გუშინ ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა დაწყებული ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენლის კვარტალური ანგარიშით, დასრულებული აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით.
ASML-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და კომპანიის მენეჯმენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი ხელოვნური ინტელექტის (AI) მომავლის მიმართ. თუმცა ASML-ში მაინც მოელიან, რომ მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი, გასულ წელთან შედარებით, უცვლელი იქნება.
გუშინ ASML-ის აქციების ფასი თითქმის 13%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით არის გაუმჯობესებული.
გარდა ამისა, გუშინ ჩიპების მწარმოებელი გიგანტის — Nvidia-ს (NVDA) აქციების ფასი 6.6%-ით შემცირდა, Arm Holding-ის (ARM) — 9.6%-ით, ხოლო Micron Technology-ის (MU) — 6.2%-ით.
ASML-ის მენეჯმენტის პროგნოზი საკმარისად პოზიტიური არ არის
2024 წლის მეორე კვარტალში ASML-ის შემოსავალმა $6.24 მილიარდს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $6.06 მილიარდს. მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $4.01 შეადგინა (პროგნოზი — $3.72).
როდესაც კონკრეტული აქციების ფასი სწრაფად მატულობს, მათი გამომშვები კომპანიების მოლოდინებიც იზრდება. ASML არ არის გამონაკლისი და მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტლის შედეგები მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა, მენეჯმენტმა მთელი წლის შემოსავლის პროგნოზები არ გაზარდა. ინვესტორები კი ამით იმედგაცრუებულნი დარჩნენ.
Nvidia, Arm და Micron არ არიან ASML-ის კონკურენტები, მაგრამ ისინი მიწოდების ჯაჭვის ქვედა დონეს წარმოადგენენ და საბოლოოდ განაპირობებენ მოთხოვნას კომპანიის აღჭურვილობაზე. ჩიპების გამომშვები ამ ფირმების მიმართ მოლოდინები გაიზარდა და ASML არის პირველი კომპანია, რომელიც მიუთითებს, რომ შესაძლოა არ დაფიქსირდეს ის ფეთქებადი ზრდა, რომელსაც ინვესტორები მოელიან.
ამ ინდუსტრიის კომპანიების აქციების ფასები იმდენად მაღალ ნიშნულებამდეა ასული, რომ ასეთ სიახლეებსაც კი შეუძლია მათი ვარდნა გამოიწვიოს. AI-სთან დაკავშირებული აქციების საოცარი აღმასვლის გათვალისწინებით, ბაზარი სისუსტის ნებისმიერ ნიშანს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
ჩინეთი და ტაივანი კვლავ ეჭვების საფუძველს წარმოადგენს
ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შესაძლოა გააძლიეროს შეზღუდვები ჩინეთთან მომუშავე კომპანიებზე, მათ შორის ASML-სა და Nvidia-ზე. თეთრი სახლი ჩინეთში ნახევარგამტარული აღჭურვილობის ექსპორტზე შეზღუდვების გამკაცრებას განიხილავს.
გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი სახლი განიხილავს, დააწესოს უცხოური პირდაპირი პროდუქტის წესი (FDPR), რაც შეერთებულ შტატებს საშუალებას მისცემს, გააკონტროლოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმოებული პროდუქტები, რომლებიც თუნდაც მცირე რაოდენობით ამერიკულ ტექნოლოგიას იყენებს.
ეს შეიძლება გავრცელდეს ისეთი კომპანიების პროდუქტებზე, როგორიც არის, მაგალითად, ნიდერლანდების ASML, რომელმაც მეორე კვარტალში ჩინეთში გაყიდვებიდან თავისი შემოსავლის თითქმის ნახევარი მიიღო.
გარდა ამისა, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის მოქმედმა კანდიდატმა — დონალდ ტრამპმა Bloomberg Businessweek-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტაივანმა შეერთებულ შტატებს სამხედრო დაცვისთვის ფული უნდა გადაუხადოს. ეს აღძრავს ეჭვებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ ჩიპების ინდუსტრიაზე იმოქმედოს.
იმის ფონზე, რომ აშშ ცდილობს, ჩინეთს მოწინავე ნახევარგამტარების წარმოებაში ხელი შეუშალოს, ბევრი კომპანია, დიდი შემოსავლის გამომუშავებისთვის, კვლავ ამ ქვეყანას ეყრდნობა. თუ აშშ-ის მთავრობა დააწესებს ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც, მაგალითად, Nvidia-ზე, Arm-სა და Micron-ზე იქონიებს გავლენას, შეიძლება მათ პროდუქტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირდეს მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში AI-ის მიმართ ინტერესი იზრდება.
საბოლოოდ შეიძლება ჩინეთი იძულებული გახდეს, შექმნას საკუთარი ნახევარგამტარული ხელსაწყოები (რასაც ეს ქვეყანა უკვე აკეთებს) და ეს AI ჩიპების მწარმოებელი არსებული კომპანიებისთვის კონკურენციას გაზრდის.
ტაივანი, სადაც მსოფლიოს მოწინავე ჩიპების უმეტესი ნაწილი მზადდება, ამ კონფლიქტში ერთვება ჩინეთთან სიახლოვისა და ამ უკანასკნელის პრეტენზიის გამო თავად ტაივანზე. ჩიპების მწარმოებელი კომპანიებისთვის ეს ყველაფერი არახელსაყრელია და მათი აქციების მაღალი შეფასების გათვალისწინებით, ლოგიკურია, რომ ინვესტორები ახლა უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენენ.
დაძაბულობა გრძელდება
აშშ-ისა და ჩინეთს შორის დაძაბულობა გრძელდება და ამან ჩიპების ინდუსტრიით დაინტერესებული ინვესტორები არ უნდა გააკვირვოს. ვერ ვიტყვით, რომ უახლესი ამბები უფრო მეტ რისკს ავლენს, ვიდრე ინვესტორებისთვის ადრე იყო ცნობილი.
კომპანიებზე უფრო მეტი გავლენა ექნება მოთხოვნას ნახევარგამტარულ აღჭურვილობასა და ჩიპებზე AI ბუმის მომწიფების პარალელურად. ინვესტორები მოელიან, რომ როგორც 2024, ისე 2025 წელს Nvidia-ს შემოსავალი გაორმაგდება. ასევე მოსალოდნელია, რომ მიმდინარე ფისკალურ წელს Arm-ის შემოსავალი 25%-ით გაიზრდება, Micron-ის შემოსავალი კი წელს 62%-ით მოიმატებს, ხოლო 2025-ში — 52%-ით.
როგორც ვხედავთ, უკვე ძალიან მაღალი თამასებია დაწესებული და მათი ვერ გამართლების შესახებ ნებისმიერმა მითითებამ შეიძლება ამ კომპანიების აქციები დააზარალოს. გაურკვეველია, არის თუ არა ASML-ის სიფრთხილე იმის ნიშანი, რომ ინდუსტრია არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც მოსალოდნელი იყო. თუმცა ამის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ მომდევნო თვეში, როდესაც კვარტალურ შედეგებს ამ ინდუსტრიის წარმომადგენელი სხვა კომპანიები გამოაქვეყნებენ.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები ამ კომპანიების აქციებს?
ASML-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $932.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 4 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,129.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,202.00-ს, ხოლო მინიმალური — $1,000.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი ASML-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან ზრდას გულისხმობს.
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $118.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $140.85-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $90.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Arm Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $162.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $131.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Arm Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.7%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Micron Technology-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $120.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 27 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $169.08-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $225.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Micron Technology-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 41.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 27 ანალიტიკოსიდან 25-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.