ორშაბათს [2 მაისი], სავაჭრო სესიისას ჩანდა, რომ საფონდო ბირჟა გასული კვირას განცდილი ვარდნის ტენდენციას გააგრძელებდა. მიუხედავად იმისა, რომ Dow Jones Industrial Average, S&P 500 და Nasdaq Composite ინდექსებიდან ყველა 1%-დან 2%-მდე დაეცა, მოგვიანდებით, ყიდვის ტენდენციამ კი სამივეს ზრდას შეუწყო ხელი.
ინდექსი | დღიური პროცენტული ცვლილება | დღიური პუნქტობრივი ცვლილება |
Dow | +0.26% | +84 |
S&P 500 | +0.57% | +23 |
Nasdaq | +1.63% | +201 |
ტურისტული კომპანიები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან დაზარალდა და ბევრი მათგანი ინდუსტრიის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოუთმენლად ელოდა. ინვესტორებმა გარკვეული გამოჯანსაღების ნიშნები დაინახეს, რადგან Expedia Group-მა და Avis Budget Group-მა წამახალისებელი ფინანსური ანგარიშები წარმოადგინეს და ინვესტორები იმედოვნებენ, რომ, უახლოეს მომავალში, ამას ბევრად მეტი პოზიტიური მოვლენა მოჰყვება.
Expedia
სავაჭრო დღის შემდგომ საათებში მიმდინარე ვაჭრობისას Expedia Group-ის აქციების ფასი თითქმის 2%-ით გაიზარდა. მოგზაურობის პლატფორმის ონლაინ პროვაიდერი ინდუსტრიის გაუმჯობესების ტენდენციებზე მიგვანიშნებს.
Expedia-ს მთლიანმა ჯავშნებმა $24.4 მილიარდი შეადგინა. გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, ეს 58%-იანი ზრდაა, თუმცა პანდემიამდელ დონესთან – 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მთლიანი ჯავშნების მოცულობა 17%-ით არის შემცირებული. შემოსავალი 81%-ით – $2.25 მილიარდამდე გაიზარდა. Expedia-მ მაინც დაკარგა ფული, მაგრამ $74 მილიონის მოცულობის კორექტირებული წმინდა ზარალი არ იყო ისეთი საშინელი, როგორიც მოსალოდნელი იყო და ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა.
Expedia-სთვის ჯერ არაფერია ნათელი, რადგან რუსეთ-უკრაინის ომი ასევე ზემოქმედებს საერთაშორისო მოგზაურობაზე. თუმცა ინვესტორები თანმიმდევრულ გაუმჯობესებას სიამოვნებით მიადევნებენ თვალს და იმედოვნებენ, რომ ტურიზმის ინდუსტრიისთვის ხელსაყრელი ტენდენციები გაგრძელდება.
Avis
Avis Budget Group-ის აქციების ფასი თითქმის 7%-ით გაიზარდა. მანქანების გაქირავების გიგანტმა მჭიდრო ბაზრით ისარგებლა, ვინაიდან მოგზაურები გზებს უბრუნდებიან და ტრანსპორტი სჭირდებათ.
2022 წლის პირველ კვარტალში Avis-ის შემოსავალი 77%-ით გაიზარდა და $2.43 მილიარდს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 2019 წლის პირველი კვარტლის პანდემიამდელ დონეს 27%-ით აღემატება. Avis Budget-მა წინა წლის ზარალი უზარმაზარი $527 მილიონიანი მოგებით შეცვალა. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე $9.99 შეადგინა.
აღმასრულებელმა დირექტორმა – ჯო ფერარომ ასევე ახსენა გავლენა, რომელიც ომიკრონის ვარიანტს ამ პერიოდის დასაწყისში ჰქონდა. თუმცა ფერარო კომპანიის პოზიციით კმაყოფილია.
ავტომობილებზე დიდი მოთხოვნა, შესაძლოა, მუდმივი არ იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები, რომლებიც ავტო ინდუსტრიაზე ზემოქმედებს, საბოლოოდ მეორად მანქანებზე მოთხოვნას შეამცირებს. თუმცა, ამ დროისთვის, Avis Budget საკმაოდ მომგებიან პოზიციაშია და მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ კომპანია ამ ტენდენციას გააგრძელებს.