გუშინ ამერიკული აქციების ფასები გაიზარდა მას შემდეგ, რაც მთავრობის მოხსენებამ სამომხმარებლო ფასების შესახებ აჩვენა, რომ ინფლაციის წლიური მაჩვენებელი ივლისში სამწლიან მინიმუმამდე დაეცა. ეს კიდევ უფრო აძლიერებს მოლოდინს, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) მალე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას დაიწყებს.
Dow Jones Industrial Average-მა (DJIA) 0.6%-ით მოიმატა, S&P 500-მა — 0.4%-ით, ხოლო Nasdaq Composite მცირედით — 0.03%-ით გაიზარდა. S&P 500-მა და Nasdaq-მა გაახანგრძლივეს თავიანთი აღმასვლის სერიები ზედიზედ ხუთ სესიამდე იმის ფონზე, რომ აქციები განაგრძობს აღდგენას თვის დასაწყისში მკვეთრი გაყიდვებიდან, რაც ნაწილობრივ გამოწვეული იყო აშშ-ის ეკონომიკის სიჯანსაღესთან დაკავშირებული მღელვარებით.
სამშაბათს აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიურომ გამოაქვეყნა მწარმოებელთა ფასების ინდექსის (PPI) მონაცემები, რომლებმაც აჩვენა, რომ ივლისში შეერთებულ შტატებში ფასების ზრდა შემცირდა. ინდექსმა წლიურად 2.2%-ით მოიმატა, ხოლო ფასების თვიურმა ზრდამ 0.1% შეადგინა. ეს ორივე მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო, ვიდრე — ანალიტიკოსების პროგნოზები.
შედარებისთვის, ივნისში PPI ინდექსის მიხედვით გაზომილი ფასები წლიურად 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო თვიურად — 0.2%-ით.
ოთხშაბათს გამოქვეყნებულმა სამომხმარებლო ფასების ინდექსმა (CPI) კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საფასო ზეწოლა სუსტდება, რაც ინვესტორებს აძლევს იმედს, რომ Fed-ს საპროცენტო განაკვეთების მეტი მიზეზი მიეცემა.
უახლესმა ანგარიში აჩვენა, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი ივლისში თვიურად 0.2%-ით გაიზარდა, რაც შეესაბამებოდა ეკონომისტების მოლოდინებს. გასულ თვეში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 2.9%-მდე შემცირდა. 2021 წლის მარტის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ეს მაჩვენებელი 3%-ზე დაბლა დაეცა.
ფედერალური სარეზერვო ბანკის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ განაკვეთები შეიძლება შემცირდეს სექტემბერშივე, თუ ინფლაცია სამიზნე 2%-იანი წლიური მაჩვენებლისკენ მოძრაობას განაგრძობს.
აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების სარგებელი, რომელიც მგრძნობიარეა იმ მოლოდინების მიმართ, თუ რას გააკეთებს Fed, ოდნავ დაეცა — 3.84%-მდე. ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეს წარმოადგენს.
Mega-cap ტექნოლოგიური აქციები, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არამდგრადი იყო, გუშინ შერეული შედეგებით გამოირჩეოდა. ხელოვნურ ინტელექტზე ფოკუსირებული ინვესტორების ფავორიტის — Nvidia-ს (NVDA), Microsoft-ისა (MSFT) და Apple-ის (AAPL) აქციების ფასები გაიზარდა, ხოლო Amazon-მა (AMZN), Meta Platforms-მა (META) და Alphabet-მა (GOOGL) ვარდნა განიცადეს.
გუშინ S&P 500 ინდექსში საუკეთესო წარმადობით გამოირჩეოდა Kellanova. მისი აქციების ფასი 7.8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ტკბილეულის გიგანტმა — Mars-მა მიაღწია შეთანხმებას, Pop-Tarts-ისა და Pringles-ის მწარმოებლის $36 მილიარდად შეძენის შესახებ.
გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან UBS, Intel და Alphabet.
UBS
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, UBS-მა (UBS) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი საინვესტიციო ბანკის აქციების ფასი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 5%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში UBS-ის შემოსავალმა $11.9 მილიარდს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $11.3 მილიარდს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ამ მაჩვენებელმა $9.54 მილიარდი შეადგინა. წმინდა საპროცენტო შემოსავალმა (NII) კი $1.54 მილიარდს მიაღწია.
გასულ მეოთხედში UBS-ის მოგებამ $1.18 მილიარდი შეადგინა, რაც ორჯერ აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს. ბანკის მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $0.34-ს მიაღწია (პროგნოზი — $0.275).
მენეჯმენტის თქმით, UBS კარგად არის პოზიციონირებული მიზნების მისაღწევად
„წლის პირველი ნახევრის შედეგები ასახავს მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც მივაღწიეთ Credit Suisse-ის შესყიდვის დახურვის შემდეგ იმის ფონზე, რომ ვასრულებთ ყველა ჩვენს ვალდებულებას დაინტერესებული მხარეების წინაშე“ — განაცხადა UBS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სერხიო ერმოტიმ. „კარგად ვართ პოზიციონირებულნი ჩვენი ფინანსური მიზნების მისაღწევად და მოგების დასაბრუნებლად, რომელსაც გამოვიმუშავებდით მანამ, სანამ Credit Suisse-ის სტაბილიზაციისთვის მის შეძენას დავთანხმდებოდით“.
თუმცა UBS-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მაკროეკონომიკური პერსპექტივა წლის მეორე ნახევრისთვის შეიძლება გაურკვეველი იყოს მიმდინარე კონფლიქტების, სხვა გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და აშშ-ის მომავალი არჩევნების ფონზე.
ბანკის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მეორე კვარტალში დაახლოებით $1 მილიარდის მოცულობის ხარჯების დანაზოგი შექმნა, პროგნოზით, რომ 2024 წელს დაასრულებს მიზნის ნახევარზე მეტის შესრულებით. ეს მიზანი კი 2026 წლის ბოლოსთვის $13 მილიარდის დაზოგვაა. ვინაიდან ბანკი განაგრძობს Credit Suisse-თან შერწყმის პროცესს, მოსალოდნელია, რომ მესამე კვარტალში ინტეგრაციასთან დაკავშირებული ხარჯები დაახლოებით $1.1 მილიარდს მიაღწევს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები UBS-ის აქციებს?
UBS-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $31.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $31.76-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $39.66-ს, ხოლო მინიმალური — $23.46-ს. საშუალო სამიზნე ფასი UBS-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2.8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Intel
გუშინ, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) შეტანილი დოკუმენტების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ Intel-მა (INTC) გაყიდა თავისი წილი Arm-ში (ARM), რადგან ჩიპების მწარმოებელი ხარჯების შემცირებაზე მუშაობს.
Intel-ის უახლესმა 13F დოკუმენტმა — SEC-ში წარადგენს ფირმების უმეტესობა, რომელთა აქტივების ღირებულებაც $100 მილიონს აჭარბებს — აჩვენა, რომ Intel-მა მეორე კვარტალში Arm-ის 1.18 მილიონი აქცია გაყიდა. განცხადებაში აქციების გაყიდვის თარიღი არ ჩანს.
13F დოკუმენტმა ასევე აჩვენა, რომ Intel-მა Astera Labs-ისა (ALAB) და Joby Aviation-ის (JOBY) გარკვეული წილები გაყიდა, მაგრამ შეინარჩუნა MariaDB-ისა (MRDB) და Senti Bioscience-ის (SNTI) აქციები.
ეს სიახლეები გავრცელდა იმის ფონზე, რომ Intel-ს საკმაოდ რთული პერიოდი აქვს — ცოტა ხნის წინ მან მეორე კვარტლის სუსტი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა და მოსალოდნელზე მეტი ზარალი დააფიქსირა. Intel-ის მენეჯმენტმა დააანონსა $10 მილიარდის დაზოგვის გეგმა, რომელიც სამუშაო ძალის 15%-ის გათავისუფლებას მოიცავს.
საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების თქმით კი, Intel-ის გეგმები შესაძლოა არ იყოს საკმარისი კომპანიის კონკურენტული პოზიციის მდგრადი აღდგენისთვის.
როგორ აფასებს უოლ სტრიტის Intel-ის აქციებს?
Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $20.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $27.54-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $68.00-ს, ხოლო მინიმალური — $19.80-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 38.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 30 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 24-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 5-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet
გუშინ, ნეგატიური სიახლის შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტის — Alphabet-ის (GOOGL) აქციების ფასი 2%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ით არის გაუმჯობესებული.
Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო განიხილავს კომპანიის სრულმასშტაბიან დაყოფას სასამართლო პროცესების შემდეგ. დაახლოებით ერთი კვირის წინ აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ Google Search-მა უკანონო მონოპოლია მოიპოვა.
მოსამართლე ამიტ მეჰტამ 2020 წელს შეტანილ სარჩელზე მიიღო გადაწყვეტილება აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს (DOJ) სასარგებლოდ და დაადგინა, რომ Google-მა დაარღვია შერმანის აქტი1 შეერთებულ შტატებში პროდუქტის ორ ბაზარზე — საძიებო სერვისები და ტექსტური რეკლამა — მონოპოლიის შენარჩუნებით. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ამას ექსკლუზიური განაწილების ხელშეკრულებების საშუალებით მიაღწია.
განაწილების ხელშეკრულებების მეშვეობით, Google Search არის ნაგულისხმევი (default) საძიებო სისტემა ბრაუზერებში, როგორიც არის, მაგალითად, Apple-ის (AAPL) Safari.
Bloomberg-ის თანახმად, Alphabet-ის დაყოფა ერთ-ერთი ვარიანტია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო განიხილავს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით რაიმე ოფიციალური ნაბიჯი არ გადადგმულა და ჯერჯერობით ეს მხოლოდ მედია სიახლეა. მაგრამ ბოლო გადაწყვეტილება მთავრობას ავალდებულებს, რეკომენდაციების წარდგენას საძიებო ბაზარზე კონკურენციის აღსადგენად. შესაბამისად, Alphabet-ს, სავარაუდოდ, რაიმე სახის სასჯელი ან შეზღუდვა დაემუქრება.
ცალკე, ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა — ერიკ შმიდტმა ინტერვიუში Alphabet გააკრიტიკა და თქვა, რომ კომპანიამ დაკარგა კონკურენტული უპირატესობა სახლიდან მუშაობის პოლიტიკასა და სხვა „მუშაობა-ცხოვრება“ ბალანსის ინიციატივებზე ზედმეტად ფოკუსირების გამო. მისი თქმით, Alphabet ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ჩამორჩება კონკურენტებს, როგორებიც არიან OpenAI და Anthropic.
შეიძლება Alphabet მართლა დაიყოს?
გასული კვირის გადაწყვეტილების ყველაზე სავარაუდო შედეგი, როგორც ჩანს, ის არის, რომ Google-ს აღარ მიეცემა უფლება, იყოს ნაგულისხმევი საძიებო სისტემა iPhone-ებსა და სხვა მოწყობილობებზე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ბაზრის წილს დაკარგავს. თუმცა ასევე მოსალოდნელია, რომ ამ პროცესებს უფრო ნეგატიური შედეგები მოჰყვეს.
რაც არ უნდა მოხდეს, ინვესტორებმა სიახლეებს ყურადღება უნდა მიაქციონ, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა. თეთრ სახლში ახალმა ადმინისტრაციამ შეიძლება ტექნოლოგიური რეგულაციები ნებისმიერი მიმართულებით წარმართოს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Alphabet-ის აქციებს?
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $160.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $205.18-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $170.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 28%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 36 ანალიტიკოსიდან 29-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] შერმანის ანტიმონოპოლიური აქტი წარმოადგენს აშშ-ის საეტაპო კანონს, რომელიც კრძალავს ბიზნესებს შეთანხმებას ან გაერთიანებას მონოპოლიის შესაქმნელად.