საფონდო ბირჟისთვის მაისი რთული პერიოდი იყო, თუმცა ინვესტორებს გასული თვისგან მნიშვნელოვანი გაკვეთილების მიღება შეუძლიათ. თუ გავაანალიზებთ იმ ძალებს, რომლებმაც გასულ თვეში აქციებზე იმოქმედა, მაშინ ინფორმირებული პროგნოზის გაკეთება შეგვეძლება იმის შესახებ, თუ საით მიემართება ბაზარი. ამ სტატიაში მოცემულია რამდენიმე წამყვანი აქცია და ინდუსტრია, რომლებმაც მაისში ბაზარზე დიდი გავლენა იქონია და ისინი წინსვლის მნიშვნელოვან ტენდენციებს ასახავს.
Snap
Snap-ის აქციების ფასი მაისში 50%-ით შემცირდა. სოციალური მედიის აქციებმა, სხვა მზარდი პოტენციალის აქციებთან ერთად ზარალი განიცადა. არასახარბიელო პირველი კვარტლის შედეგების შემდეგ, აღმასრულებელმა დირექტორმა – ევან შპიგელმა თანამშრომლები გააფრთხილა, რომ კომპანია, სავარაუდოდ, შემოსავლებისა და მოგების შესახებ პროგნოზებს ვერ გაამართლებდა. შემცირებული მოლოდინები ცუდი მაკროეკონომიკური გარემოთი აიხსნა.
Snap-ის ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი 65-მდე შემცირდა, ხოლო მისი P/S (ფასი/გაყიდვები) თანაფარდობა 5.2-მდე დაეცა.

Snap-ს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში რთული გზა ელის, თუმცა სოციალური მედიის კომპანიის გრძელვადიანი პერსპექტივები დიდად არ შეცვლილა. აქციების ახალი შეფასება, შესაძლოა, რაციონალურ მოლოდინებზე დაბრუნებას ან დიდ ფასდაკლებას ასახავდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც კომპანიის ბიზნესი მოსწონთ, აქციების ფასი ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე 6 თვის წინ იყო.

კიბერუსაფრთხოების აქციები
მაისი განსაკუთრებულად ცუდი კიბერუსაფრთხოების აქციებისთვის იყო. ინდუსტრიის ლიდერების – Cloudflare, Okta, Zscaler და Crowdstrike – აქციების ფასები მთელი თვის განმავლობაში ერთმანეთთან მჭიდროდ მოძრაობდა ყველა მათგანი 20%-35%-ით შემცირდა.

Cloudflare-მა 5 მაისს მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები გამოაცხადა. გაყიდვები 54%-ით გაიზარდა, კომპანიამ წმინდა დოლარის შენარჩუნების (ზომავს, თუ რამდენად გაიზარდა ან შემცირდა კომპანიის წლიური განმეორებადი შემოსავალი ან ყოველთვიური განმეორებადი შემოსავალი დროთა განმავლობაში მომხმარებელთა გაფართოების, ასევე შემცირებისა და დაქვეითების ფაქტორით) ფენომენალურ მაჩვენებელს – 127%-ს მიაღწია და მთელი წლის შემოსავლების პროგნოზი გაზარდა.
პანდემიურმა bull market-მა მზარდი პოტენციალის აქციები წარმოუდგენლად მაღალ შეფასებამდე აიყვანა და მას შემდეგ ფასები მკვეთრად დაეცა. ამ ინდუსტრიისთვის გრძელვადიანი ზრდის პოტენციალი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, მაგრამ ფასები დღეს ინვესტორებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველია.
ენერგეტიკის სექტორი
მაისის დიდი მოგებების სიაში ამ სექტორისა და რამდენიმე სტაბილური დივიდენდური აქცია დომინირებს. Energy Select Sector SPDR ETF-ის ფასი 16%-ით გაიზარდა. ნედლი ნავთობის ფასი აგრძელებდა ზრდას და როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდების შეზღუდვის გამო, ბარელზე $100-ს აჭარბებდა.
გასული თვის ძლიერი მაჩვენებლების შემდეგაც კი, ენერგეტიკის სექტორი მაინც S&P 500-ის მხოლოდ 4%-ს შეადგენს. ნედლი ნავთობის ფასი ივნისშიც აგრძელებს ზრდას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს პერსპექტივაში მკვეთრად დაეცეს. თუმცა, ეს, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ინდექსებში გაერთიანებული სხვა ინდუსტრიების პრობლემები აანაზღაუროს.