დიდი ბრიტანეთის ანტიმონოპოლიური კონტროლის სააგენტომ დააანონსა ოფიციალური გამოძიება Amazon-ისა (AMZN) და Anthropic-ის AI (ხელოვნური ინტელექტის) პარტნიორობასთან დაკავშირებით.
გუშინ დიდი ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრების ორგანოს (CMA) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იძიებენ Amazon-სა და Anthropic-ს შორის არსებულ AI თანამშრომლობას, რათა დადგინდეს, შეიძლება თუ არა მათი ურთიერთობა კომპანიებს შორის შერწყმად ჩაითვალოს.
CMA-მ წარმომადგენლების თქმით, ისინი 4 ოქტომბერს განაცხადებენ, გადავა თუ არა ეს გამოძიება მეორე ფაზაში.
CMA-ს სხვა გამოძიებები
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის AI პარტნიორობა განიხილება ანტიმონოპოლიური რეგულატორების მიერ დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ევროკავშირში.
რაც შეეხება CMA-ს სხვა გამოძიებებს, ივლისში მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მსგავსი საფუძვლებით იკვლევენ ურთიერთობას Google-ის მშობელ Alphabet-სა (GOOGL) და Anthropic-ს შორის.
ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრების ორგანოს წარმომადგენლებმა ივლისში ასევე განაცხადეს, რომ იკვლევენ, როგორ შეიძლება Microsoft-ის ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა იმოქმედოს AI ბაზრის კონკურენტულ გარემოზე. CMA-ს კვლევის საგანი ისიც არის, თუ რამდენად წარმოადგენს ტექნოლოგიური გიგანტის Inflection AI-სთან შეთანხმება რეალურად შერწყმას.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისში Microsoft-მა გადაიხადა $650 მილიონი Inflection-ის ტექნოლოგიის ლიცენზირებისთვის. ტექნოლოგიურმა კომპანიამ ასევე დაიქირავა Inflection-ის გუნდის მთავარი წევრები. სხვადასხვა მარეგულირებელ ორგანოში კი გაჩნდა ეჭვები, რომ, შესაძლოა, ამ შეთანხმებამ შერწყმისა და შესყიდვის (M&A) ანტიმონოპოლიური წესები დაარღვიოს.
მარტში ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ AI განყოფილებისთვის დაიქირავა Inflection-ის თანადამფუძნებელი, მუსტაფა სულეიმანი და Inflection-ის მთავარი მეცნიერი, კარენ სიმონიანი. Microsoft-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიის AI განყოფილებას Infection-ის გუნდის კიდევ რამდენიმე წევრი შეუერთდა, მათ შორის ზოგიერთი მსოფლიოში ყველაზე წარმატებული AI ინჟინერი, მკვლევარი და დეველოპერი.
გარდა ამისა, Inflection-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Inflection-2.5, კომპანიის AI მოდელი, Microsoft Azure-ზე განთავსდება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Amazon-ისა და Microsoft-ის აქციებს?
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $168.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 42 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $223.58-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $251.00-ს, ხოლო მინიმალური — $186.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 32.9%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 42 ანალიტიკოსიდან 41-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $406.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 32 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $503.19-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $570.00-ს, ხოლო მინიმალური — $470.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 24%-იან ზრდას გულისხმობს.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.