გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Alphabet-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წლის მეორე კვარტალში ტექნოლოგიური გიგანტის შემოსავალი წლიურად 14%-ით — $84.74 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $84.16 მილიარდი). Alphabet-ის წმინდა მოგებამ კი $23.62 მილიარდს მიაღწია, ანუ მოგება თითო აქციაზე (EPS) $1.89 იყო. ეს მაჩვენებლები ასევე აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინებს, რომლებიც, შესაბამისად, $18.37 მილიარდს და $1.44-ს შეადგენს.
Google Cloud-ის შემოსავალმა წლიურად 28%-ით მოიმატა და $10.35 მილიარდს მიაღწია, რაც აჭარბებს ანალიტიკოსების მოლოდინს. შემოსავლების ზრდა განპირობებული იყო Search-ითა და Cloud-ით, რომლის წილმაც პირველად გადააჭარბა $10 მილიარდს კვარტალურ შემოსავალში და $1 მილიარდს საოპერაციო მოგებაში.
კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, Alphabet-ის აღმასრულებლებმა ინვესტორებს მიაწოდეს ინფორმაცია კომპანიის AI ინვესტიციების, მომავლის პერსპექტივებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
AI ინვესტიციები
მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები სულ უფრო ზრდიან კაპიტალურ ხარჯებს ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებისთვის, რაც ინვესტორებში გარკვეულ ეჭვებს აჩენს. Alphabet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — სუნდარ პიჩაიმ კი გუშინ ამასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა: „ჩვენთვის ამ სფეროში არასაკმარისი ინვესტირების რისკი მკვეთრად დიდია, ვიდრე — ზედმეტი ინვესტიციების“.
პიჩაის თქმით, იმ სიტუაციაში, როდესაც კომპანია ახორციელებს ზედმეტ ინვესტირებას AI-ში, მიმდინარე ინვესტიციები, რომლებიც მიმართულია ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტებზე, როგორიცაა მონაცემთა ცენტრები, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ამოცანებისთვის.
აღმასრულებელმა დირექტორმა დასძინა, რომ AI-ის განვითარების საწყის ეტაპზე არასაკმარის ინვესტირებას Alphabet-ისთვის ნამდვილად ბევრად უფრო უარყოფითი შედეგი ექნება.
Google Search
პიჩაიმ ასევე განაცხადა, რომ კომპანია ხედავს დადებით ტენდენციებს თავისი AI Overview ხელსაწყოს დანერგვის შედეგად. Gemini-ის მიერ მხარდაჭერილი AI Overview ძიების კონტენტს გვერდის ზედა ნაწილში აჯამებს. მას შეუძლია, მომხმარებლის კითხვებზე პასუხების გასაცემად, გამოიყენოს მონაცემები Google-ის სხვა სერვისებიდან, როგორიცაა, მაგალითად, Maps.
Alphabet-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ, AI Overview-ის დანერგვის შედეგად, ძიების გამოყენების სიხშირე, მომხმარებელთა კმაყოფილების დონე და ახალგაზრდა ადამიანების ჩართულობა გაიზარდა.
საოპერაციო მარჟები
Alphabet-ის ფინანსურმა დირექტორმა — რუთ პორატმა თქვა, რომ მენეჯმენტის მოლოდინით, მთელი ფისკალური 2024 წლის განმავლობაში წლიურად საოპერაციო მარჟა გაფართოვდება. თუმცა მესამე კვარტალზე შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ამორტიზაციამ და უფრო მაღალმა ხარჯებმა, ნაწილობრივ AI ინვესტიციების გამო.
Alphabet-ის უწყვეტი AI ინვესტიციების გადახდების დროის დადგომასთან ერთად, კომპანიის ხარჯების ზრდის მიზეზებს შორის იყო Google Pixel-ის მოახლოებული გამოშვება.
პორატმა თქვა, რომ Alphabet-ის კაპიტალურმა ხარჯებმა მეორე კვარტალში $13 მილიარდი შეადგინა. კომპანიაში კი მოელიან, რომ 2024 წლის დარჩენილი პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი კვარტალურად $12 მილიარდს მიაღწევს.
Google Cloud
რუთ პორატის თქმით, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (genAI) შეთავაზებები ქლაუდ ბიზნესს აძლიერებს და სწორედ ამან შეუწყო ხელი კომპანიის მიერ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგების გამოქვეყნებას. Google Cloud-ის ტოპ 100 მომხმარებლის უმეტესი ნაწილი Alphabet-ის genAI გადაწყვეტებს იყენებს.
მეორე კვარტალში Google Cloud-ის მარჟა გაუმჯობესდა, რაც, ფინანსური დირექტორის თქმით, ასახავს ქლაუდ სეგმენტის ძლიერ წილს მთლიან შემოსავალში და კომპანიის ძალისხმევებს ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.
Alphabet-ის წარმომადგენლების თქმით, კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს ხარჯების მენეჯმენტს იმის ფონზე, რომ ის AI-ში ინვესტირების ხარჯებს ზრდის.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Alphabet-ის აქციებს?
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $175.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $204.58-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $170.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 41 ანალიტიკოსიდან 34-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.