საპროცენტო განაკვეთების ზრდა და შფოთვა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed) მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით მოიმოქმედოს, ინვესტორების განწყობაზე აისახა. გუშინ, დილის 07:30 საათის მდგომარეობით, Dow Jones Industrial Average-ის ფიუჩერსები 148 პუნქტით დაეცა და 32,832 შეადგინა. S&P 500-ის ფიუჩერსები 19 პუნქტით – 4,132-მდე შემცირდა, ხოლო Nasdaq Composite-ის ფიუჩერსები 65 პუნქტით დაეცა და 13,008-ს გაუტოლდა.
საინვესტიციო სამყაროს ზოგიერთი გიგანტი ამ კვირაში უახლეს ფინანსურ შედეგებს ავრცელებს და გუშინდელ კანდიდატებს შორის რამდენიმე ცნობილი სახელი იყო. გუშინ, ლურჯი ჩიპის კომპანიებმა – Pfizer-მა და BP-მ კვარტალური ანგარიშები წარადგინეს.
Pfizer
გუშინ დილით, წინასაბაზრო ვაჭრობის პერიოდში Pfizer-ის აქციების ფასი 1%-ზე ნაკლებით შემცირდა. მედიკამენტების მწარმოებლის პირველი კვარტლის შედეგები ზოგადად კარგი იყო, მაგრამ ბევრი ინვესტორი ყურადღებას Pfizer-ის ვაქცინაზე და კოვიდ-19-ის მკურნალობის ვარიანტებზე ამახვილებს.
კომპანიის შემოსავალი პირველ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 82%-ით – $25.7 მილიარდამდე გაიზარდა. კოვიდ-19-თან დაკავშირებული ორი პროდუქტის (Comirnaty და Paxlovid) გარეშე შემოსავალი მხოლოდ 2%-ით გაიზრდებოდა. მოგება ასევე მკვეთრად მაღალი იყო და წლიდან წლამდე 72%-ით გაიზარდა, კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე კი $1.62 შეადგინა.
საინტერესოა, რამდენად ნორმალიზდება Pfizer-ის ფინანსური შედეგები პანდემიის მომავალი კურსის გავლისას. ვაქცინები Pfizer-ის მთლიანი შემოსავლის თითქმის 60%-ს შეადგენს და, შესაბამისად, ამ რიცხვის შემცირება გაყიდვების დამანგრეველ ვარდნას გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, კომპანიის მენეჯმენტი მოელის, რომ 2022 წელს შემოსავალი $98-$102 მილიარდს შეადგენს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ Pfizer კვლავ პანდემიასთან დაკავშირებულ პროდუქტებს ეყრდნობა.
BP
იმავდროულად, გუშინ დილით BP-ის აქციების ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა. ნავთობის გიგანტმა, რუსული ენერგეტიკული კომპანიის – Rosneft-ის მფლობელობის დატოვების შედეგად, მასიური ზარალი დააფიქსირა, თუმცა ძლიერი საოპერაციო შედეგები ამჟამად ენერგეტიკულ ინდუსტრიაში ხელსაყრელ პირობებს ასახავს.
ნედლ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის გამო BP-ის შემოსავალი 43%-ით – $49.3 მილიარდამდე გაიზარდა. თუმცა კომპანიამ $20.4 მილიარდის ოდენობით ზარალი დააფიქსირა. ეს დიდწილად გამოწვეულია $25.5 მილიარდის გადასახადებამდე დანახარჯებით, რომელიც Rosneft-ის თითქმის 20%-იანი წილის დატოვებასთან და რუსეთში კომპანიის სხვა საქმიანობების შეჩერებასთან არის დაკავშირებული.
გრძელვადიან პერიოდში, BP ბალანსის გაძლიერებაზე მუშაობდა და ეს ძალისხმევა პირველ კვარტალში აშკარა იყო. ენერგეტიკულმა გიგანტმა წმინდა ვალი $27.5 მილიარდამდე შეამცირა და ამან საკმარისი კაპიტალი დატოვა BP-სთვის, რომ $2.5 მილიარდის მოცულობის აქციების გამოსყიდვის პროგრამის შესახებ გამოეცხადებინა.
რუსეთის შეჭრა უკრაინაში BP-ს ძვირი დაუჯდა, მაგრამ ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებული ხელსაყრელი პირობები დარტყმას ამსუბუქებს. ინვესტორები იმედოვნებენ, რომ ნავთობკომპანიას უფრო მეტი პოტენციალი გააჩნია და შეუძლია აქციების ფასის ზრდის ტენდენცია გააგრძელოს.