ოთხშაბათს,16 მარტს, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) შეხვედრა გაიმართება, რომელზეც FED-ის წარმომადგენლებმა, მონეტარული პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ამ შეხვედრის შედეგებს მთელი მსოფლიოს ინვესტორები მოუთმენლად ელიან, რადგან აქ მიღებული გადაწყვეტილება ბაზარზე დიდ გავლენას იქონიებს. სავარუდოა, რომ FED საპროცენტო განაკვეთებს 0.25%-დან 0.5%-მდე გაზრდის.
მოდით, გავიაზროთ, რატომ არის ფედერალური სარეზერვო სისტემის ეს გადაწყვეტილება ინვესტორებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი.
FED საპროცენტო განაკვეთებს ინფლაციის დონის შესამცირებლად ზრდის. ამიტომ, უნდა დავადგინოთ საპროცენტო განაკვეთებსა და ინფლაციას შორის კავშირი. ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდა, შესაბამისად, საბანკო სექტორის მიერ გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთს ზრდის – ანუ სესხების აღება ძვირდება. ეს კი ხალხს მეტი დაზოგვისკენ უბიძგებს. როდესაც ხალხი მეტ ფულს ზოგავს, ფულის ბრუნვა იკლებს, რაც ინფლაციის დონეს ამცირებს. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი ეკონომიკის ნელი ტემპებით ზრდას ნიშნავს.