გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Advanced Micro Devices-მა (AMD) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი თითქმის 8%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის უცვლელია.
AMD-ის ბიზნესის მიმოხილვა
Advanced Micro Devices, ცნობილი როგორც AMD, ნახევარგამტარების მწარმოებელი გლობალური კომპანიაა, რომლის მრავალი ნაწარმიც ელექტრონულ პროდუქტებსა და სისტემებში გამოიყენება. კომპანიის მისიაა, შექმნას და სხვადასხვა ბაზარს მიაწოდოს მსოფლიოში საუკეთესო, მაღალხარისხიანი კომპიუტერული პროდუქტები და გადაწყვეტები.
AMD-ის ნაწარმი მოიცავს ცენტრალური დამუშავების ერთეულებს (CPU), გრაფიკული დამუშავების ერთეულებს (GPU), დაჩქარებული დამუშავების ერთეულებს (APU), ჩიპსეტებს, მონაცემთა დამუშავების ერთეულებს (DPU), ხელოვნური ინტელექტის (AI) აქსელერატორებს და ადაპტირებად System-on-Chip (SoC) პროდუქტებს.
ბოლო წლების განმავლობაში, AMD-მ ყურადღება გაამახვილა ინოვაციასა და პროდუქტების მიმართულებით ლიდერობაზე, განსაკუთრებით ხელოვნურ ინტელექტსა და მაღალი წარმადობის გამოთვლებში. AMD-ის სტრატეგიის გასაღები არის ბაზრის დივერსიფიკაცია, რომელიც კომპანიას ერთ სეგმენტზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაში ეხმარება. ამ მიდგომამ ცოტა ხნის წინ AMD-ის მოუტანა მნიშვნელოვანი სარგებელი მონაცემთა ცენტრების სეგმენტში, ხოლო გამოწვევები შენარჩუნებულია გეიმინგ და Embedded მიმართულებებით. AMD-ის Embedded Industry Solutions იძლევა მაღალი წარმადობის, ეკონომიური სისტემების შექმნის საშუალებას სამრეწველო და კომერციული აპლიკაციებისთვის.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში AMD-ის შემოსავალი წლიურად 9%-ით — $5.84 მილიარდამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა როგორც ანალიტიკოსების პროგნოზს — $5.72 მილიარდს, ისე კომპანიის მენეჯმენტის მოლოდინს — $5.7±0.3-ს. ეს ზრდა, პირველ რიგში, გამოწვეული იყო AMD Instinct GPU-ებით და მე-4 თაობის AMD EPYC CPU-ებით. ამასთან, Ryzen პროცესორების ძლიერი გაყიდვების წყალობით კლიენტების სეგმენტის შემოსავალი წლიურად 49%-ით — $1.5 მილიარდამდე გაიზარდა.
კორექტირებული მოგება თითო განზავებულ აქციაზე (EPS) 19%-ით — $0.69-მდე გაუმჯობესდა (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.68). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა განზავებულმა EPS-მა კი 700%-ით მოიმატა და $0.16 შეადგინა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს $0.03-ით ჩამორჩა.
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | მენეჯმენტის პროგნოზები | 2023 წლის II კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $5.835 მილიარდი | $5.7 ± 0.3 მილიარდი | $5.359 მილიარდი | 9% |
GAAP განზავებული EPS | $0.16 | — | $0.02 | 700% |
კორექტირებული განზავებული EPS | $0.69 | — | $0.58 | 19% |
GAAP მთლიანი მოგების მარჟა | 49% | — | 46% | 3 პროცენტული პუნქტი |
კორექტირებული მთლიანი მოგების მარჟა | 53% | 53% | 50% | 3 პროცენტული პუნქტი |
გეიმინგ სეგმენტის შემოსავალი წლიურად 59%-ით — $648 მილიონამდე შემცირდა. Embedded სეგმენტის შემოსავალმა კი 41%-იანი ვარდნა განიცადა და $861 მილიონი შეადგინა.
AMD-ის მონაცემთა ცენტრების შემოსავალმა წლიურად 115%-ით მოიმატა და რეკორდულ ნიშნულს — $2.8 მილიარდს მიაღწია, ვინაიდან კომპანიის AI ჩიპებზე მოთხოვნა გაიზარდა.
AMD-ის GAAP მთლიანმა მოგებამ $2.864 მილიარდს მიაღწია, ხოლო კორექტირებული მთლიანი მოგების მარჟა უცვლელი — 53% დარჩა. კომპანიის GAAP საოპერაციო შემოსავალმა $269 მილიონი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ — $265 მილიონი. AMD-ის კორექტირებულმა შემოსავალმა $1.126 მილიარდს მიაღწია, ხოლო კორექტირებულმა საოპერაციო შემოსავალმა — $1.264 მილიარდს.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, AMD-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წლის მესამე კვარტალში შემოსავალი დაახლოებით $6.7 მილიარდს მიაღწევს. ასევე მოსალოდნელია, რომ კორექტირებული მთლიანი მოგების მარჟა მცირედით, 53.5%-მდე გაიზრდება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები AMD-ის აქციებს?
AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $152.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $194.93-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $250.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი AMD-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 29%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 35 ანალიტიკოსიდან 29-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
AMD-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.