გუშინ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Netflix-მა (NFLX) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, რადგან კომპანიის გამომწერების რაოდენობა გაიზარდა. თუმცა სტრიმინგ გიგანტის მენეჯმენტმა მესამე კვარტლისთვის სუსტი პროგნოზები წარადგინა.
„After-hours”1 ვაჭრობაში Netflix-ის აქციების ფასი თითქმის უცვლელი დარჩა — 0.2%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 37%-ით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Netflix-ის შემოსავალი წლიურად 16.8%-ით — $9.56 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $9.53 მილიარდს.
სტრიმინგ კომპანიის წმინდა მოგებამ $2.15 მილიარდს, ანუ თითო აქციაზე (EPS) $4.88-ს მიაღწია, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $4.74-ს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში წმინდა მოგებამ $1.49 მილიარდი შეადგინა, ხოლო EPS-მა — $3.29. 2024 წლის პირველ კვარტალში კი კომპანიის შემოსავალმა $9.37 მილიარდს მიაღწია, ხოლო მოგებამ თითო აქციაზე — $5.28-ს.
გასულ მეოთხედში Netflix-ს 8 მილიონზე მეტი გადამხდელი გამომწერი დაემატა და ჯამში, გლობალური მასშტაბით, ამ მაჩვენებელმა 277.65 მილიონს მიაღწია, რაც აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — 274.4 მილიონს.
აშშ-სა და საფრანგეთში საბაზისო ურეკლამო სერვისი უქმდება
Netflix-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ეტაპობრივად გააუქმებს თავის საბაზისო ურეკლამო სერვისს აშშ-სა და საფრანგეთში. ეს გადაწყვეტილება კომპანიის სარეკლამო ბიზნესის გაძლიერების სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს.
კომპანიამ უკვე გააუქმა საბაზისო ურეკლამო სერვისი დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. Netflix-ის მენეჯმენტის განცხადებით, ამან მეორე მეოთხედში რეკლამით მხარდაჭერილი სერვისების გამომწერების 34%-იან კვარტალურ ზრდას შეუწყო ხელი.
აღსანიშნავია, რომ რეკლამა გახდა უფრო მნიშვნელოვანი ბიზნეს მოდელი მედია კომპანიებისთვის, სტრიმინგ მომგებიანობის გასაზრდელად (ზოგიერთ შემთხვევაში, მისაღწევად). ბოლო კვარტლებში Netflix-ის აქციების ფასი გაიზარდა, რადგან კომპანია გამომწერების იაფ, რეკლამით მხარდაჭერილ სერვისებზე მოზიდვაზე ორიენტირდა და, ამასთან, მომხმარებლებს შორის პაროლების გაზიარების პრაქტიკა აკრძალა.
Netflix-ის წარმომადგენლების თქმით, კომპანიის პლატფორმაზე რეკლამების ინტეგრირებამ შეიძლება გაზარდოს შემოსავალი რეკლამის განმთავსებლებისგან და მოგება სტრიმინგ გიგანტის ბიზნესისთვის. ეს კი Netflix-ს საშუალებას მისცემს, მომხმარებლებს უფრო იაფი გამოწერის სერვისები შესთავაზოს.
თუმცა კომპანიის მენეჯმენტის თქმით, რეკლამით მხარდაჭერილი სერვისი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და Netflix-ში არ მოელიან, რომ ამ მიმართულებიდან მიღებული შემოსავალი 2024 ან 2025 წელს კომპანიის შემოსავლების ზრდის ძირითადი მამოძრავებელი იქნება.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Netflix-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალი $9.73 მილიარდს მიაღწევს, რაც მცირედით ჩამოუვარდება უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს. მთელი წლის განმავლობაში კი Netflix-ში ამ მაჩვენებლის 14%-15%-იან ზრდას მოელიან (წინა პროგნოზი — 13%-15%-იანი მატება).
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Netflix-ის აქციებს?
Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $643.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $673.89-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $800.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4.8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 36 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Netflix-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.