ზრდაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის აპრილი მძიმე თვე იყო. Bear ბაზარი გაგრძელდა, რაც ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი ინვესტორებისთვისაც კი დიდ გამოწვევად იქცა. ბევრი აქცია წლის ახალ მინიმალურ მაჩვენებლებამდე ეცემა, მაგრამ იქ, სადაც ბევრი კატასტროფას ხედავს, შესაძლებლობის დანახვაც შეიძლება.
ამ სტატიაში მოცემული ელექტრონული კომერციის კომპანიები სექტორში ლიდერები არიან და მიუხედავად ამჟამინდელი სისუსტეებისა, მათ წინ ნათელი მომავალი აქვს.
Amazon
აშშ-ის ელექტრონული კომერციის გიგანტმა – Amazon-მა ახლახან წარადგინა კვარტალური ანგარიში და შემოსავლების ზრდა წლიური ათვლით 7%-მდე შემცირდა. შედარებისთვის, 2021 წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი წელიწადში 44%-ით გაიზარდა. ახლა ის უმაღლესი მაჩვენებლებიდან დაახლოებით 38%-ით დაეცა, რაც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში აქციების ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნაა.
ამაზონმა საუკეთესო დღეები უკან მოიტოვა? მიუხედავად იმისა, რომ ის მასიური $1.3 ტრილიონი საბაზრო კაპიტალის მქონე კომპანიად გადაიქცა, სავარაუდოდ, ამაზონს გრძელვადიანი წინსვლის უნარი ჯერ კიდევ აქვს. Amazon Web Services – კომპანიის ქლაუდ გამოთვლითი პლატფორმა და ყველაზე მომგებიანი სეგმენტი – ჯერ კიდევ იზრდება და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წლიდან წლამდე 37%-ით გაიზარდა.
იმავდროულად, Amazon აშშ-ის ელექტრონულ კომერციაში ბაზრის ლიდერია, რომელზეც მთლიანი საცალო ვაჭრობის ხარჯების მხოლოდ 13% მოდის. კომპანიამ ცოტა ხნის წინ დააანონსა სერვისი „იყიდე Prime-ით“, რომელიც ვაჭრებს Amazon Prime-ის თავიანთ ონლაინ მაღაზიებთან ინტეგრირების საშუალებას აძლევს. ეს ნაბიჯი Amazon-ს საცალო ვაჭრობაში ექსპანსიის საშუალებას მისცემს. ინვესტორებს შეუძლიათ ბაზრის არასტაბილურობა ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური ბიზნესის წილის შესაძენად გამოიყენონ.
Shopify
პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია – Shopify ელექტრონული კომერციის სივრცეში ნამდვილი ნოვატორია. მისი პლატფორმა ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს გახსნას და მართოს ონლაინ მაღაზია, რაც ყველა ზომის სავაჭრო ობიექტს ონლაინ კონკურენციის შესაძლებლობით უზრუნველყოფს. Shopify-ის მილიონზე მეტი მოვაჭრე იყენებს. კომპანია აშშ-ში ელექტრონული კომერციის ბაზრის წილის მიხედვით მეორე ადგილზეა, Amazon-ის შემდეგ.
უმაღლესი მაჩვენებლებიდან აქციების ფასი 70%-ზე მეტით დაეცა, რაც Shopify-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ვარდნაა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიამ შემოსავალი წლიდან წლამდე 22%-ით გაზარდა, რაც ინვესტორების მოლოდინზე დაბალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, Amazon, Shopify-ისთან პირდაპირი კონკურენციის მიზნით, იწყებს სერვისს სახელწოდებით “Buy with Prime”.
ზრდის შენელება და კონკურენცია არის ინვესტორების შეშფოთების სამართლიანი საბაბი. თუმცა, იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ Shopify ამ მოკლევადიანი გამოწვევების გადალახვას შეძლებს, ახლა კომპანიის აქციების შესაძენად სწორედ შესაფერისი დროა.
MercadoLibre
ელექტრონული კომერცია განვითარებად ბაზრებზე იზრდება და MercadoLibre ლათინურ ამერიკაში ამ სექტორის მეფეა. კომპანია ელექტრონული კომერციის ლოჯისტიკისა და ფინტექის (ფინანსური ტექნოლოგია) მიმართულებით ოპერირებს, ამიტომ ის შესყიდვის ყველა ასპექტს ეხება, შეკვეთიდან შესრულებამდე და გადახდამდე. კომპანიამ 2022 წლის პირველი კვარტლის შედეგები ახლახან გამოაცხადა და ძლიერი ზრდა დააფიქსირა: შემოსავალი წელიწადში 67%-ით გაიზარდა.
სამწუხაროდ, ბაზარზე არსებულმა შიშმა ინვესტორებს კომპანიის ძლიერი საფუძვლების შეფასებაში ხელი შეუშალა. MercadoLibre-ის აქციების ფასი უმაღლესი მაჩვენებლებიდან დაახლოებით 60%-ით შემცირდა, რაც 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნაა.
Mercadolibre-ს თავის ბიზნესში ბევრი პოზიტიური განვითარება აქვს, რამაც, შესაძლოა, მიმდინარე ვარდნა გრძელვადიანი ინვესტორებისთვის ყიდვის დიდ შესაძლებლობად აქციოს. ლათინური ამერიკა ელექტრონული კომერციის თვალსაზრისით მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ რეგიონებს შორის არის და Mercadolibre-ის ფინტექის ბიზნესი წარმატებულია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ფინტექის მიმართულებით კომპანიის მომხმარებლების რაოდენობა წელიწადში 31%-ით – 35.8 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო შემოსავალი – 112%-ით.
ლათინური ამერიკის მოსახლეობა დაახლოებით 664 მილიონს შეადგენს, ასე რომ, მომდევნო წლებში ზრდისთვის ჯერ კიდევ დიდი სივრცეა.