ხვალ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Google-ის მშობელი კომპანია — Alphabet კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს. სავარაუდოდ, ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ქლაუდ სეგმენტის უწყვეტი ზრდა და განახლებები ხელოვნური ინტელექტის (AI) ინიციატივებთან დაკავშირებით.
უოლ სტრიტის მოლოდინები
Visible Alpha-ს მიერ შედგენილი მონაცემებით, უოლ სტრიტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2024 წლის მეორე კვარტალში Alphabet-ის შემოსავალი წლიურად 13%-ით გაიზრდება და $84.3 მილიარდს მიაღწევს. ანალიტიკოსები ასევე მოელიან, რომ წმინდა მოგება $23 მილიარდს, ანუ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $1.85-ს, მიაღწევს, რაც ასევე ზრდას წარმოადგენს 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით.
მაჩვენებელი | ანალიტიკოსების პროგნოზები | 2024 წლის I კვ. | 2023 წლის II კვ. |
შემოსავალი | $84.3 მილიარდი | $80.54 მილიარდი | $74.6 მილიარდი |
განზავებული EPS | $1.85 | $1.89 | $1.44 |
წმინდა მოგება | $23 მილიარდი | $23.66 მილიარდი | $18.37 მილიარდი |
საკვანძო მაჩვენებელი — ქლაუდ სეგმენტის ზრდა
სავარაუდოდ, ინვესტორები განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან იმას, თუ რამდენად გაიზრდება Google Cloud, რადგან ქლაუდ სეგმენტის შემოსავლის მატებამ შეიძლება შეამსუბუქოს მათი ეჭვები, რომლებიც ტექნოლოგიური გიგანტების მიერ დიდ AI ხარჯებთან არის დაკავშირებული.
Visible Alpha-ს მონაცემების თანახმად, უოლ სტრიტის ანალიტიკოსები საშუალოდ მოელიან, რომ ქლაუდ სეგმენტის შემოსავალი $10.22 მილიარდს მიაღწევს, რაც წარმოადგენს ზრდას როგორც წინა კვარტალთან, ისე გასული წლის მეორე მეოთხედთან შედარებით.
AI
შესაძლოა, Alphabet-ის მენეჯმენტმა ინვესტორებს მიაწოდოს განახლებები ისეთი პროექტების შესახებ, როგორებიც არის კომპანიის AI ასისტენტები, Gemini Live და Project Astra, რომელიც შეიძლება Alphabet-ს Microsoft-ის (MSFT) მიერ მხარდაჭერილ OpenAI-სთან კონკურენციაში დაეხმაროს. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ასევე შეიძლება მოგვაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს AI Overview Google Search-ზე.
Gemini-ის მიერ მხარდაჭერილი AI Overview აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია. ეს ინსტრუმენტი ძიების კონტენტს გვერდის ზედა ნაწილში აჯამებს. მას შეუძლია, მომხმარებლის კითხვებზე პასუხების გასაცემად, გამოიყენოს მონაცემები Google-ის სხვა სერვისებიდან, როგორიცაა, მაგალითად, Maps.
შესაძლოა, Alphabet-ის წარმომადგენლებმა ასევე გვაცნობონ შესყიდვის პოტენციური გარიგებების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს კიბერუსაფრთხოების სტარტაპ Wiz-თან — მიზანი მისი $23 მილიარდად შეძენაა. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეს Alphabet-ისთვის ყველაზე მსხვილი შენაძენი იქნება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Alphabet-ის აქციებს?
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $181.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 39 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $202.89-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $170.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 39 ანალიტიკოსიდან 33-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.