გუშინ აშშ-ის ძირითადი საფონდო ინდექსები მკვეთრად შემცირებულ ნიშნულებზე დაიხურა, რადგან ჩიპების მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასები შემცირდა და ახალმა მონაცემებმა გააძლიერა ეჭვები აშშ-ის ეკონომიკის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
გუშინდელი სავაჭრო სესიის განმავლობაში S&P 500 და Nasdaq Composite ინდექსები, შესაბამისად, 1.4%-ით და 2.3%-ით შემცირდა, ხოლო Dow Jones Industrial Average-მა 1.2%-იანი ვარდნა განიცადა.
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Arm Holdings-მა (ARM) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი ნახევარგამტარული და პროგრამული უზრუნველყოფის ბრიტანული კომპანიის აქციების ფასი თითქმის 16%-ით შემცირდა. გარდა ამისა, გუშინ Nvidia-მ (NVDA) დაახლოებით 7%-იანი ვარდნა განიცადა, Broadcom-ის (AVGO) აქციების ფასი 8.5%-ით შემცირდა, Qualcomm-ის (QCOM) — 9%-ზე მეტით, Advanced Micro Devices-ის (AMD) — 8%-ით და Micron-ის (MU) — თითქმის 8%-ით.
გუშინ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ზრდით გამოირჩეოდა Meta Platforms (META) — სოციალური მედიის გიგანტის აქციების ფასი, მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიშის შემდეგ, დაახლოებით 5%-ით გაიზარდა. Apple-ისა (AAPL) და Amazon-ის (AMZN) აქციების ფასები, კვარტალური შედეგების გამოქვეყნებამდე, შესაბამისად, თითქმის 1.7%-ითა და 1.6%-ით შემცირდა.
ბოლო რამდენიმე კვირა ტექნოლოგიური აქციებისთვის, „Magnificent Seven“1 კომპანიებისა და ჩიპების მწარმოებლების კვარტალური ანგარიშების აურზაურის ფონზე, არასტაბილურობით გამოირჩეოდა. ტექნოლოგიური კომპანიების აქციები, რომლებიც წლის უმეტესი ნაწილის განმავლობაში S&P 500-ისა და Nasdaq-ის რეკორდულ მაჩვენებლებს განაპირობებდნენ, ივლისში ზეწოლის ქვეშ მოექცნენ. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ინვესტორები ფოკუსირდნენ მცირე ზომის კომპანიებზე, რომლებიც ყველაზე მეტ სარგებელს იღებენ დაბალი საპროცენტო განაკვეთებით შექმნილი გარემოსგან.
ბაზრის მონაწილეები ასევე ადევნებენ თვალს ეკონომიკურ მონაცემებს, რადგან ისინი ცდილობენ დაადგინონ, რამდენად სწრაფად და ღრმად შეუძლია Fed-ს განაკვეთების შემცირება.
გუშინ დილით გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ აშშ-ში საწარმოო აქტივობა ივლისში კვლავ დაეცა, ISM Manufacturing Purchasing Managers’ Index-ის მიხედვით. კლება იყო უფრო მკვეთრი, ვიდრე ეკონომისტები მოელოდნენ. ბოლო შვიდი კვარტლის განმავლობაში წარმოება ზეწოლის ქვეშ არის და ეკონომისტები ვერ ხედავენ ამ მდგომარეობის ცვლილებას მანამ, სანამ Fed საპროცენტო განაკვეთებს არ შეამცირებს.
გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან eBay, Toyota, Roblox და Roku.
eBay
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, eBay-მ (EBAY) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი ელექტრონული კომერციის პოპულარული პლატფორმის აქციების ფასი 1%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 28%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში eBay-ის შემოსავალი წლიურად 1%-ით — $2.6 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $2.53 მილიარდი). კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი 15%-ით მოიმატა და $1.18-ს მიაღწია, რამაც ასევე გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.13-ს.
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2023 წლის II კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $2.6 მილიარდი | $2.53 მილიარდი | $2.54 მილიარდი | 1% |
საქონლის მთლიანი მოცულობა (GMV) | $18.4 მილიარდი | — | $18.2 მილიარდი | 1% |
კორექტირებული EPS | $1.18 | $1.13 | $1.03 | 15% |
GAAP საოპერაციო მარჟა | 21.3% | — | 20.4% | 0.9% |
კორექტირებული საოპერაციო მარჟა | 27.9% | — | 26.9% | 1.0% |
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, eBay-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მესამე კვარტალში შემოსავალი $2.50-$2.56 მილიარდს მიაღწევს. ამასთან, კომპანიაში მოელიან, რომ კორექტირებული EPS $1.15-$1.20-ს შეადგენს, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილი EPS — $0.82-$0.87-ს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები eBay-ის აქციებს?
eBay-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $56.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $56.76-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $65.00-ს, ხოლო მინიმალური — $45.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი eBay-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 21 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Toyota
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Toyota-მ (TM) ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. თუმცა სავაჭრო დღის განმავლობაში ავტომობილების მწარმოებელი იაპონური კომპანიის აქციების ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ზე მეტით არის დაკლებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში იაპონური ავტო გიგანტის შემოსავალი წლიურად 12%-ით — $78.62 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $72.49 მილიარდს. წმინდა მოგებამ კი 1.7%-ით მოიმატა და $8.83 მილიარდს მიაღწია, ანუ მოგება თითო აქციაზე $6.58 იყო (პროგნოზი — $5.42).
მსოფლიო გაყიდვები, რომლებიც უკვე 4.7%-ით შემცირდა წლის პირველ ნახევარში, მზარდი წინაღობების წინაშე დგას ძირითად ბაზრებზე, მათ შორის ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში.
გარდა ამისა, Toyota იძულებული გახდა, დროებით შეაჩეროს რამდენიმე მოდელის მიწოდება იაპონიაში მას შემდეგ, რაც გამოავლინა, რომ მისი რამდენიმე მოდელი, მათ შორის Prius, სათანადოდ არ იყო გამოცდილი შეჯახებისას უსაფრთხოებისთვის. 2024 წლის პირველ ნახევარში იაპონიაში გაყიდვები წლიურად 22%-ით შემცირდა.
ამის საპირისპიროდ, გაყიდვები ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში გაიზარდა. Toyota-ს მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ ჰიბრიდი მოდელების ძლიერმა გაყიდვებმა საზღვარგარეთ ხელი შეუწყო მთლიან შემოსავალში ელექტრიფიცირებული მანქანების წილის 43.2%-მდე ზრდას.
Roblox
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Roblox-მა (RBLX) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი წამყვანი ონლაინ გეიმინგ პლატფორმის აქციების ფასი 6%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით არის დაკლებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Roblox-ის შემოსავალი წლიურად 31.2%-ით — $893.5 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $898.16 მილიონს. კომპანიის ზარალმა თითო აქციაზე კი $0.32-ს მიაღწია, რაც უკეთესი იყო, ვიდრე უოლ სტრიტის მოლოდინი — -$0.39.
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | მენეჯმენტის პროგნოზები | 2023 წლის II კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $893.5 მილიონი | $855-$880 მილიონი | $680.8 მილიონი | 31.2% |
ჯავშნები | $955.2 მილიონი | $870-$900 მილიონი | $780.7 მილიონი | 22.3% |
წმინდა ზარალი | $(207.2) მილიონი | $(265)-$(267) მილიონი | $(284.8) მილიონი | 27.2% |
კორექტირებული EBITDA | $66.5 მილიონი | $36-$38 მილიონი | $(49.0) მილიონი | 236% |
თავისუფალი ფულადი ნაკადები | $111.6 მილიონი | $16-$23 მილიონი | $(95.5) მილიონი | 216.8% |
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Roblox-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წლის მესამე კვარტალში შემოსავალი $860-$885 მილიონს მიაღწევს, ხოლო ჯავშნების ღირებულება — $1-1.025 მილიარდს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მიმდინარე მეოთხედში ზარალი $255-$275 მილიონს შეადგენს.
მთელი 2024 წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ შემოსავალი $3.490-$3.540 მილიონს მიაღწევს, ხოლო ჯავშნების ღირებულება $4.180-$4.230 მილიონს. მენეჯმენტი ასევე მოელის, რომ თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) $505-$535 მილიონს შეადგენს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Roblox-ის აქციებს?
Roblox-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $39.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 23 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $42.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $60.00-ს, ხოლო მინიმალური — $26.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Roblox-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 23 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Roku
გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Roku-მ (ROKU) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”2 ვაჭრობაში კი პოპულარული მედია-სტრიმინგ მოწყობილობისა და ციფრული კონტენტის პლატფორმის პროვაიდერის აქციების ფასი თითქმის 2%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 38%-ით არის დაკლებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Roku-ს შემოსავალი წლიურად 14%-ით — $968.2 მილიონამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $937.78 მილიონს. კომპანიის წმინდა ზარალმა კი $34 მილიონს მიაღწია, ანუ ზარალი თითო აქციაზე $0.24 იყო (პროგნოზი — -$0.42).
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | Q2 2024 Guidance | 2023 წლის II კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $968.2 მილიონი | $935 მილიონი | $847.2 მილიონი | 14% |
მთლიანი მოგება | $424.7 მილიონი | $410 მილიონი | $378.3 მილიონი | 12% |
კორექტირებული EBITDA | $43.6 მილიონი | $30 მილიონი | ($17.8 მილიონი) | — |
წმინდა მოგება (ზარალი) | ($34.0 მილიონი) | ($65 მილიონი) | ($107.6 მილიონი) | — |
სტრიმინგი შინამეურნეობების მიერ (მილიონები) | 83.6 | — | 73.5 | 14% |
სტრიმინგის საათები (მილიარდი) | 30.1 | — | 25.1 | 20% |
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Roku-ს მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წლის მესამე კვარტალში მთლიანი შემოსავალი წლიურად 11%-ით გაიზრდება და $1.01 მილიარდს მიაღწევს, ხოლო წმინდა ზარალი — $50 მილიონს. კომპანიაში ასევე პროგნოზირებენ, რომ კორექტირებული EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $45 მილიონს მიაღწევს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Roku-ს აქციებს?
Roku-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $55.00-ს შეადგენს. კომპანიას ამჟამად უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $76.14-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $105.00-ს, ხოლო მინიმალური — $50.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Roku-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 37.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] „შესანიშნავი შვიდეული“ მოიცავს შემდეგ კომპანიებს — Alphabet (GOOGL; GOOG), Amazon (AMZN), Apple (AAPL), Meta Platforms (META), Microsoft (MSFT), NVIDIA (NVDA) და Tesla (TSLA).
[2] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.