელზე ნაკლები ხნის წინ ამოქმედდა. სტრიმინგ სერვისს ახლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 152.1 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. Disney+ Day შემოღებულ იქნა გასული წლის ნოემბერში, როდესაც პლატფორმის 2 წლის იუბილე ახალი კონტენტების ტალღით აღინიშნა. წელს კი ეს ღონისძიება 2 თვით ადრე ჩატარდება.
წინ გველის ახალი შოუები და უკვე არსებული კონტენტის გაუმჯობესებული ვერსიები, მაგრამ ხუთშაბათის ჰიტი შეიძლება იყოს რამდენიმე ფილმი, რომლის პრემიერაც იგეგმება. მარველის Thor: Love and Thunder Disney+-ზე კინოეკრანებზე გამართული პრემიერიდან სამი თვის შემდეგ გამოვა. Disney+ Day-ზე ასევე ვიხილავთ პინოქიოს ახლებურ ვერსიას. დისნეიმ, რეალური მსახიობების მონაწილეობით კლასიკურ ანიმაციებს ახალი სიცოცხლე აჩუქა. მოსალოდნელია, რომ პინოქიო დიდ ყურადღებას მიიპყრობს, რადგან მასში მონაწილეობს ტომ ჰენკსი (ჯეპეტოს როლში), ხოლო რეჟისორი რობერტ ზემეკისია.
იქიდან გამომდინარე, რომ Disney მკვეთრად ზრდის ფასებს Disney+-ის ურეკლამო ვერსიაზე, კომპანიამ უნდა დაამტკიცოს, რომ მომხმარებლებს შესაბამისი მაღალი ხარისხის კონტენტით უზრუნველყოფს. Disney+ Day-ის სექტემბერში გადმოტანა შეიძლება ფასის ზრდისგან დისტანცირების ნაბიჯი იყოს ან წარმოადგენდეს სამზადისს D23 Expo ღონისძიებისთვის, რომელიც მომდევნო შაბათ-კვირას გაიმართება.
D23 Expo
დისნეის მასშტაბური მრავალდღიანი ღონისძიება, რომელშიც წარმოდგენილია პრეზენტაციები კომპანიის მედია გართობისა და თემატური პარკების ბიზნესების შესახებ, როგორც წესი, ყოველ მეორე წელს ტარდება, თუმცა განრიგი პანდემიის გამო შეფერხდა. ეს იქნება პირველი ღონისძიება 2019 წლის შემდეგ.
ბევრი დაგეგმილი პრეზენტაცია საშუალებას მოგვცემს დისნეის შეთავაზებებს სიღრმისეულად გავეცნოთ, მაგრამ ასევე გამოვლინდება ინფორმაცია მომავალი კონტენტებისა და თემატური პარკების შესახებ.
დისნეის ბიზნესი აღდგება, მაგრამ მისი აქციების ფასი ჯერ კიდევ შორს არის ყველა დროის მაქსიმალური მაჩვენებლებისგან. სწორედ ამიტომ იქნება საინტერესო ზემოთ ნახსენები ორი მოვლენა, მათგან მიღებული ინფორმაცია კომპანიის პერსპექტივების განსაზღვრაში დაგვეხმარება. ამ კვირაში დისნეი მრავალი ინვესტორის ყურადღებით ისარგებლებს.