რა მოხდა?
გუშინ ელექტრომობილების მწარმოებლის – Tesla-ს აქციების ფასი 2.5%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც Barron’s-მა განაცხადა, რომ კომპანიის მეორე კვარტლის წარმოების დონეებთან დაკავშირებით ანალიტიკოსების პროგნოზები „ცოტა გადამეტებულია“.
და რა?
ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ტესლას მენეჯმენტმა ჩინეთში ელექტრომობილების სრული დატვირთვით წარმოების განახლების შესახებ გამოაცხადა. სრული დატვირთვა გულისხმობს შანხაის ქარხანაში დღეში 2,600 მანქანის და წელიწადში – 949,000-ის წარმოებას. კომპანია წელს მიზნად 1.5 მილიონი ავტომობილის წარმოებას ისახავს. თუმცა, ერთი კვირის შემდეგ, Bloomberg იტყობინება, რომ ტესლას ჯერ კიდევ წარმოების სიმძლავრეების მხოლოდ 70% აქვს, ანუ დღეში დაახლოებით 1,800 ავტომობილი.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩინეთში კოვიდ შეზღუდვების გამო პირველ და მეორე კვარტლებში 100,000 ავტომობილის ღირებულების წარმოების დაკარგვა და ასევე, ტეხასისა და გერმანიის ქარხნებში წარმოების შენელება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, Barron’s-ის გამოთვლით, Tesla-ს ამ კვარტალში მხოლოდ 260,000 ან 300,000 ელექტრომობილის წარმოება შეუძლია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კომპანია წელს 1.5 მილიონი ერთეულის წარმოების მიზანს ბევრად ჩამოუვარდება.
ახლა რა?
ეს განმარტავს, თუ რატომ შეიძლება ზოგიერთმა ინვესტორმა ტესლას აქციების გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღოს, თუმცა, სავარაუდოდ, ეს გადაჭარბებული რეაქციაა.
მოსალოდნელია, რომ Tesla წელს 1.5 მილიონი ელექტრომობილის წარმოებას ვერ შეძლებს (თუმცა, ილონ მასკისგან ყველაფერია მოსალოდნელი), მაგრამ კომპანიას ვერ დაადანაშაულებთ, თუ ეს სუვერენული მთავრობის მიერ კოვიდ შეზღუდვებით იქნება განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, Tesla-მ წელს 1.5 მილიონი ელექტრომობილი ვერ აწარმოოს, კომპანიის მიერ ჩინეთში სრული ტევადობის მიღწევა იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ Tesla ამ მიზანს მომავალს წელს მიაღწევს.
მოკლედ, ინვესტორები ერთ ქვეყანაში არსებული ჯანდაცვით გამოწვეული მდგომარეობის ნაცვლად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მშენებარე ტესლას ქარხნების წარმოების დონის ზრდის ტენდენციებზე უნდა კონცენტრირდნენ.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს აქცია ზრდის ტენდენციას კვლავ ინარჩუნებს და ინვესტორები მოკლევადიანმა რყევებმა არ უნდა შეაშინოს.