შესაძლოა, მიმდინარე კვირაში აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა (Fed) 2020 წლის შემდეგ პირველად შეამციროს საპროცენტო განაკვეთები — ამ გადაწყვეტილებას მომხმარებლები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ინვესტორები მოუთმენლად ელიან.
განაკვეთის შემცირება ნიშნავს ცენტრალური ბანკის პოლიტიკის დასასრულს, რომელიც ზრდის სესხის აღების ხარჯებს ინფლაციის შესამცირებლად. ინფლაცია კონტროლიდან 2021 წლიდან გამოვიდა. პროგნოზისტები და ფინანსური ბაზრის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტი (FOMC), რომელიც შეხვედრებს დღეს და ხვალ ჩაატარებს, საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს. მოსალოდნელია, რომ კლება შეადგენს მინიმუმ მეოთხედ პროცენტულ პუნქტს ამჟამინდელი დიაპაზონიდან — 5.25%-5.5% — რომელსაც Fed 2023 წლის ივლისიდან ინარჩუნებს.
ფედერალური რეზერვის ოფიციალურმა პირებმა საზოგადოებას მიანიშნეს, რომ განაკვეთების შემცირება მოსალოდნელია და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთავარი კითხვა ის იყო, თუ რამდენად დიდი იქნება კლება. Fed-ის წარმომადგენლების ზოგიერთი ბოლო კომენტარი, ისევე როგორც ეკონომიკური მონაცემები, რომლებიც აჩვენებს ინფლაციის კლების შეფერხებას საბინაო ბაზარზე, მიუთითებს, რომ ცენტრალურ ბანკს შეუძლია აირჩიოს უფრო კონსერვატიული კვარტალური შემცირება, ვიდრე ნახევარი პროცენტული პუნქტით კლება.
„ამ გარემოში, მე ვერ ვხვდები, რატომ უნდა შეამციროს Fed-მა საპროცენტო განაკვეთები 50 საბაზისო პუნქტით“ — თქვა მაქსიმ დარმეტმა, პარიზში დაფუძნებული ფინანსური კომპანიის, Allianz Trade-ის უფროსმა ეკონომისტმა. „ვფიქრობ, აჩქარება არ ღირს“.
თუმცა უფრო დიდი შემცირების შესაძლებლობა მაინც არსებობს: CME Group-ის FedWatch ინსტრუმენტის მიხედვით, რომელიც განაკვეთის ცვლილებებს ფედერალური ფონდების ფიუჩერსული ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით პროგნოზირებს, ტრეიდერების აზრით, არსებობს 49%-იანი შანსი, რომ ამ შეხვედრაზე Fed საპროცენტო განაკვეთებს ნახევარი პროცენტული პუნქტით შეამცირებს.
საპროცენტო განაკვეთების ახალი დიაპაზონის დადგენის გარდა, Fed-ის წარმომადგენლები გააკეთებენ ეკონომიკურ პროგნოზებს იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად და რა სიდიდეებით შეამცირებენ ამ მაჩვენებელს მომდევნო თვეებსა და წლებში.
ეპოქის დასასრული
თუ ამ შეხვედრაზე Fed საპროცენტო განაკვეთებს დაწევს, ეს იქნება პირველი შემცირება მას შემდეგ, რაც სარეზერვო ბანკმა ის თითქმის ნულამდე დაიყვანა 2020 წლის მარტში, როდესაც კოვიდპანდემია დაიწყო. საპროცენტო განაკვეთების ზრდის კამპანიამ, რომელიც დაიწყო 2022 წლის მარტში გაზარდა საპროცენტო გადასახადი ყველა სახის სესხზე, მათ შორის იპოთეკაზე, საკრედიტო ბარათებზე და ავტო სესხებზე. სესხის აღების გაზრდილი ღირებულება მიზნად ისახავს მომხმარებლების მიერ ხარჯების შეზღუდვას, რაც ამცირებს მოთხოვნას და, თავის მხრივ, ანელებს ფასების ზრდას.
თუმცა 2022 წელს მიღწეული პიკიდან ინფლაცია საგრძნობლად შემცირდა და ეკონომიკის დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ დროა, ცენტრალური ბანკების შემზღუდავი პოლიტიკა შემსუბუქდეს.
მაღალი საპროცენტო განაკვეთები მიზნად ისახავდა ინფლაციის დათრგუნვას მომხმარებლების მიერ სესხების აღებისა და გაწეული ხარჯების შეკავებით, მიწოდებისა და მოთხოვნის ხელახალი ბალანსის დაწესებით. თუმცა ამ ნაბიჯმა ასევე ნეგატიურად იმოქმედა ეკონომიკაზე და დააზარალა შრომის ბაზარი. ვინაიდან ბიზნეს სესხები უფრო ძვირია და მომხმარებლებს ნაკლებად შეუძლიათ სესხის აღება, დამსაქმებლებმა ახალი თანამშრომლების დაქირავების ტემპი შეამცირეს.
შრომის ბაზარი
უმუშევრობის დონემ საკმარისად სწრაფად მოიმატა წელს, რათა შეიქმნას ისტორიულად სანდო გაფრთხილება, რომ, თუ რაიმე არ შეიცვლება, რეცესია გარდაუვალია. თუმცა აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის საერთო დონე ჯერ კიდევ არ არის მაღალი ისტორიული სტანდარტებით.
კონგრესი მოუწოდებს ფედერალურ სარეზერვო ბანკს, როგორც უმუშევრობა, ისე ინფლაცია დაბალ დონეზე შეინარჩუნოს. მისი უპირველესი ინსტრუმენტი ამისთვის არის საპროცენტო განაკვეთები.
Fed-ის თავმჯდომარე — ჯერომ პაუელი და სხვა ოფიციალური პირები ბოლო თვეებში აღიარებენ პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა ინფლაციის შემცირების კუთხით. მათ ასევე გამოხატეს მღელვარება შრომის ბაზრის შესუსტებასთან დაკავშირებით. ივლისის შუა რიცხვებში პაუელმა განაცხადა: „ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ახლა საქმე ორმხრივ რისკებთან გვაქვს და მათ დასაბალანსებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია”.
ის ფაქტი, რომ ინფლაცია თითქმის ნორმალურ დონემდე შემცირდა შრომის ბაზრის კრახის გარეშე, ისტორიული იშვიათობაა. ადრეულ შემთხვევებში, როდესაც Fed-ის მიერ, ინფლაციის შესამცირებლად, საპროცენტო განაკვეთების მკვეთრმა ზრდამ რეცესია და მასობრივი უმუშევრობა გამოიწვია.
Allianz Trade-ის უფროსი ეკონომისტის — მაქსიმ დარმედის თქმით, ცენტრალური ბანკის წარმატება ამჯერად ამართლებს Fed-ის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას, რომელიც დებატების საგანი იყო ეკონომისტებს შორის. ფედერალური სარეზერვო ბანკის დაჟინებული მოთხოვნა, რომ ინფლაცია 2%-მდე დაიკლებს, თვითშესრულებულ წინასწარმეტყველებად იქცა, რადგან ხალხს ამის სჯერა და ფინანსურ გადაწყვეტილებებსაც შესაბამისად იღებენ. მაგალითად, თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ მომავალში ინფლაციის დონე გაიზრდება, მათ შეიძლება იჩქარონ მსხვილი შესყიდვების განხორციელება ფასების გაზრდამდე. თავის მხრივ, ამან შესაძლოა, გაზარდოს მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასები. ხოლო თუ ადამიანებს სჯერათ, რომ ინფლაციის დონე შემცირდება, შეიძლება სრულიად განსხვავებული რეალობა მივიღოთ.
როგორია ინფლაციისა და შრომის ბაზრის ბოლო მაჩვენებლები?
გასულ კვირაში აშშ-ში სამომხმარებლო (CPI) და მწარმოებელთა ფასების ინდექსების (PPI) მონაცემები გამოქვეყნდა. 2024 წლის აგვისტოში CPI ინდექსი თვიურად 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო მისი წლიური ზრდა, ივლისთან შედარებით, 2.9%-დან 2.5%-მდე შემცირდა. ეს არის ყველაზე მცირე წლიური ზრდა 2021 წლის თებერვლის შემდეგ და მიუთითებს იმაზე, რომ ინფლაციის დონე Fed-ის 2%-იანი სამიზნე მაჩვენებლისკენ მიემართება.
თუმცა საიჯარო ინფლაციის ზრდის ტემპი ხელახლა დაჩქარდა — თავშესაფრის ხარჯები აგვისტოში თვიურად 0.5%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების ცვლილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს „ძირითად“ ინფლაციას, რომელიც გამორიცხავს საკვებისა და ენერგიის არასტაბილურ ფასებს. ეს მაჩვენებელი აგვისტოში თვიურად 0.3%-ით გაიზარდა, რაც აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — 0.2%-იან მატებას. თუმცა „ძირითადი“ ინფლაციის წლიურმა ზრდამ 3.2% შეადგინა და ეს მაჩვენებელი მოლოდინებს შეესაბამება. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს წარმომადგენლების თქმით, „ძირითადი“ ინფლაციის ზრდა იჯარის ხარჯების აღმასვლამ გამოიწვია.
საბითუმო გაყიდვების ფასები აგვისტოში თვიურად ასევე 0.2%-ით გაიზარდა. გასული წლის იმავე თვესთან შედარებით კი, მწარმოებელთა ფასების ინდექსმა 1.7%-ით მოიმატა. შედარებისთვის, ივლისში ამ მაჩვენებლის წლიურმა ზრდამ 2.2% შეადგინა.
გარდა ამისა, შრომის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აგვისტოში აშშ-ის ეკონომიკას დაემატა 142,000 სამუშაო ადგილი (ივლისში 89,000), ხოლო უმუშევრობის დონე თვიურად 4.3%-დან 4.2%-მდე შემცირდა. გარდა ამისა, პარასკევს გამოქვეყნებულმა მოხსენებამ აჩვენა, რომ ივლისში სამუშაო ბაზარზე მდგომარეობა იმაზე უარესი იყო, ვიდრე ადრე ეგონათ — შრომის დეპარტამენტმა ივლისის სამუშაო ადგილების ზრდის მაჩვენებელი, გადახედვისას, 25,000-ით შეამცირა.
ამასთან, აგვისტოში დაფიქსირებული შედეგი აჭარბებს იმ ეკონომისტების პროგნოზს (აგვისტოში 161,000 სამუშაო ადგილის დამატება), რომლებიც Dow Jones Newswires-ისა და The Wall Street Journal-ის მიერ იქნა გამოკითხული.