ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Ford Motor Company-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი ცნობილი ავტომწარმოებლის აქციების ფასი 18%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8%-ით არის დაკლებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Ford-ის შემოსავალმა წლიურად 6%-ით მოიმატა და $47.8 მილიარდს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $44 მილიარდს.
ავტომწარმოებლის წმინდა მოგებამ $1.8 მილიარდი შეადგინა, ხოლო კორექტირებულმა EBIT-მა (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების და გადასახადების გამოკლებამდე) — $2.8 მილიარდი.
გასულ მეოთხედში Ford-ის კორექტირებულმა მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $0.47 შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $0.68-ს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა განზავებულმა EPS-მა კი $0.46 შეადგინა. ეს მაჩვენებელი უოლ სტრიტის მოლოდინს $0.18-ით ჩამორჩა.
Ford-ისთვის ყველა სიახლე ნეგატიური არ ყოფილა. კომპანიამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 1.14 მილიონი ავტომობილი გაყიდა — ეს მაჩვენებელი 23,000-ით აღემატება გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ შედეგს. როგორც აღვნიშნეთ, შემოსავალი წლიურად 6%-ით გაუმჯობესდა, ხოლო საოპერაციო ფულადი ნაკადები — 10%-ით, $5.5 მილიარდამდე. ამასთან, ავტომობილების სეგმენტიდან გამომუშავებული თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) $3.2 მილიარდამდე გაუმჯობესდა და Ford-მა მომგებიანობა შეინარჩუნა.
მიუხედავად ამისა, თითო აქციაზე მოგება შემცირდა, იმის ნაცვლად, რომ გაყიდვების მატებასთან ერთად გაზრდილიყო. ამის მიზეზი მოგების მარჟა იყო. Ford-ის წმინდა მოგების მარჟა 40 საბაზისო პუნქტით — 3.8%-მდე შემცირდა. მენეჯმენტმა განმარტა, რომ მოგებაზე დარტყმა გამოწვეული იყო ძირითადად საგარანტიო რეზერვების1 გაზრდით. თუმცა მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდება იმის ფონზე, რომ კომპანია პროდუქციის ხარისხის ამაღლებას ცდილობს.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Ford-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში მოგება (გადასახადების გადახდამდე) $10-$12 მილიარდს მიაღწევს, ავტომობილების სეგმენტიდან გამომუშავებული თავისუფალი ფულადი ნაკადები კი — $7.5-$8.5 მილიარდს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Ford-ის აქციებს?
Ford-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $12.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $13.45-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $20.00-ს, ხოლო მინიმალური — $10.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ford-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 14 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Ford-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] ფული, რომელიც გამოყოფილია მომხმარებლების საგარანტიო მოთხოვნების გადასახდელად.