საფონდო ბირჟამ 2022 წელი კატასტროფულად დაიწყო. S&P 500-ის ფასი დღემდე დაახლოებით 18%-ით არის შემცირებული, რადგან ინვესტორები საპროცენტო განაკვეთების ზრდით, ინფლაციითა და რუსეთ-უკრაინის ომით არიან შეშფოთებულნი. მასიური გაყიდვები, რომელმაც ბევრი ხარისხიანი აქციაც მოიცვა, გარკვეულად წააგავს 2020 წლის ბაზრის ვარდნას, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე მოხდა.
2 წლის წინ ინვესტორები, მიუხედავად მათი შეფასებებისა და ხარისხიანი კომპანიების სტაბილურობის გრძელვადიანი ისტორიისა, თავიანთ საინვესტიციო პორტფელებში ასეთი კომპანიების პოზიციებს ამცირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი ვარდნის მიზეზები განსხვავებულია და მასიური გაყიდვები ამჯერად უფრო დიდხანს გრძელდება, ინვესტორები პოტენციურად კვლავ დიდ შეცდომებს უშვებენ, როდესაც უახლოეს საბაზრო პირობებს ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევენ.

ნიმუშები ერთმანეთს ჰგავს
S&P 500-ის ვარდნა წელს ცუდად გამოიყურება, მაგრამ ის, 2020 წლის მარტის მასიურ გაყიდვებთან შედარებით, მაინც შედარებით მოკრძალებულია. 2 წლის წინ, 1 მარტიდან 16 მარტამდე ინდექსი 19%-ით დაეცა. ეს უფრო დიდი ვარდნაა ბევრად უფრო მოკლედ დროში. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების მიზეზები განსხვავებულია, საბოლოო შედეგები იგივე რჩება: კარგი და ცუდი აქციების ფასები მკვეთრად იკლებს.
მაგალითად, ორი ხარისხიანი მზარდი პოტენციალის აქცია, რომელსაც მაშინ რთული პერიოდი ჰქონდა იყო Align Technology და Walt Disney. ამ დროის განმავლობაში Align-ის აქციების ფასი – 26%-ით, ხოლო Disney-ის აქციების ფასი – 19%-ით შემცირდა. ორივე ბიზნესი პირად ტრაფიკს ეყრდნობა. დისნეის სჭირდება ხალხი, რომელიც მის თემატურ პარკებში წავა, ხოლო Align Technology-ის სჭირდება, რომ ხალხი მის სტომატოლოგებთან მივიდეს, რათა შეფასდეს რამდენად ესაჭიროება მათ ბრეკეტები. შესაბამისად, ორივე ბიზნესი საბოლოოდ მოკლევადიან, ლოკდაუნით გამოწვეულ პრობლემებს განიცდიდა. მათ ბიზნეს მოდელებში ცუდი არაფერი იყო.
მიმდინარე წელს ამ კომპანიების აქციების ფასები ამჯერად კიდევ უფრო მკვეთრად დაეცა: Disney-ის – 32%-ით, ხოლო Align-ის – 58%-ით. არსებობს ღელვა იმის შესახებ, რომ ინფლაციამ, შესაძლოა, ადამიანების მიერ ამ კომპანიების სერვისების შეძენას საფრთხე შეუქმნას. გარდა ამისა, მზარდი საპროცენტო განაკვეთები ობლიგაციების ბაზარს, მზარდი პოტენციალის აქციებისგან განსხვავებით, ფულის განსათავსებლად ახლა უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს. თუმცა ეს საბაზრო პირობები მუდმივი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორები საპირისპიროდ იქცევიან. ისევე, როგორც 2020 წლის ვარდნის შემდეგ ბევრი ხარისხიანი აქციის ფასი გაიზარდა, მრავალი კომპანიის აქციების მდგომარეობა, შესაძლოა, წლევანდელი მასიური გაყიდვების შემდეგაც გამოკეთდეს.
რაციონალურ ინვესტორებს დღეს ყიდვის დიდებული შესაძლებლობები აქვთ
ინვესტორებისთვის, რომლებსაც ბაზრის ამჟამინდელი რთული პირობების მიღმა გრძელვადიანი პერსპექტივის დანახვა შეუძლიათ, Disney და Align, შესაძლოა პორტფელში წარმოუდგენლად იაფი დანამატი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიების P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ძვირად გამოიყურება (Align – 31, Disney – 70-ზე ოდნავ მეტი) , ინვესტორებს უნდა ახსოვდეთ, რომ აქ მხოლოდ ბოლო წლის მოგება არის გათვალისწინებული. როდესაც ეს ბიზნესები საბოლოოდ გამოკეთდება, მათი შემოსავალი საგრძნობლად გაუმჯობესდება.
მთავარი საფუძვლებია. Align-მა ბოლო 12 თვის განმავლობაში 17%-ზე მეტი წმინდა მოგების მარჟა გამოიმუშავა, ხოლო ამ წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გაყიდვებმა $973 მილიონი შეადგინა, რაც წლიდან წლამდე 8.7%-იანი ზრდაა. წინ კიდევ უფრო დიდი ზრდაა, შესაძლოა, 2 წელიწადში Align-ის მაჩვენებლები ბევრად უკეთ გამოიყურებოდეს.
იგივე ეხება დისნეის, რომლის მოგების მარჟა დაზარალდა და ბოლო 12 თვის განმავლობაში 3.5%-ს შეადგენდა. პანდემიამდე, გართობის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანია აფიქსირებდა მოგებას, რომელიც შემოსავლის 15%-ს აჭარბებდა. მაგრამ დადებითი ის არის, რომ 2022 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა $19 მილიარდს გადააჭარბა და წელიწადში 23%-ით გაიზარდა, რადგან კომპანიის აღდგენა უკვე მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა იქნება ეს Align, Disney, თუ სხვა ხარისხიანი კომპანიის გაუფასურებული აქცია, ახლა ბაზარზე შესაძლებლობების ნაკლებობა არ არის. როგორც ჩანს, ინვესტორები 2 წლის წინ დაშვებულ შეცდომებს იმეორებენ და ხარისხიან აქციებს პანიკურად ყიდიან. თუმცა უფრო რაციონალური, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის ახლა ძალიან ხელსაყრელი შესაძლებლობები იქმნება.