გუშინ Intel-ის (INTC) აქციების ფასი გაიზარდა გახანგრძლივებულ ვაჭრობაში მას შემდეგ, რაც აღმასრულებელმა დირექტორმა — პეტ გელსინჯერმა ინვესტორებს, ხარჯების შემცირებასა და ბიზნესის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ახალი გეგმები შესთავაზა.
„After-hours”1 ვაჭრობაში ჩიპების მწარმოებლის აქციების ფასმა 8%-ზე მეტით მოიმატა მას შემდეგ, რაც ამ მაჩვენებელმა რეგულარულ სავაჭრო სესიაზე 5.3%-იანი აღმასვლა დააფიქსირა. თუმცა, ამ მიღწევების მიუხედავად, წლის დასაწყისიდან Intel-ის აქციების ფასი დაახლოებით 56%-ით არის შემცირებული.
Intel გეგმავს Intel Foundry-ს ცალკე შვილობილ კომპანიად გარდაქმნას
პეტ გელსინჯერმა თქვა, რომ Intel-მა მიაღწია პროგრესს ხარჯების შემცირების მიმართულებით სამუშაო ძალის ნაწილის გათავისუფლების, კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების შემცირებისა და Altera Corporation-ში თავისი წილის გაყიდვის წყალობით (ხარჯების შემცირების სხვა ნაბიჯებთან ერთად).
Intel-ის მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს, Intel Foundry — განყოფილება, რომელიც ჩიპებს სხვა ფირმებისთვის აწარმოებს — ცალკე შვილობილ კომპანიად გარდაქმნას. ჩიპების მწარმოებელ ფირმაში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება Intel Foundry-ს მეტი თავისუფლებით უზრუნველყოფს, მას საშუალებას მისცემს, დაფინანსება დამოუკიდებლად მოიძიოს, ხოლო თავად Intel-ს თითოეული ბიზნეს მიმართულების კაპიტალის სტრუქტურის ოპტიმიზაციაში დაეხმარება.
Intel დაამზადებს ჩიპებს ამაზონისთვის, აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის
Intel-მა ასევე დააანონსა მრავალმილიარდიანი შეთანხმებები, რომლებიც Amazon-ისთვის (AMZN) და აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის მორგებული ჩიპების წარმოებას ითვალისწინებს.
Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Intel-მა მიიღო $3.5 მილიარდის ოდენობის ფედერალური გრანტები, როგორც Secure Enclave პროგრამის ნაწილი. ამ უკანასკნელის მიზანი სამხედრო და სადაზვერვო აპლიკაციებისთვის მოწინავე ჩიპების შექმნაა.
Bloomberg-ის თქმით, ეს სიახლე ემატება პოტენციურ $8.5 მილიარდის მოცულობის გრანტს და $11 მილიარდის ოდენობის სესხს, რომელიც Intel-ს მიენიჭა მარტში, CHIPS and Science Act of 2022-ს ფარგლებში. ეს აქტი მიზნად ისახავს აშშ-ში ნახევარგამტარების წარმოების გამოცოცხლებას და აზიაზე დამოკიდებულების შეზღუდვას.
„ეს სიახლე, Amazon-ის ვებ სერვისებთან დაკავშირებულ ჩვენს განცხადებასთან ერთად, აჩვენებს იმ მუდმივ პროგრესს, რომელსაც ჩვენ ვაღწევთ მსოფლიო დონის სამსხმელო ბიზნესის ასაშენებლად” — განაცხადა გელსინჯერმა.
აღმასრულებელმა დირექტორმა დასძინა, რომ ჩიპების მწარმოებელი კვლავ განაგრძობს პროექტებს არიზონაში, ორეგონში, ნიუ-მექსიკოსა და ოჰაიოში. მისი თქმით, Intel კვლავ კარგად არის ბაზარზე პოზიციონირებული იმისთვის, რომ გაზარდოს წარმოება მსოფლიოს მასშტაბით არსებულ მოთხოვნასთან შესაბამისად.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Intel-ის აქციებს?
Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $22.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $26.09-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $42.00-ს, ხოლო მინიმალური — $19.80-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 26-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 6-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Intel-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.